საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ,,სტრატეგია აღმაშნებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განცხადება გააკეთა 21 ივნისს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის შემდეგ ,,ქართული ოცნების“ დეპუტატების კომენტარზე – ვაშაძის კანონს მხარი არ დავუჭირეთ და აღნიშნავს, რომ ეს არის პენსიონერების პროექტი და არა ვაშაძის. აქვე ოპოზიციონერი ლიდერი პენსიორებს მოუწოდებს, ხუთშაბათს ,,ლიბერთი“ ბანკთან აქციაზე გამოსასვლელად:
,,გუშინ, ჩვენ გამოვიტანეთ საპენსიო კანონი და ძალიან ვწუხვარ, რომ ბედნიერი იყო ,,ქართული ოცნების“ დეპუტაცია, მხარი არ დავუჭირეთ ვაშაძის კანონსო.
ვაშაძის კანონი კი არ არის ის ჩემო კარგებო, ბატონო ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო, ეს არის პენსიონრების კანონი, რომ ძარცვა გაჩერდეს ლიბერთი ბანკის მხრიდან! თქვენ გუშინ მხარის არ დაჭერით, გააგრძელეთ ძარცვის პროცესი.
ისევე, როგორც სამარშუტო ტაქსების მეიჯარეები მშიერი დატოვეთ; მძღოლებს 1500 ლარიდან 800 ლარამდე ხელფასი შეუმცირეთ და 700 ლარმა თქვენს ჯიბეში გადაინაცვლა იმ კომპანიის მეშვეობით; ისე, როგორც ჭიათურის მაცხოვრებლებს პირის ამოკერვა უწევთ იმისთვის, რომ ელემენტარული ზიანი აუნაზღაურდეთ; ისე, როგორც ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება აქ!
თქვენ გახდით ჩვეულებრივი მჩაგვრელები და ჩაგრავთ საქართველოს მოქალაქეებს! ყოველთვის თქვენი მტერი ვიქნები, სანამ ამ ჩაგვრას გააგრძელებთ საქართველოში!
მე პირობას ვაძლევ საქართველოს მოქალაქეებს – არც ერთ საქმეს არ მივატოვებთ შუა გზაში. ყველა ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. პენსიონერებსაც გაუიაფდებათ სესხის პროცენტი. აუცილებლად, სამარშუტო ტაქსებზე სამართლიანობა აღდგება. ადამიანებმა, რომლებმაც ეს სამარშუტო ტაქსები განავითარეს, დაბრუნდებიან აქ!
რაც მთავარია, პენსიონრებს მინდა ვუთხრა: ხუთშაბათს 18:00 საათზე ,,ლიბერთი ბანკთან“ აქციაზე ვიკრიბებით. ვაჩვენოთ ამ ადამიანებს, რომ ამათი არ არის ქვეყანა!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე