“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ოპოზიციის მიერ გამართულ საინფორმაციო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნავს, რომ ოპოზიცია არა რომელიმე პარტიისა თუ პიროვნების ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის შეიკრიბა, არამედ ცვლილებებისთვის. აქვე პაატა მანჯგალაძე მხარდაჭერისთვის დასავლელ პარტნიორებს მადლობას უხდის, თუმცა მიაჩნია, რომ “ჩვენ გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს”:
“ჩვენ აქ შევიკრიბეთ არა რომელიმე პარტიის ან პიროვნების ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნებისთვის, არამედ ცვლილებებისთვის, რომელიც გამორიცხავს ისეთი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლების არსებობას, როგორიც დღეს ჩვენ გვყავს, რომელიც სერიოზულ საფრთხედ იქცა არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეებისთვის.
ჩვენ აქ შევიკრიბეთ ცვლილებებისთვის, რომ მომავალში საქართველოს არ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ცვლილებების, პროგრესის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ძალაუფლების და ჩვენი ძარცვის უფლების დაკარგვის.
ხელისუფლება, რომელიც არ ესაუბრება საკუთარ ხალხს და ეწინააღმდეგება ცვლილებებს, აუცილებლად შეიცვლება და ცვლილება მოხდება სწრაფად, ქუჩიდან და ამას გააკეთებს ხალხი.
დიდი მადლობა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს.
15 მაისს ყველანი აქციაზე!” – მიმართა მოსახლეობას პაატა მანჯგალაძემ.

