საქართველოს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ასპირაციის მიმართულებით საჭიროა აისახოს კონკრეტული შედეგები. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა დიფერენცირებული მიდგომის მნიშვნელობაზე, ვინაიდან აშკარაა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნები ამას თავად აღიარებენ, რომ მიზნები განსხვავებულია და არიან ქვეყნები, რომლებმაც მნიშვნელოვან ხელშესახებ პროგრესს მიაღწიეს და არიან ქვეყნები, რომლებსაც სხვა მიზანი აქვთ:
„მე როდესაც ვაჩვენებ პროგრესს, ხელშესახებ შედეგს, მინდა შემხვედრი ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მუდმივად ამაზე ვსაუბრობ და ეს კვლავ გაგრძელდება. რადგანაც თუკი შემხვედრი ნაბიჯები არ იქნა, ეს საზოგადოებაში იმედგაცრუებას იწვევს. ჩვენ გვინდა კონკრეტული შედეგები, რომელიც უნდა აისახოს საქართველოს ევროპული ასპირაციის მიმართულებით.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობა ძალიან დიდი მიღწევაა, როდესაც უკვე ორი წელია საქართველოს და უკრაინას ნატო-ს მინისტერიალი ცალკე ფორმატში იწვევს. ამისთვის ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვიბრძოდით, ვიბრძოდით იმისთვის, რომ აღნიშნული განზომილება ნატო-ს მიმართულებით გაჩენილიყო.
აპრილის მინისტერიალი არ იყო გათვალისწინებული პარტნიორი ქვეყნებისთვის, თუმცა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგა, პირადად დამიკავშირდა და სატელეფონო საუბრისას მთხოვა გადამეცა ის პრიორიტეტული მიმართულებები, რისი დანახვაც გვსურდა ნატო-ს მინისტერიალის გადაწყვეტილებებში.
საქართველოს აქვს ყველა ელემენტი ნატო-ს წევრობისთვის და უკვე მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე