ოპოზიციის მიერ 15 მაისისთვის დაანონსებულ აქციას ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ორი თვით ადრე აქციის დაანონსება იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიციის აქციებზე მათი მხარდამჭერებიც არ მიდიან:
“მე მინდა გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს ბორელის მისამართით. ეს კიდევ უფრო უჩვენებს, თუ რა ძალასთან გვაქვს საქმე, მე ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს.
აქედან გამომდინარე მე მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ოპოზიციას სულ 2 არჩევანი დარჩა დღეს. ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ეს მასკარადი. და მეორე – თუ ისინი კვლავაც გააგრძელებენ დესტრუქციულ ქმედებების განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული.
ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის გამართვა ორი თვის შემდეგ, იმაზე მიუთითებს, რომ მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე საკუთარი მხარდამჭერებიც კი აღარ დადიან, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში, მე ვგულისხმობ სააკაშვილის ფრთას და ზოგადად მათ რადიკალურ ქმედებებს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

