პარასკევი, აპრილი 19, 2024

“მოლოდინი მქონდა იმაზე მეტი ვიდრე გავაკეთე, უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ ჩემი შედეგების მაქსიმუმი ვერ დავდე“- ინტერვიუ ძალოსან კახი ასანიძესთან

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, 6 აპრილს ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა ძალოსნობაში, სადაც 20 წლის კახი ასანიძე ვიხილეთ. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ კახი ასაკით ყველაზე პატარა მონაწილე იყო. კახი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და ლეგენდარული ძალოსანის, გიორგი ასანიძის ვაჟია.

ატაცში კახი ასანიძემ პირველი ორი ცდა გამოიყენა – ჯერ 144 და შემდეგ 148კგ- რომელიც საქართველოს რეკორდია, მაგრამ მესამე ცდაზე 151 კგ-ს ვერ გაუმკლავდა და ამ დისციპლინაში საბოლოოდ მე-8 ადგილზე გავიდა.

აკვარში – 172 და 179კგ, რომელიც ასევე საქართველოს რეკორდია, მაგრამ მესამე ცდაზე 182 კილოგრამიანი “შტანგა” ვერ ასწია და ამ დისციპლინაში მე-7 ადგილი ერგო.

ახალგაზრდა სპორტსმენს მოსკოვში დაუკავშირდა სააგენტო „პარალელი“ და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა:

  • კახი, როგორი იყო მოსამზადებელი პერიოდი?

– არ ვიცოდი ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდებოდი თუ არა, იყო რამდენიმე კონკურენტი ვისთანაც მიწევდა ბრძოლა, იმისთვის რომ ჩავმჯდარიყავი ევროპის ჩემპიონთა ჯგუფში. ბოლო ბათუმის ზბორზე ისეთ შედეგებზე გავედი, რომ შესაძლებელი იყო ევროპის გუნდში ჩავმჯდარიყავი. როდესაც წავიკითხე ჩემი გვარი ევროპის გუნდში ძალიან გამიხარდა და დავიწყე სერიოზული მზადება და ფიქრი იმაზე თუ რისი გაკეთება შემეძლო ევროპის ჩემპიონატზე. დავიწყე ინტენსიური ვარჯიში- კვირაში 6 დღე ვვარჯიშობდი, დღეში 2 ვარჯიში , თითო ორსაათ ნახევარი გრძელდებოდა.

  • როგორი იყო შენი მოლოდინი ევროპის ჩემპიონატზე?

– მოლოდინი გაცილებით დიდი მქონდა, მეგონა მეტს შევძლებდი, თუმცა უკმაყოფილო არ ვარ. სამწუხაროდ, ჩემი შედეგების მაქსიმუმი ვერ დავდე და ვერ შევძელი ის, რასაც დარბაზში ვაკეთებდი. ძალას და სტიმულს ქართველების მხარდაჭერა მაძლევდა, რისთვისაც მადლობელი ვარ.

  • როდის ბრუნდები საქართველოში და როგორია შენი სამომავლო გეგმები?

– საქართველოში 12 აპრილს ვბუნრდები, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს: როდესაც დავბრუნდები, ვიწყებ 23 წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებას, რომელიც სექტემბერში, ფინეთში ჩატარდება. ძალიან მნშვნელოვანი იქნება ჩემი კარიერისთვის და ვფიქრობ, რომ იქ უფრო მეტი შანსი მექნება გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები. იმედია ფინეთში მეტ შედეგს დავაფიქსირებ.

შეგახსენებთ, რომ კახიმ ორჭიდის ჯამში 327 კგ დააფიქსირა და საბოლოოდ მე-7 პოზიციაზე გავიდა. ევროპის ჩემპიონის ტიტული კი თურქმა ძალოსანმა დანიარ ისმაილოვმა მოიპოვა, რომელმაც სართო ჯამში 341 კგ დააგროვა.

ავტორი
ნინი შონია

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული