შაბათი, მაისი 18, 2024

მეტროპოლიტენის თანამშრომლები კორონავირუსით დაინფიცირდენენ 

თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის “ერთობა 2013″-ის ოფიციალურ გვერდზე გაკეთდა განცხადება მეტროპოლიტენში კოვიდინფიცირების გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია და შექმნილია ურთულესი სიტუაცია.

,,ერთობა-2013”-ის გამგეობა სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მის მენეჯმენტს. მოითხოვენ რომ, სასწრაფოდ მიიღონ მკაცრი შეზღუდვის გადაწყვეტილება, რომ აღარ მოხდეს ვირუსის უკონტროლოდ გავრცელება:

ჩვენ გვინდა გაგაცნოთ, ის რეალობა რაც, დღეს მეტროპოლიტენში ხდება COVID-19-თან დაკავშირებით.

სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, ,,ერთობა-2013″-ის გამგეობის წევრები შეხვდნენ სატრანსპორტო კომპანიის დირექციას. სადაც, ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ. უფრო ზუსტად კი, დავსვით საკითხი, თუ როგორ შეიძლებოდა მეტროს მუშაობის შენარჩუნება მცირედი შეზღუდვებით ისე, რომ მგზავრებიც და თანამშრომლებიც მაქსიმალურად დაგვეცვა დაინფიცირებისაგან.

ჩვენი შეთავაზება კი გულისხმობდა, დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00-ზე ჩაკეტვას. ასევე, ზაფხულის გრაფიკზე გადასვლას, რაც გულისხმობს შედარებით ნაკლები მატარებლის მოძრაობას. ეს შეთავაზება გამოიწვევდა ნაკლები თანამშრომლის, მათ შორის მემანქანის საჭიროებას ყოველდღიურად, ვიდრე არსებულ სიტუაციაში. გვესმის, რომ ამ ყველაფერს მგზავრებისათვის შესაძლოა მცირედი დისკომფორტი გამოეწვია, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას (რისი საშიშროებაც რეალურად დგას) აშკარად აჯობებდა.

📌ამ სქემით, მეტროს (თანამშრომლების) მემანქანის რესურსი გადანაწილდებოდა ისე, რომ ერთმანეთში ვირუსის გავრცელება იქნებოდა მინიმუმამდე დაყვანილი, რადგან 10 დღის განმავლობაში იმუშავებდა მემანქანეების გარკვეული რაოდენობა. შემდეგი 10 დღე სხვა ჯგუფი და ა.შ. რაც რეალურად შესაძლებელი იყო, თუმცა ეს წინადადება დარჩა უყურადღებოდ.

📌ასევე მოვითხოვეთ თანამშრომლებისათვის ჩაეტარებინათ კოვიდ ტესტები. ეს კი განახორციელეს ისე, რომ ტესტი ჩატარდა სისხლის ანალიზებზე. რაც რეალურ სურათს ვერ ასახავს, რადგან აღნიშნული ტესტი დაინფიცირებიდან 5-7 დღის შემდეგ აჩვენებს ზუსტ პასუხს. სიმპტომის შემჩნევის მეორე დღეს მიდიოდა თანამშრომელი ტესტზე, სადაც პასუხი, რა თქმა უნდა უარყოფითი იყო და დამშვიდებული და ,,ჯანმრთელი” ბრუნდებოდა სამსახურში, (რომელსაც, სამი-ოთხი დღის შემდეგ თავისი ხარჯებით ჩატარებული PCR ტესტით დაუდასტურდა კოვიდი) და იქცა სხვა თამშრომლების ინფიცირების წყაროდ. გასულ კვირას, კი ,,ერთობა 2013“-ის თავმჯდომარის დაჟინებული მოთხოვნით, მემანქანეები გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე, რომელთა ნაწილს მეორე დღეს, სამუშაოს შესრულების დროს, მოუვიდათ დადებითი პასუხები. ამ დროს, მათთან კონტაქტი ჰქონდა კიდევ სხვა ბევრ თანამშრომელს. (მგონი ხვდებით რასთან გვაქვს საქმე).

არსებული სიტუაცია კი ახლა ურთულესია, მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში ტელევიზიით გადაიცემა საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია და დამსაქმებელს მოუწოდებს რომ თანამშრომლის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, მოიძიოს მისი კონტაქტები და გადაიყვანოს თვითიზოლაციაში. მეტროს შემთხვევაში, კი ეს ხშირად არ ხორციელდებოდა. რამაც გამოიღო შედეგი და როგორც აღვნიშნეთ თანამშრომლების დიდ რაოდენობას დაუდასტურდა ვირუსი, რომლებმაც თავის მხრივ დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო ისინი.

👉 ამ ყველაფერზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს და მის მენეჯმენტს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა სასწრაფოდ მიიღონ მკაცრი შეზღუდვის გადაწყვეტილება და შესაძლოა რამდენიმე ხნით მეტრო სადგურების შეჩერება, რადგან აღარ მოხდეს ვირუსის  უკონტროლოდ გავრცელება“,წერია “ერთობა 2013”-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

ავტორი
ნინი შავლაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული