პარლამენტის ფრაქცია ,,შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ როგორც კი მმართველი ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებზე აიღებს რეფერენდუმით გათვალისწინებულ 43%-ზე ნაკლებს, საქართველოში დაინიშნება ვადამდელი არჩევენები:
,,ქართულმა ოცნებამ” საქართველოს მოსახლეობის 70%-ს, რომელიც აბსოლუტურად ყველა კვლევით, – პოზიტიურად ან ძალიან პოზიტიურად აფასებს შარლ მიშელის დოკუმენტს უთხრა, რომ უნდა გავიდეს ამ დოკუმენტიდან.
პირველ რიგში, ბატონ ირაკლის მინდა მივმართო: რას ნიშნავს უნდა გახვიდეთ?! ვის ჰკითხეთ, რომ უნდა გახვიდეთ?! – საქართველოს მოქალაქეებს ჰკითხეთ, ხელმომწერებს ჰკითხეთ ამ დოკუმენტის და ვინმესთან გქონდათ საუბარი?! თუ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს ჰკითხეთ, რომლებმაც გაიძულეს ხელი მოგეწერათ ამ დოკუმენტზე?!
დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ,,ქართულ ოცნებას” არ უნდოდა არანაირი შეთანხმების გაფორმება და ჩვენ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა პოლიტიკურმა ძალებმა ვაიძულეთ ისინი, წასულიყვნენ შეთანხმებაზე, რომელიც მნიშვნელოვანი არის საქართველოს განვითარებისთვის.
კიდევ ერთი მაინტერესებს, ბატონო ირაკლი, რის ანულირებას ახდენთ?! საქართველოს ევროპული გზის ანულირებას ახდენთ ევროპული ინტეგრაციის გზის? თუ ნატოში ინტეგრაციის გზის? შეგახსენებთ, რომ NATO-ს კომუნიკეში არის მოხსენიებული შარლ მიშელის დოკუმენტი.
ახლა მინდა მივმართო ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, პირადად მინდა მივმართო აშშ-სა და ევროკავშირის ელჩს: მეგობრებო, როცა ჩვენ ამ დოკუმენტზე ვაწერდით ხელს მთავარი გარანტია ამ დოკუმენტის შესრულების იყო თქვენი მონაწილეობა. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ,,ქართულ ოცნებას” არ ვენდობოდით. იმიტომ, რომ ისინი ჩვეულებრივი თაღლითები არიან და დღესაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს საკუთარი თაღლითობა, მაგრამ სწორედ თქვენი უშუალო მხარდაჭერისა და გარანტიების ქვეშ ჩვენ მოვაწერეთ ამ დოკუმენტს ხელი. ამიტომ დადგა დრო კონკრეტული აღსრულების მექანიზმები იქნას გამოყენებული ,,ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში, რომ დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს და ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც სექტემბერში პირველი მოსმენით უნდა იქნას მიღებული, ასევე 43%-იანი რეფერენდუმის საკითხი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად უნდა გაიმართოს.
დღეს ,,ქართულ ოცნებას” ძალიან ეშინია 43%-ის იმიტომ, რომ ხედავს დღითიდღე კარგავს მხარდაჭერას და რა მოგვიყვა დღეს? ისევ გვესაუბრება ორპოლუსიანობაზე, ისევ საბაბად იხვევს, რომ ვიღაცამ თურმე ხელი არ მოაწერა ამ დოკუმენტს, ვინც ხელი მოაწერა ოპოზიციიდან ისინი მხოლოდ 10%-ია. ბატონო ირაკლი, ეს ჯერ არის 10%, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველას მობეზრდა და ყელში ამოუვიდა თქვენს მიერ ხელოვნურად შექმნილი ორპოლუსიანობა და აუცილებლად გაცილებით მეტი იქნება ეს 10%, 20%-ც იქნება, 30%-ც და ხელისუფლებიდანაც გაგისტუმრებთ.
ნამდვილად არ იქნება ორპოლუსიანი საქართველო! საქართველო არ არის თეთრი და შავი! საქართველო არის, დიახ, ძალიან მრავალფეროვანი თავისი შინაარსით, ინტერესით, პოლიტიკური პარტიებით!
ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ:
თქვენ დაუბრუნდეთ შარლ მიშელის დოკუმენტს;
43%-ზე ნაკლები აიღოთ თქვენ თვითმმართველობის არჩევნებზე;
ორპოლუსიანობა, რომელსაც თქვენ ხელოვნურად ქმნით და გინდათ საზოგადოება შუაზე გახლიჩოთ, პარტიული მიკუთვნილეობის კუთხით, დავამთავროთ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში და ნამდვილად არ დაგითმობთ ამ ქვეყანას საჯიჯგნად.
ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე, რაც ნიშნავს, რომ ვიმუშავებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებთან.
ჩემო ძვირფასებო, მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს მხარდამჭერებს, პირველ რიგში, და, რა თქმა უნდა, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც გულშემატკივრობდა ამ შეთანხმებას და იმ 70%-ს მაინც, ვინც თვლის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი იყო დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენზე დღეს თქვეს, რომ არაფერს გეკითხებიან და საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით იღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ ჩვენი ერთიანობით. უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე, ხელოვნურად შექმნილ კომფრონტაციულ გარემოზე, რომელსაც ქმნის ,,ქართული ოცნება” და მაქსიმალური მობილიზებით ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შევასრულებინოთ ნაკისრი ვალდებულებები და არანაირი დოკუმენტის ანულირების უფლება არ მივცეთ.
43%-ზე ნაკლებს როგორც კი აიღებს ,,ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებში, საქართველოში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ყურით მოგიყვანეს და მოგაწერინეს ხელი შარლ მიშელის შეთანხმებაზე. ბატონ კობახიძეს მივმართავ, ასევე, თქვენივე ხელით მოგაწერინებენ ხელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


