კვირა, მაისი 19, 2024

“რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან” – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის გამართულ შეხვედრებს ეხმიანება და აცხადებს რომ სამინისტრო თავს იკავებს ამ ფორმატში გამართული შეხვედრების კომენტარებისგან, თუმცა რუსეთის მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო როგორც წესი თავს იკავებს ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატში გამართული შეხვედრების კომენტირებისაგან, მათ შორის იმ მიზეზით, რომ ფორმატი თავისი ხასიათით არაფორმალურია და მის ფარგლებში განიხილება ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემატიკა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრების დასაწყისში მხარეები აფიქსირებენ პოზიციებს სხვადასახვა აქტუალურ თემებზე, მათი განხილვა ან მით უმეტეს მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

მორიგი შეხვედრის დასრულებისთანავე, რომელიც ვიდეო-ტელე კონფერენციის ფორმატში 27 ნოემბერს გაიმართა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ დაწვრილებითი პრეს-რელიზი გაავრცელა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც სამწუხაროდ მოყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ინფორმაცია პრესისათვის, რომელიც შესაძლოა ასახავს რუსეთის მხარის მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ ასახავს შემდგარი შეხვედრის შინაარსს და საუბრის თემატიკას.

კერძოდ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბრისას არ განხილულა „კოვიდ 19“ ვაქცინის საკითხი, ისევე როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები და მით უმეტეს არ „დადასტურებულა ორმხრივი განწყობა ანტირუსული პროვოკაციის შედეგების გადალახვაზე“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას და თავისი შინაარსითა და მოწოდებით არაფორმალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიკური მიზნებისა და პროპაგანდისათვის გამოყენებას.

რაც შეეხება პოლიტიკურ თემატიკას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ურთულეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების, ასევე რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ჰუმანიტარული კუთხით, მისი განხილვა და პოზიციების დაფიქსირება ხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს, სადაც, ევროკავშირის, ეუთო-ს, გაერო-ს თანათავმჯდომარეობითა და ჩვენი მოკავშირის აშშ-ს მონაწილეობით, შესაძლებელია ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბარი.

შესაბამისად, რუსეთის მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან და თავისი პოზიციები დააფიქსიროს ამისათვის განკუთვნილ ადგილზე – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც ქართული მხარისაგან მიიღებს შესაფერის პასუხს.

აღვნიშნავთ ასევე, რომ ჟენევის მორიგი რაუნდი, არაერთგზის გადადების შემდეგ, დაგეგმილია 10-11 დეკემბერს“, – ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა იყო.

ავტორი
ნინი შავლაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული