პარასკევი, აპრილი 26, 2024

“გირჩული” პოლიტიკური გაყრა

„გირჩი“, პოლიტიკური პარტია, რომელიც 4 წლის წინ დაარსდა და ახალ სიტყვას წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, დღეს  შიდა პოლიტიკური კრიზისის წინ აღმოჩნდა. „გირჩმა“, რომელმაც მთავარ მიზნად პიროვნულ თავისუფლებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება დაისახა, ხელისუფლებაზე განაწყენებული მოსახლეობის მიმხრობა და ახალგაზრდული სეგმენტის არჩევნებზე მიყვანა შესძლო. პარტიის პოლიტიკურ ლიდერებს შორის დაპირისპირებამ, საზოგადოებაში გააჩინა კითხვა: ვისზე დგას „გირჩის“ სიძლიერე – ერთ ლიდერზე, თუ  ამ პარტიის უპირობო და უსაზღვრო თავისუფლებაზე?! ვინ წავა პოლიტიკურ პარტია – გირჩიდან და რა მოელის მას? – ეს დღემდე გაურკვეველია. შიდა პარტიული კრიზის კი, გირჩის
„იმიჯს“ აზიანებს, რაც მისი მხარდამჭერების რაოდენობაზეც აისახება.

 

„გირჩის“ მიზნები და ნაბიჯები.

2016 წელის მაისში დაარსდა პოლიტიკური პარტია „გირჩი“. პარტიის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ „გირჩის“ მიზანი პიროვნულ თავისუფლებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებაა. გოგა ხაჩიძემ, პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა განაცხადა, რომ „გირჩის“ შექმნის მთავრი მიზეზი იყო ის, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდგომ დაეტოვებინა პოლიტიკურად ქმედითი ორგანიზმი, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობდა. შეგახსენებთ, რომ გოგა ხაჩიძე 2018 წელს პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა დღეს აქტიურადაა ჩართული „გირჩის“ ლიდერებს შორის მიმდინარე კონფლიქტში. იგი, ღიად აკრიტიკებს იაგო ხვიჩიასა და ვახო მეგრელიშვილს.

„გირჩმა“ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი ტენდენციები დაამკვიდრა. მან საზოგადებას  არატრადიციული პოლიტიკური პიარ-კამპანია და საარჩევნო პოლიტიკური რეკლამა შესთავაზა. „გირჩი“ დაარსების დღიდანვე სახელმწიფო რეგულაციებისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა. პარტიის ასეთ პირველ პროტესტად ითვლება, 2 წლის წინ, პარტიის ოფისში, ტელევიიზის კამერების წინ  მარიხუანას დათესვა. ამ შემთხვევაში, მათი მათავარი მიზანი იყო მარიხუანას დეკრიმინალიზაცია-ლეგალიზაციის საკითხი. პარტიის ამ ნაბიჯის შემდეგ,  საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გააუქმა. „გირჩის“ სახელმწიფო რეგულაციების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი გამოვლინება იყო რელიგიური  ორგანიზაციის, „საქართველოს ქრისტიანულ, ევანგელისტურ, პროტესტანტული ეკლესიის – ბიბლიური თავისუფლების“ დაარსება. აღსანიშნავია, რომ მისი წევრები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებოდნენ. ასევე „გირჩმა“, თბილისში, მერიის გადაწყვეტილებით  თეთრი ტაქსების რეფორმის  შემდეგ, დაარსა “შმაქსი“, რომელიც „ტაქსის“ ფუნქციას ასრულებდა, თუმცა მომხმარებელი  თანხას საგანმანათლებლო მომსახურებაში იხდიდა.

 

დაპირისპირება გირჩის ლიდერებს შორის

პოლიტიკურმა პარტიამ – „გირჩმა“,  2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა  პირველად მიიღო, მიუხედავად ამისა, ცესკოს მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის 3%-მა დაუჭირა მხარი და დედაქალაქში მესამე ადგილზე გავიდა. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ზურაბ ჯაფარიძის, „გირჩის“ ერთ-ერთის  ლიდერის განცხადება, რომ იგი, გირჩის სხვა ლიდერებთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს.

სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას“,  განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ გირჩის ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში – „გირჩის ბაბლში“.

მედიაში გირჩის ლიდერებს შორის დაპირისპირების ორი მიზეზი განიხილება:
1) დაგროვებული პირადი უთანხმოებისა და განსხვავებები პარტიის მართვის მეთოდებში;
2) პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი.

პირველ მიზეზთან დაკავშირებით განიხილავენ იაგო ხვიჩიას ფეისბუქ-პოსტს, რომელშიც  იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების  შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავებას აკრიტიკებდა. ხვიჩიას განცხადებას, გირჩის მხარდამჭერებისა და საზოგადოების მხრიდან, დიდი კრიტიკა მოჰყვა.

პორნო გადმოწერა, დაასეივა ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“- წერდა ხვიჩია.

ჯაფარიძემ zoom-ში ამომრჩევლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ იაგო ხვიჩიას პოზიციას არ იზიარებს, თუმცა არა განცხადების შინაარსის გამო. მან ისიც თქვა, რომ მნიშვნელოვანია, სათქმელს საზოგადოებამდე რა ფორმით მიიტან და ამან პარტიის იმიჯს ზიანი არ უნდა მიაყენოს. მიუხედავად ამისა, ზურაბ ჯაფარიძემ  აღნიშნა, რომ დაპირისპირების მიზეზი იაგო ხვიჩიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი არ იყო.

“გირჩის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გოგა ხაჩიძემ კი, განაცხადა რომ პარტიის ლიდერების მსგავსი ნაბიჯები აზიანებს პარტიას. ხაჩიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში თქვა, რომ ასეთი „საჯარო გამოტანტალებები“ დაუშვებელია.

ზურაბ ჯაფარიძემ გირჩის მხარდამჭერთა მსხვილ ფეისბუქჯგუფში პოსტიც გამოაქვეყნა და ყოფილ თანაგუნდელებს შესთავაზა, დაეთმოთ მისთვის პარტიის სახელი და ვებგვერდი და დანარჩენი ყველაფერი მათ დარჩენოდათ. ვახო მეგრელიშვილი, ჯაფარიძის შეთავაზებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ჯაფარიძის „ულტიმატუმები“ ძალიან უცნაურად გამოიყურება. „მგონი ჯობია კომუნიკაციის ფორმებს გადახედოს“, – პასუხობს მეგრელიშვილი ჯაფარიძეს.

ზურამ ასევე აღნიშნა, რომ შეთავაზებით მეგრელიშვილსა და ხვიჩიას პირადადაც მიმართა, თუმცა მათგან პასუხად აგრესიული მომართვები და მუქარა მიიღო.

დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საჯაროდ, ვთავაზობ ამ ადამიანებს ცივილიზებულ გაყრას“, – დაწერა სოც.ქსელში ჯაფარიძემ.

ზურა ჯაფარიძემ, აწ უკვე ყოფილ თანაგუნდელებს, ფეისბუქჯგუფში გამოკითხვის ჩატარებაც შესთავაზა და თქვა, რომ დამარცხების შემთხვევაში, მზად იყო, არაფრიდან დაეწყო განახლებული პოლიტიკური საქმიანობა. მის, ამ შეთავაზებას მეგრელიშვილმა „უცნაური“ უწოდა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, „გირჩის“ დატოვებას არ აპირებენ არც ხვიჩია მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი.

ჯაფარიძემ “მთავარ არხთან” ეთერში ისიც აღნიშნა, რომ მთლიანად იაზრებს მისი გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას. მან ასევე თქვა, რომ როგორც ჩანს „სწორ ადამიანებზე ვერ დადო ფსონი“, რადგან ამ ადამიანებთან ერთად დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს.

„გირჩის  გაკეთების ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ მე მინდა დავტოვო ცოცხალი პოლიტიკური ორგანიზმი, მას შემდეგ, რაც მე პოლიტიკიდან წავალ… ზუსტად, ვიცი რომ ამ ადამიანებთან მსგავს ორგანიზმს ვერ შევქმნი“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ გოგა ხაჩიძის მსგავსად.

გირჩის ლიდერებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად განიხილება პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხიც, თუმცა ლიდერები ამ საკითხზე ღიად არ საუბრობენ. ტელევიზია „მთავრის“ ეთერში ჯაფარიძემ თქვა, რომ  არჩევნების შემდეგ „გირჩის“ შიგნით პრობლემები უფრო გამწვავდა.

ადამიანები სხვადასხვა რეალობაში სხვანაირად  იქცევიან. კრიზისულ მდგომარეობაში – სხვანაირად. პრობლემები ახლა არ დაწყებულა, ადრეც იყო, მაგრამ რაც მოხდა არის ის, რომ წარმატებამ, რომელიც „გირჩმა“ დადო, ეს პრობლემა გააორმაგა“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

დღემდე უცნობია გირჩი დაიშლება, თუ გაიშლება – ანუ მის შიგნით ფრაქციები შეიქმნება, თუმცა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან თანამშრომლობას არ აპირებს. პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დაშლა ქართული პოლიტიკური სივრცისთვის სავარაუდოდ დიდი დანაკლისი იქნება, რადგან მან საზოგადოებას პოლიტიკა სულ სხვა თვალით დაანახა. აღსანიშნავია ისიც, რომ პარტიის შიგნით, ასეთ ღრმა კრიზისს ფეისბუქზე გამოქვეყნებული ერთი პოსტი ვერ გამოიწვევდა და ამ დაპირისპირებას, დიდი ალბათობით, სხვა სააფუძველი ექნება.

ავტორი – სააგენტოს ექსპერტი, ანალიტიკოსი
სოფიკო ტაბატაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული