შაბათი, აპრილი 20, 2024

საქართველოს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე, 166-ე და 173-ე მუხლებში ცვლილებები შეიტანა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.

კანონპროექტის ინიციატორებს ინტენსიური დისკუსია გვქონდა. ბატონ ლევან იოსელიანის შემოთავაზებას, რომელიც უკავშირდებოდა 24+24 საათი, ვიზიარებთ. შევქმნათ კიდევ ერთი პრეცედენტი მმართველ პარტიასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის თანამშრომლობისა და იდეების გაზიარებისთვის, ეს არ არის არანაირი კომპლექსი, ეს არის საპარლამენტო თანაცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ამიტომ თანახმა ვარ, გავიზიარო ლევან იოსელიანის შენიშვნა, რომ იყოს არა მაქსიმუმ 48 საათი, არამედ იყოს 24 საათი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტით დგინდება, რომ ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს.

მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ეს ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს გახანგრძლივებული ვადის მიზანშეწონილობას. სწორედ ეს შემოთავაზება იყო ბატონი ლევანის მხრიდან. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვენს კანონპროქტთან დაკავშირებით. განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა ოპოზიციის წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა.

ეს არის პოლიტიკური თემა და არა მუხლებით და პუნქტებით სასაუბრო. განმარტებით ბარათში ერთადერთ დასაბუთებად გიწერიათ, რომ თურმე ბოლო წლების განმავლობაში მოიმატა პროტესტმა და სამართალდარღვევების ფორმას იძენს და ამიტომ უნდა გაიზარდოს ჯარიმები. ხომ არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებაში პროტესტი რომ იმატებს, ეს იმის გამო ხდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩააფლავა ეკონომიკის, მართლმსაჯულების, სოციალური პოლიტიკის და ბევრი სხვა რეფორმა და ადამიანებს უჩნდებათ პროტესტი. მართლა გჯერათ, რომ მუხლებით შეაჩერებთ საზოგადოების პროტესტს, რომელიც ძალიან ლეგიტიმურ ნიადაგზე წარმოიშვება? ამის მართლა გჯერათ? ეს არის 1984 წელს მიღებული კოდექსი, რომელშიც ცდილობთ კიდევ ერთხელ შეიტანოთ ცვლილებები, რომელიც ახშობს პროტესტის უფლებას. ვერ დააშინებთ ადამიანებს ვერც მომატებული ჯარიმით, ვერც ციხით და უფრო მეტ პროტესტს მიიღებთ. სამარცხვინოა, რომ ამას ცდილობთ ღამით, „კომენდანტის საათის“ დროს, ჩუმად და ადამიანებს თავისი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობას არ აძლევთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილს მომხსენებელმა, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა.

გმადლობთ კრიტიკისათვის, შენიშვნისთვის. სწორედ ეს სჭირდება პარლამენტს და საზოგადოებას და არა ის, ქუჩა-ქუჩა რომ დადიან და ვერ გარკვეულან, რისთვის დადიან და რა უნდათ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან ასევე უპასუხა ოპოზიციონერ დეპუტატს ანა ბუჩუკურს.

თქვენი გუნდის შს სამინისტროში მუშაობის დროს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა მთელი რიგი მიმართულებებით გამკაცრდა“, – აღნიშნა მომხსენებელმა. ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, როდის იყო ბუჩუკური მართალი, როცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები გამკაცრდებოდა თუ – ახლა.

ოპოზიციის წარმომადგენლის ალექსანდრე ელისაშვილის მოსაზრებით, ამ კანონპროექტის ამ ეტაპზე შემოტანა „არის გამაღიზიანებელი იდეა, ნავთის დასხმა ძლივს ჩამქრალი ხანძრისთვის და სულისკვეთების აბსოლუტურად საწინააღმდეგო“.

მისი განცხადებით, აღნიშნული იდეის შემოტანა მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საწინააღმდეგოა.

მან ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მიმართა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ გუშინ პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენას არ დაესწრნენ.

მოვიდა ჯანდაცვის მინისტრი და ის კოლეგები, რომლებიც იყვნენ სხდომაზე მოსულები, თურმე მათ არ აინტერესებთ ეს კორონავირუსი. როგორც ჩანს, კმაყოფილები ხართ თქვენ ჯანდაცვის სამინისტროსი. რატომ სხედხართ მაშინ ოპოზიციაში? ეს არაფერი, ხომ ნახეთ, ხომ მოისმინეთ, რაზე იყო პლენარულ სხდომაზე განხილვა, ხომ ნახეთ ჩვენი კრიტიკული პოზიცია? ხომ დაინახეთ საფრთხები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ადამიანი 12 საათის ნაცვლად 48 საათი გამოამწყვდიონ. არ დაინტერესდით საღამოს კომიტეტი რომ ჩაინიშნა ავდგე და წავიდეო? რატომ არ დაინტერესდით? რატომ არ მოხვედით? რატომ უწევდა ლევანს მარტო ბრძოლა იმისთვის, რომ 48 საათი 24 საათი გამხდარიყო. ამის შემდეგ გამოვლენ და დერეფნებში მისცემენ კომენტარებს ან დღეს საღამოს ჩამოივლიან სტუდი-სტუდია და აქეთ კიდევ ჩვენ დაგვიწყებენ კრიტიკას, რომ თურმე როლები გვქონია გადანაწილებული. აქ არის საუბარი პასუხისმგებლობაზე და უპასუხისმგებლობაზე, ხალხის ბედის განცდაზე და განუცდელობაზე, ქვეყნის სიყვარულზე და ქვეყნის სიძულვილზე. იმ დროს, როცა ჯანდაცვის მინისტრი უნდა გაგვეწურა და კრიტიკის ქარცეცხლში გაგვეტარებინა ერთ-ერთ პარტიაში იყავით შეკრებილები და საუბრობდით მერობის არჩევნებზე ვინ ვის დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია ჭიქაში ქარიშხალს ჰგავს.

კრიტიკულ განცხადებებში ბევრი ტყუილი იყო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინიციატივა გულისხმობდა 48 საათს ან 24 საათს მაინცა და მაინც ასე აღებულს, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა. სინამდვილეში 48 საათი იყო ჩამკეტი ნორმა, ჩამკეტი ნორმაა 24 საათი და წერია „არაუმეტეს“. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ რაც აქამდე არ არსებობდა, ინიციატივაში ნათქვამია „პირველივე შესაძლებლობისთანავე“. ეს არის ინიციატივის არსი და ამ თვალსაზრისით უმჯობესდება საკანონმდებლო დანაწესი, ის სრულ თავსებადობაშია კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტთან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უმრავლესობის წარმომადგენელს, რატი იონათამიშვილს მიაჩნია, რომ კანონპროექტის კრიტიკის დროს არაკომპეტენტურობა წარმოჩნდა და კურიოზული სიტუაციაა, რადგან მიმდინარეობს ერთი კანონპროექტის განხილვა და ანა ნაცვლიშვილი აბსოლუტურად სხვა კანონზე საუბრობდა.

კანონპროექტის 247-ე მუხლი საერთოდ არ გულისხმობს სანქციებს. ქალბატონი ანა კი გველაპარაკებოდა სანქციებზე. ძალიან უხერხულია მსგავსი კურიოზების დაშვება საქართველოს პარლამენტში და მეტი მომზადებაა საჭირო“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღესვე განიხილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი სხვა ცვლილებებიც. როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

აქაც იყო შენიშვნა, მინიმალური ვადა რამდენად სწორად არის შერჩეული და ხომ არ გვეფიქრა ადმინისტრაციული პატიმრობის დაკლებაზე. შეგვიძლია კორექტირება მოვახდინოთ ამ საკითხის და გთავაზობთ, რომ მეორე ნაწილში ჩავწეროთ ჯარიმა 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა, ნაცვლად 7 დღისა, მინიმალური 5 დღით. ანუ 5 დღიდან 15 დღემდე.

რაც შეეხება 173-ე მუხლს, აქაც იყო წუხილი სახდელის ოდენობასთან დაკავშირებით,ჯარიმის ოდენობას, გთავაზობთ, რომ იგივე დავტოვოთ, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში , ხოლო პატიმრობას რაც შეეხება, აქამდე იყო 10 დღიდან 15 დღემდე და დავწიოთ 7 დღიდან 15 დღემდე, ესეც ჯდება პროპორცულობისა და რაციონალურობის ფარგლებში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფრაქციის გარეშე მყოფი დეპუტატის დავით ზილფიმიანის განცხადებით, 80-აინ წლებში ტერმინში წვრილმანი ხულიგნობის დეფინიცია სხვაგვარი იყო და არ შეიძლება ერთნარად დაისაჯოს სხვადასხვა სიმძიმის ყველა ის ქმედება, რომელიც დღეს წვრილმან ხულიგნობადაა მიჩნეული.

საჭიროა წვრილმანი ხულიგნობის დეფინიცია ზუსტად განისაზღვროს“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ოპოზიციის წარმომადგენლის ლევან იოსელიანის თქმით, კანონპროექტით შემოთავაზებული საჯარიმო სანქციები არ არის სწორ მიმართებაში მოქალაქეების შემოსავალთან.
ჯარიმების გზარდა არ არის სწორი გადაწყვეტილება. ამიტომ ამ ვარიანტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ღირსება იმაშია, რომ პატივს სცემს ოპონენტების აზრს.

ჩვენი საარჩევნო პროგრამის ნაწილია, რომ ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირებაზე, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც შეძლებს ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებას და ყველას გვექნება შესაძლებლობა ამ პროცესში ჩართვისა და მონაწილეობის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღესვე აღნიშნული კანონპროექტები, დაჩქარებული წესის შესაბამისად, მესამე მოსმენით განიხილეს და მიიღეს.

 

ინფორმაციისთვის:
28 მაპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილების თაობაზე ორი კანონპროექტი მეორე მოსმენისთვის განიხილა.

პირველი კანონპროექტით, ცვლილება შედის კოდექსის 247-ე მუხლში და დგინდება, რომ ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა, წარედგინება სასამართლოს.

თუ დაკავებული პირი ამ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სასამართლოში წარდგენამდე, დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება უზრუნველყოფს პირის დაკავებისა და სასამართლოში წარდგენის ერთნაირი ვადის დადგენას და, ამდენად, თანასწორ მოპყრობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირთა ჯგუფების მიმართ.

კანონი ამოქმედდება 2021 წლის 1 ივნისიდან.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მეორე კანონპროექტით კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ახალი რედაქციით ყალიბდება, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა – სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამჟამად მოქმედი 166-ე მუხლის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა იწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე კოდექსის ამჟამად მოქმედი 173-ე მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) იწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამჟამად მოქმედი 166-ე და 173-ე მუხლები მხოლოდ ერთი ნაწილისგან შედგება.

შესაბამისად, ამჟამად ერთნაირი ზომის სახდელებია გათვალისწინებული იმ პირისთვის, ვინც ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ერთხელ ჩაიდინა და იმ პირისთვის, ვინც აღნიშნულ სამართალდარღვევებს სისტემატურად, არაერთხელ სჩადის.

კანონპროექტებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები, რომლებიც შეეხებოდა, მათ შორის, დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის დროის ზედა ზღვარს – 48 საათს და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებს.

როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კანონპროექტების სხვა ინიციატორებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, პლენარულ სხდომაზე საკითხების მეორე მოსმენით განხილვისას უპასუხებს ოპოზიციონერ კოლეგებს, თუ რამდენად იქნება მათი მოსაზრებები გაზიარებული.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ორივე კანონპროექტი განიხილეს დაჩქარებული წესით.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული