“ამნისტიის შესახებ” კანონის გავრცელება მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, რომლებმაც არსებითად შელახეს 2019 წლის 19-20 ივნისის დემონსტრაციის მონაწილეთა კონსტიტუციური და კონვენციური უფლებები, გაუმართლებელია როგორც მორალური, ასევე ფუნდამენტური სამართლებრივი გადმოსახედიდა – GDI

31

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმიანება ამნისტიასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებას, შესაბამის განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა ამნისტიით პასუხისმგებლობისგან ან/და სასჯელისგან ახლა ან მომავალში გათავისუფლება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს არსს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის იდეას:

GDI ეხმიანება 2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებაზე ამნისტიის გავრცელების პერსპექტივას და მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა ამნისტიით პასუხისმგებლობისგან ან/და სასჯელისგან ახლა ან მომავალში გათავისუფლება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს არსს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის იდეას.

ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული და მათი უმეტესობის მიერ ხელმოწერილი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტის – „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ – უპირველესი მიზანი არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციიდან მომდინარე ნეგატიური შედეგების შემცირებაა. თუმცა, მწვავე საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსიისა თუ კრიტიკის საგანი გახდა ამ დოკუმენტის ის ჩანაწერი, რომელიც ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას ეხება. კერძოდ, ამნისტიის გავრცელების ინტერპრეტაციას სახელმწიფოს იმ წარმომადგენლებზე, რომლებმაც 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ უფლებამოსილებას გადაამეტეს, არაპროპორციული ძალა გამოიყენეს ან/და ადამიანთა კონსტიტუციური და კონვენციური უფლებები არსებითად შელახეს.

GDI-ს პოზიცია ეფუძნება ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებით განმსჭვალული სახელმწიფოს იდეას, რომლის პირველადი ფუნქცია, დოგმატური ბაზისი და მოქმედების პრინციპი ადამიანის ფუნდამენტური, ბუნებითი და განუყოფელი უფლებებისა და თავისუფლების დაცვაა, ხოლო ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტი, პოლიტიკური ძალა თუ პოლიტიკური პროცესი უნდა წარმოადგენდეს აღნიშნული მიზნის რეალიზების ინსტრუმენტს.

პოლიტიკური შეთანხმების სახელით ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს გარდა პოლიტიკურისა, მორალურ-სამართლებრივი განზომილებაც გააჩნია და მისი მიზანშეწონილობაც ყველა ამ პერსპექტივიდან უნდა შეფასდეს. შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, „ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება“

შეთანხმების ზემოთ ციტირებული კომპონენტის საკანონმდებლო დონეზე ინტერპრეტაციის რამდენიმე ალტერნატივა იკვეთება: 1. ამნისტია გავრცელდეს მხოლოდ დემონსტრაციის მონაწილეებზე 2. ამნისტია გავრცელდეს როგორც დემონსტრაციის მონაწილეებზე, ასევე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ სამართალდამცავებზე 3. ამნისტია გავრცელდეს დემონსტრაციის მონაწილეებსა და ყველა, როგორც ამჟამად უკვე ბრალდებულ, ასევე მომავალში შესაძლო ბრალდებულ, 19-21 ივნისს მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედ სამართალდამცავზე/სახელმწიფოს წარმომადგენელზე (დათქმით, რომ ამნისტია არ შეეხება კონვენციურ და იმ დანაშაულებს რომელთაც შედეგად ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე დაზიანება მოჰყვა).

GDI-ს მიაჩნია, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონი ხარვეზიანი იქნება როგორც ფორმალური კანონიერების, ასევე ფუნდამენტური სამართლებრივი გადმოსახედიდან, თუმცა, მეორესმხრივ, ანგარიშგასაწევია შეთანხმების დოკუმენტის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი, კერძოდ, ის გარემოება, რომ ამნისტია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის, დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის ერთიანი სქემის შემადგენელ ნაწილიად იქცა.

ამნისტიის ფორმალური კანონიერების მოთხოვნებთან შეუსაბამობა ნორმატიულ დონეზე ჩანს იმაში, რომ იგი წინასწარ ინდივიდუალურად განსაზღვრულ პირთა წრეს მიემართება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ამნისტიას აცხადებს საქართველოს პარლამენტი ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ.“

ფორმალური კანონიერების მოთხოვნათა დაცვა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური ფუნქციური მახასიათებელია, თუმცა იგი წარმოადგენს არა თვითმიზანს, არამედ საშუალებას იმისთვის, რომ პირთა უფლებები და თავისუფლებები დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობდეს. მიუხედავად ამისა, არსებობს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც ფორმალური კანონიერების მოთხოვნებისთვის გვერდის ავლა აუცილებელია პოლიტიკური და სოციალური კრიზისების დასაძლევად, რომელთა მასშტაბურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანად ფუნქციონირების საკითხს და, ამდენად, გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის საფრთხეს, რომ პირთა კონსტიტუციური უფლებები არ იქნება რეალიზებული. ამდენად, პოლიტიკური ნება, რომელიც, მიუხედავად ფორმალური კანონიერების პრობლემურობისა, პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სულისკვეთებით არის გაცხადებული, ცალკეულ შემთხვევებში, ფუნდამენტური სამართლებრივი და მორალური გადმოსახედიდან შესაძლოა გამართლებული იყოს.

არსებითად განსხვავებულია ვითარება, როდესაც ამა თუ იმ ნორმატიულ აქტში რეგლამენტირებული პოლიტიკური ნება, ადამიანის კონვენციური და კონსტიტუციური უფლებების და სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევას თავის თავშივე მოიაზრებს. ასეთ შემთხვევაში შესაფასებელია, რამდენად გადაწონის ამნისტიის პოლიტიკური მიზანშეწონილობა, ადამიანის უფლებების დაცვის სიკეთეს.

„ამნისტიის შესახებ“ კანონის გავრცელება მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედ სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, რომლებმაც არსებითად შელახეს 2019 წლის 19-20 ივნისის დემონსტრაციის მონაწილეთა კონსტიტუციური და კონვენციური უფლებები, გაუმართლებელია როგორც მორალური, ასევე ფუნდამენტური სამართლებრივი გადმოსახედიდან, ვინაიდან მსგავს ქმედებაში ვლინდება სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნება – პოლიტიკურ მხარედ წარმოაჩინოს სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები და სათანადო რეაგირების მიღმა დატოვოს მათ მიერ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განზრახ უხეში დარღვევის ფაქტები. მაშინ, როდესაც მათი დასჯა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.

იმ პირობებში, როდესაც არსებობს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ძალებს შორის დადებული პოლიტიკური შეთანხმების ადამიანის უფლებების სასარგებლოდ ინტერპრეტაციის რესურსი და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მხოლოდ დემონსტრაციის მონაწილეებზე გავრცელების შესაძლებლობა, ავტორები კარგად უნდა იაზრებდნენ, ამნისტიის სახელმწიფოს სამართალდამრღვევ წარმომადგენლებზე გავრცელებიდან მომდინარე ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობას,” – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები