პარასკევი, აპრილი 26, 2024

“5 ივლისს, მთავრობის სხდომაზე მე წინასწარ განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ძალიან დიდი, მასშტაბური პროვოკაცია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს, მთავრობის სხდომის დასაწყისში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასებები და განმარტებები გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მომხდარში ისევ სააკაშვილი და რადიკალური ჯგუფები დაადანაშაულა:

მოგეხსენებათ, 5 ივლისს, მთავრობის სხდომაზე მე წინასწარ განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ძალიან დიდი, მასშტაბური პროვოკაცია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ.

მე კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული, რადიკალური შეთქმულების უკან დგას, ეს არის ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი.

კითხვები დაისვა, თუ რა კავშირი ჰქონდა მაგალითად ლგბტ თემს და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან. აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ორგანიზაცია „სირცხვილია”, რომელიც აბსოლუტურად სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი, მეგობრებო. ასევე მინდა გითხრათ, რომ იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რაშიც უნდა მომხდარიყო საპოლიციო ჯარების ჩართულობა და მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს გამოეყენებინა ძალა საკუთარი ხალხის და მოქალაქეების წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ეს თავიდან ავიცილეთ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და ეს არ დავუშვით. რაც მოხდა, კიდევ ვიმეორებ, არის ძალიან ცუდი და სამწუხარო, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ ძალადობა ხდება ყველგან და ყველა ქვეყანაში.

ჩვენს ქვეყანაში, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ეს რისკები წინასწარ შევაფასეთ, ვთქვით, რომ ეს არის დაუშვებელი. ჩვენ მათ, ლგბტ საზოგადოებას წინასწარ ვუთხარით, ასევე, ჩვენს პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რომ ამ ე.წ აღლუმის რუსთაველის გამზირზე ჩატარება შეიცავდა პროვოკაციულ ხასიათს და ამის ჩატარება იყო დაუშვებელი. სახელმწიფოში, სადაც, ბუნებრივია, ხდება ძალადობაც, დანაშაულიც და კრიმინალიც, არ შეიძლება ამის განზოგადება. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ქაოსი და უწესრიგობა.

მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, მე გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი. არ მინდა სპეკულაციებზე საუბარი. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმ ვერსიაზე, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული აგრესიული პირები, რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე გააკეთეს მიზანმიმართული შეტევა. ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

არსებობს ვერსია, რომ, შესაძლოა, აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს ასევე რევანშისტული, რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს და არავის დაავიწყდება ამ ქვეყანაში, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას. როდესაც ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული