შაბათი, აპრილი 20, 2024

გაეროს ბავშვთა ფონდმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა

15 ოქტომბერს, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში გაეროს ბავშვთა ფონდმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა, რაც საქართველოში COVID- 19-ის გავრცელების შეჩერებაში მთავრობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის დეპარტამენტის დირექტორი ადამ შმიდტი.

„გაეროს ბავშვთა ფონდი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, აგრძელებს COVID-19-ის პანდემიისგან თავდაცვის მიმართულებით წინა ხაზზე მომუშავე პერსონალის დახმარებას.

საშუალებები, რომლებსაც დღეს ჩვენ გადავცემთ, დაეხმარება სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების პერსონალს, ასევე ბავშვებსა და აღსაზრდელებს, პანდემიის პირობებში საჭირო მომსახურებები მიიღონ.

გაეროს ბავშვთა ფონდსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ სახელმწიფო ზრუნვის რეფორმის განხორციელების და დაუცველი ბავშვების და ახალგაზრდებისათვის ოჯახური ტიპის მომსახურებების შექმნასთან დაკავშირებით. მოხარული ვართ, განვაგრძოთ პარტნიორობა ამ მომსახურებების უსაფრთხო გარემოში გაგრძელების მიზნით“, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.

 „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო მოხარულია, რომ ითანამშრომლოს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან. ჩვენ დღეს გადავცემთ პერსონალური დაცვის საშუალებებს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებებისთვის, რათა ყველა ვინც მუშაობს ამ სისტემაში, ეს იქნება წინა ხაზზე მომუშავე პერსონალი, აღმზრდელები, სოციალური მუშაკები, ყველამ მიიღოს ის აუცილებელი საშუალებები, რომელიც მათ დაიცავს პანდემიისგან და შესაძლებლობა ჰქონდეთ რომ განაგრძონ ის მომსახურებები, რომელსაც პანდემიამდე ასრულებდნენ. ყველა დაუცველ ჯგუფს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უწყვეტ რეჟიმში მიიღოს შესაბამისი დახმარება და მხარდაჭერა“, – განმარტავს აშშ-ის განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის დეპარტამენტის დირექტორი ადამ შმიდტი.

 “პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალება არის სწორედ დამცავი საშუალებების გამოყენება და იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს აქვს ურთიერთობა და თანამშრომლობა ბენეფიციარების ყველაზე მოწყვლად კატეგორიასთან, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობისა და გარკვეული სამედიცინო ანამნეზების მქონე პირებთან, რომელიც ყველაზე მეტად მიეკუთვნება რისკ ჯგუფს და მოწყვლად კატეგორიას. ჩვენთვის აუცილებელი და  მნიშვნელოვანია, რომ იყოს დამცავი საშუალებების ულევი მარაგი. ჩვენი პარტნიორები, UNICEF და USAID, გვერდში გვიდგანან ამ პროცესში, როგორც ტექნიკურად, დამცავი საშუალებების მხარდაჭერით, ასევე ჩვენი პარტნიორები არიან იმ სისტემების გაძლიერების მიმართულებით, რომელიც პანდემიის პრევენციაზე არის ორიენტირებული სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ.

 

ამ ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე, გაეროს ბავშვთა ფონდმა, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჰიგიენური და ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საშუალებები გადასცა, რითაც ისარგებლებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მომუშავე სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, პრობაციის ოფიცრები და ბავშვები, რომლებიც განრიდებისა და მედიაციის პროგრამებში არიან ჩართულნი.

ავტორი
ნინი შავლაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული