კვირა, მაისი 5, 2024

გიორგი რურუას ცემის ფაქტზე პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს ბრალი წარედგინა – გენერალური პროკურატურა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილის, ამჟამად მსჯავრდებული გიორგი რურუას ცემის ფაქტზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს სამსახურის არაჯეროვნად შესრულების გამო ბრალდება წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა:

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს  – ლ.გ.-ს და შ.მ-ს  სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ  #8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა შ.მ.-მ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარმა ინსპექტორმა ლ.გ.-მ არაჯეროვნად შეასრულეს  სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, დაარღვიეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 01 აგვისტოს №200 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების ინსტრუქციის” მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა  პატიმრების  მიერ 2020 წლის 02 ნოემბერს,  ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გ.რ.-ს ჯგუფურად ცემა, რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ლ.გ.-ს და შ.მ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია)

საქართველოს გენერალური პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში  მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულ გიორგი რურუაზე განხორციელდა თავდასხმა. იმავე დღეს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა მსჯავრდებულსა და იქ მყოფ პატიმრებს შორის მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი, ამასთან უწყების ოფიციალურ გვერდზე შესაბამისი ვიდეომასალაც გაავრცელა.

ავტორი
ნინი შავლაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული