პარასკევი, მაისი 3, 2024

“ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას, ახლა სიმშვიდის დროა, უნდა დავწყნარდეთ” – თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა 5 ივლისის მძიმე შედეგების შეფასებისას აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა ისეთი განცხადება, როგორიც ეკადრებოდა ნამდვილ ლიდერს, ხოლო ლგბტ თემმა არ გაიზიარა მთავრობის რჩევა:

,,5 ივლისის პრემიერის განცხადება გაქვთ, ბოდიში ამ სიტყვისთვის, -ამოჩემებული. სწორედ ტელევიზიები ამას ასაღებთ ისე, თითქოს პრემიერმა როდისმე ძალადობა მოიწონა ან ძალადობა წაახალისა.

პირიქით, სწორედ მთავრობის იმ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც უნდა ეთქვა ყველა ლიდერს, რომ თავი შევიკავოთ ამა და ამ ადგილზე, კონკრეტულად საუბარი იყო რუსთაველის გამზირზე, შეკრებისაგან და ამით მან მიმართა თავის დროზე 5 ივლისს ლგბტ თემს. ძალიან სამწუხაროა, რომ ლგბტ თემმა არ გაითვალისწინა ქვეყნის ლიდერის ეს მოწოდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მათი ინტერესებიდან იყო გამომდინარე. უფრო მეტიც, მთავრობამ და მისმა მეთაურმა მაშინ შესთავაზა ლგბტ თემს, რომ თავიანთი გამოხატვის თავისუფლება კი არ გადაედოთ გვერდზე, არამედ ეს შეკრება ჩაეტარებინათ სხვაგან.

მე მესმის, რომ თქვენ, ზოგიერთ მედიას და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა მთავარი მიზანიც არის პროვოკაციების კასკადი, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება, მე ვვარაუდობ პირადად, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მათ ეს არ მოეწონათ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ლგბტ თემმა, სამწუხაროდ, პრემიერის მაშინდელი განცხადება არ გაიზიარა.

ასევე, მე ძალიან მინდა გთხოვოთ, ვიცი რა როგორ მუშაობს პოლიცია – ჩემი წინა მინისტრის მანდატიდან გამომდინარე, ქართული პოლიციის შესაძლებლობები არ გახლავთ ამოუწურავი, ამიტომ პოლიცია და შსს მინისტრი, როდესაც გვაძლევს რჩევას, რომ გამოხატვის თავისუფლება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას – ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და ეს უნდა გავიგონოთ ხოლმე.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ლგბტ თემს სურდა კიდეც, ალბათ, ამის მოსმენა და გაზიარება, მაგრამ არ გსურდათ თქვენ, ჟურნალისტებს და იმ პოლიტიკურ ლეშიჭამია ძალებს, რომლებსაც სურდათ ეს პროვოკაცია.

ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას, ახლა სიმშვიდის დროა, უნდა დავწყნარდეთ. მორიგჯერ ნუ გამოიყენებთ ამ უბედურებას, ოპერატორის გარდაცვალებას, პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული