ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“მარტოხელა მშობლობა საქართველოში დიდ სირთულეებთან და გამოწვევებთანაა დაკავშირებული” – თეონა ჭალიძე

მარტოხელა მშობლებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმასპინძლეს ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა გიორგი ვაშაძემ და თეონა აქუბარდიამ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ღონისძიების ორგანიზატორი და ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე. აღნიშნულ შეხვედრაზე ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს:

,,მარტოხელა მშობლობა საქართველოში დიდ სირთულეებთან და გამოწვევებთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა ნამდვილად აკლიათ მარტოხელა მშობლებს, რომელთა დიდი უმრავლესობა მარტოხელა დედაა.

მარტოხელა მშობლის სტატუსი 2015 წელს განისაზღვრა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტატუსი, ამ ეტაპზე, არ ენიჭებათ ქვრივებს, ასევე პირებს, რომლებიც ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები არიან და მარტო ზრუნავენ შვილების აღზრდაზე. ცენტრალური ხელისუფლების დონეზე რაიმე შეღავათები არაა დაწესებული მარტოხელა მშობლებისთვის, მხოლოდ საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია რომ ,,მარტოხელა დედას“ რომლის წლიური შემოსავალი 3000 ლარამდეა, საშემოსავლოს სახით 20% არ დაებეგრება. ეს ჩანაწერიც არის დისკრიმინაციული და შესაცვლელი. თვითონ შეღავათი კი ზღვაში წვეთია.

ჩვენი შეხვედრის მიზანი მარტოხელა მშობლებთან იყო ის, რომ მარტოხელა მშობლების ხმაც გაისმას პარლამენტში და მათი საჭიროებების გათვალისწინება და პრობლემების მოგვარება დადგეს დღის წესრიგში. ჩვენი გუნდი შეიმუშავებს დასაწყისისთვის მინიმალური სოციალური პაკეტის ფორმას და მოახდენს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას. სამომავლოდ კი აუცილებელია ვიზრუნოთ გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელსაც შესაძლებლობა ექნება მიიღოს მარტოხელა მშობლის სტატუსი.

ამ მიმართულებით მოსაზრებების გაზიარების მსურველებს ვთხოვ შეგვეხმიანონ ტელეფონზე  – 591051601“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული