,, სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ქვეყნის ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები საუბრობენ ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებაზე, ხოლო ევროკავშირი მაკროფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, თუ არ გამოსწორდა მართლმსაჯულების სისტემა. მისივე თქმით, მმართველ პარტიას ძალადობის გარდა არანაირი მექანიზმი არ გააჩნია ხელისუფლების შესანარჩუნებლად და ,,სწორედ ამიტომ არიან გავეშებულები”:
,,შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების მექანიზმა მოქმედება დაიწყო! როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი პარტნიორები პირდაპირ საუბრობენ კონკრეტულ სანქციებზე, რომლებიც დაეწესება საქართველოს ხელისუფლებას იმისათვის, რომ არღვევენ ყველა შეთანხმებას.
ორი მნიშვნელოვანი საკითხი რის გამოც სანქციები განიხილება:
1. ეს არის მართლმსაჯულების კლანისთვის გადაფორმება – მართული კლანის ხელში ჩაგდება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა;
2. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობა, რაც არის საფუძველი სანქციების განხილვის.
ევროკავშირი პირდაპირ საუბრობს მაკროფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე საქართველოსთვის, თუ არ გასწორდა მართლმსაჯულება. ხოლო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, მიგვანიშნებს, რომ თუ ,,ქართული ოცნება” გააგრძელებს ძალადობას სახელმწიფოში, ძალადობას ჟურნალისტებზე, საქართველოს მოქალაქეებზე თუ ოპონენტებზე, მაშინ დაიწყება პერსონალური სანქციების განხილვა ამერიკის მხრიდან. ოღონდ, ასევე მიგვითითებენ, რომ სანქციები წინასწარ კი არ იქნება გაცხადებული, ვის რა დაუწესდება – კონკრეტულად გვეუბნებიან, წინასწარ ყოველგვარი შეთანხმებებისა და საუბრების გარეშე, შეიძლება გამოცხადდეს ეს სანქციები, როგორც ეს ხდება სხვა ქვეყნებში.
ამიტომ, მივმართავ ,,ქართულ ოცნებას”: არავინ არ მოგცემთ თქვენ უფლებას, წაგვართვათ დემოკრატია ქვეყანაში! არავინ არ გაგიფორმებთ თქვენ ძალადობის უფლებებას!
მთელი ცივილიზებული სამყარო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან ჟურნალისტების გვერდით, არიან იმ ადამიანების გვერდით, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის და არავინ მოგცემთ უფლებას, მართლმსაჯულება კლანს, თქვენ მიერ მართულ კლანს ერთხელ და სამუდამოდ გაუფორმოთ!
გვაქვს ძალიან ბევრი კონტაქტი და კოორდინაცია ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას: ვიყოთ ერთიანები ამ პრინციპულ საკითხებში.
პოლიტიკურად შეიძლება განსაკუთრებული შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ დღეს, ისე როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანი ხმა გავაგონოთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს.
,,ქართული ოცნება” აუცილებლად ძალიან მძიმედ დაასრულებს იმიტომ, რომ მას, როგორც ჩანს, ძალადობის მეტი ხელისუფლების შენარჩუნების არანაირი გზა აღარ აქვს დარჩენილი, რადგან იციან, რომ იგივე შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ 43%-ს ისინი ოქტომბერში ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აგროვებენ.
სწორედ ამიტომ არიან გავეშებულები, ძალადობენ ჟურნალისტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე – პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაზე არიან გადასულები, ძალადობენ ხალხზე, ფსიქოლოგიურად ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე, ბოიკოტებს უცხადებენ ქართულ მედია საშუალებებს და ყოფენ/ხლეჩენ საზოგადოებას ,,ამნაირებად” და ,,იმნაირებად”.
საქართველო არის ერთიანი! ქართველი ხალხი არის ერთიანი და ამ ერთიანობას ელოდება ჩვენი დასავლელი პარტნიორები!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


