,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ტოვებს საპარლამენტო მანდატს და აცხადებს, რომ სრულად გადაერთვება ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში:
,,ქართული ოცნება“-ოლიგარქია უნდა ჩაბარდეს წარსულს. და უკვე გუშინვე მმართველმა პარტიამ თავად აღიარა, რომ ის ბარდება წარსულს. შეშინებულები, აცახცახებულები კარს მომდგარი დამარცხების წინაშე ,,ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ის გადაწყვეტილება გუშინ, რომელიც მიიღო. ეს არ ცვლის არანაირ გეგმებს ჩვენს დღის წესრიგში. აღარანაირი მნიშვნელობა, აღარანაირი ძალა არ აქვს ,,ქართული ოცნების“ სურვილს გამოვიდეს დაწესებული 43%-იანი ბარიერის ვალდებულებიდან.
ძალიან მოკლედ და კონკრეტულად მინდა გითხრათ, გუშინ ,,ქართულმა ოცნებამ“ დატოვა დასავლური სივრცე, პრაქტიკულად გუშინ აღიარა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი და გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. კიდევ უფრო მკაფიო გახდა თუ რასთან გვაქვს საქმე დღეს ჩვენ თანამედროვე საქართველოში.
მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის და უკვე დამარცხებული ,,ქართული ოცნების’’ გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. არანაირი სიტყვა არავინ უნდა დაძრას ბოიკოტთან დაკავშირებული, რომელიც მიმართულია არჩევნებთან. ეს არის ,,ქართული ოცნების“ ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს მმართველ პარტიას საგარეო კურსის ცვლილების დანასაულებრივ საქმეში.
მნიშვნელობა არ აქვს ,,ქართული ოცნება“ აღიარებს თუ არ აღიარებს 43%-იან პრინციპს. ჩვენ გავალთ ამ რეფერენდუმზე და დავამარცხებთ ,,ქართულ ოცნებას“, იგი იქნება იძულებული, რომ ჩაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
რაც შეეხება ახლა პარლამენტს: მოგეხსენებათ, ის თავყრილობა, რომელიც იმართება პარლამენტში დაცლილია ლეგიტიმაციისგან. მე პირადად, მთლიანად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს. რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ კი ეს პარლამენტი დაიშლება და ქართველი ხალხის მიერ არჩეული იქნება ახალი, ლეგიტიმური პარლამენტი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


