ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

დღეს გვაქვს საბანკო მონოპოლია ლიბერთი ბანკის სახით და წამლის ოლიგოპოლია 3 კომპანიის სახით – ორივე ამას ასაზრდოებს სწორედ ,,ქართული ოცნება“ – გიორგი ვაშაძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მიმართა პრემიერ-მინისტ ირაკლი ღარიბაშვილს და მოუწოდა, რომ დაასრულოს უსამართლოდ მაღალი საპენსიო სესხის პროცენტი პენსიორებისთვის და გააიაფოს მედიკამენტების ღირებულება, რომლებზეც ფასნამატი შეადგენს 300-400%. ოპოზიციონერი ლიდერი, ასევე, მიმართავს პრემიერს, რომ როგორ გაკეთდეს ეს ყველაფერი – ერთ დღეშია ეს ყველაფერი გადასაწყვეტი და “თუ თქვენ არ იცით, მე შემიძლია მოვიდე და აგიხსნათ, მზად ვარ“:

,,დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თითქოს მას აღელვებს საპენსიო სესხის პროცენტი და წამლის ფასი. მე მინდა, მას მივმართო და ვუთხრა: წლებია უკვე ამაზე გესაუბრებით! უმარტივესი გადაწყვეტილება, რომელიც დაიხსნის უსამართლოდ ძვირი საპენსიო სესხისა და ძვირი წამლებისგან ხალხს – ეს არის დემონოპოლიზაცია. დიახ, დემონოპოლიზაცია! თქვენი ერთი გადაწყვეტილებით ბატონო ირაკლი, თქვენ შეგიძლიათ თავისუფალი არჩევანი მისცეთ პენსიონრებს და მინიმუმ 15%-ით გაიაფდება სესხის პროცენტი საპენსიო სესხებზე. ასევე, თქვენივე გადაწყვეტილებებით შეგიძლიათ მოხსნათ რეგულაციებიც წამლებზე და მყისიერად დაიწყებს წამლები გაიაფებას.

დღეს გვაქვს საბანკო მონოპოლია ლიბერთი ბანკის სახით და წამლის ოლიგოპოლია 3 კომპანიის სახით – ორივე ამას ასაზრდოებს სწორედ ,,ქართული ოცნება“. ვფიქრობ, რომ ისინი ამაში კარგად ხელს ითბობენ და სწორედ ამიტომ რეალურ ნაბიჯებს არ დგამენ!

არა ლაპარაკი, არამედ გადადით კონკრეტულ ქმედებებზე! – იმისთვის, რომ მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ პენსიონრებს გაუიაფდეს სესხი და ამისთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, გააუქმეთ ლიბერთი ბანკის მონოპოლია – ამით მოგვარდება ყველაფერი. მეორე, გააუქმეთ ის რეგულაციები, რომელიც ქმნის ოლიგოპოლიურ ბაზარს წამალზე და დიახ 300-400%-იანი ფასნამატით წამლები იყიდება. ხალხს დღეს უწევს თურქეთში გადასვლა იმისთვის, რომ უფრო ხარისხიანი წამალი უფრო იაფად შეიძინოს.

გამოსავალი მარტივია, აღარ უნდა ამას ლაპარაკი!
თუ თქვენ არ იცით, მე შემიძლია მოვიდე და აგიხსნათ, მზად ვარ! როგორ გაკეთდეს ეს ყველაფერი.
– ერთ დღეშია ეს ყველაფერი გადასაწყვეტი’’, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული