რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დაძაბულობისა, ამ პროცესებში საქართველოს როლის თაობაზე და ასევე დავით გარეჯის თემის გააქტიურებასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო „პარალელთან“ ინტერვიუში შეფასებები გააკეთა პოლიტოლოგმა, ექსპერტ საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, ნიკა ჩიტაძემ:
- სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების და დაძაბული ვითარების პერიოდში რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ?
– ჩემი აზრით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს მაქსიმალური ნეიტრალიტეტი. არანაირი განცხადება არ უნდა გააკეთოს, იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს მთიანი ყარაბაღის სტატუსი. თუ საქართველო აცხადებს, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიის მთლიანობას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გავანაწყენოთ ჩვენი თანამოქალაქეები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ადგილობრივი სომხები. თუ განცხადება კეთდება, რომ მთიან ყარაბაღს ანუ სომეხ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ფართო ავტონომია, ამ შემთხვევაში შეიძლება გავანაწყენოთ ჩვენი აზერბაიჯანელი მოსახლეობა, რადგან აზერბაიჯანმა 1991 წელს გააუქმა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სტატუსი. ჯერჯერობით სტატუსზე საუბარი არ არის, დღეს მთავარი არის ის, რომ ცეცხლი შეწყდეს. ამიტომ, საქართველომ არ უნდა გააკეთოს განცხადება სტატუსთან დაკავშირებით და მხარი არ უნდა დაუჭიროს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური ნეიტრალიტეტი. ხელისუფლების მხრიდან არ უნდა გაკეთდეს მსგავსი განცხადებები. შესაძლებელია, ცალკეული ექსპერტების მხრიდან მოსაზრება გამოიხატოს, მაგრამ ეს არ ასახავს ოფიციალურად სახელმწიფოს პოზიციას.
- სახელმწიფომ უნდა აწარმოოს თუ არა მოლაპარაკებები და დიალოგი ორივე ქვეყნის წარმომადგენლებთან?
– საქართველო ფაქტობრივად დიალოგს აწარმოებს და ორივე მხარესთან ინარჩუნებს მეგობრულ და კეთილმეზობლურ ყველანაირი ტიპის ურთიერთობას. საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება ჰუმანიტარული და ეკონომიკური დანიშნულების ტვირთების გატარება. ასევე, გრძელდება ბაქო-სუფსის, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის ფუნქციონირება, ამიტომ შენარჩუნებულია სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები ორივე მხარესთან. საქართველომ, რა თქმა უნდა, არ უნდა გაატაროს სამხედრო დანიშნულების ტვირთი საკუთარ ტერიტორიაზე. მაგრამ, რაც შეეხება დიალოგს, ეს არ უნდა ეხებოდეს მაგალითად, დავით-გარეჯის საკითხს. ამ შემთხვევაში, მოლაპარაკება არ უნდა წარმოებდეს, რადგან აზერბაიჯანი ჩართულია ომში და ამიტომაც საზღვრის დემარკაცია-დემილიტაციის კომისიამ შემდგომში, მშვიდობიან პერიოდში უნდა გააგრძელოს მუშაობა.
- იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი საომარ მდგომარეობაშია, დავით გარეჯის თემის წამოწევა საფრთხის შემცველი ხომ არაა მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობებში?
– ეს პრობლემას ქმნის მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობებში, რადგან ჩვენ აზერბაიჯანს ირიბად ვთხოვთ 3500 ჰექტრის მოცულობის ტერიტორიას. თითქოს, ჩვენ ამით ვაცხადებთ, რომ საზღვრის წართმევა მოხდა უკანონოდ, თუმცა საზღვრის დადგენა არ მომხდარა. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, კომისიის სხვა წევრებთან ერთად მუშაობდნენ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხთან, მაგრამ საბოლოო შეთანხმება არ არის მიღწეული. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის 30%-ზე მეტი ჯერ არ არის დელიმიტირებული და დემარკირებული. შესაბამისად, მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება ამ საკითხზე. აქედან გამომდინარე, ამ ორ ადამიანს და მთლიანად კომისიას, საქართველოს ტერიტორია არ გაუყიდია. საზღვრის დადგენა არ მომხდარა და ამ ადამიანებს არანაირი ბრალი არ მიუძღვით.
სხვა კომისიებიც მუშაობდნენ ამ საკითხზე, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს. 1996 წელს იყო კომისიის სხდომა და იქ საუბარი იყო დავით-გარეჯის კომპლექსზე. სხვათა შორის, ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის დროს და შემდგომ ქართულმა მხარემ აზერბაიჯანს შესთავაზა ტერიტორიების გაცვლა. საქართველო დავით-გარეჯის ტერიტორიაზე არსებული ორი მონასტრის სანაცვლოდ, აზერბაიჯანს სთავაზობდა სხვა ტერიტორიას. კომუნისტური მმართველობის პერიოდში, აზერბაიჯანმა ამ საკითხზე უარი განაცხადა და შემდგომშიც, წინა ხელისუფლების დროს, როდესაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. თუმცა, ქართველ მომლოცველებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესულიყვნენ და მოელოცათ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებში. მდგომარეობა დაიძაბა 2012 წელის მაისში, როდესაც იქ რაღაც მოხდა და მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩაკეტეს მონასტრის შესასვლელი. შემდგომში, ხელმეორედ დაიძაბა 2019 წელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სააღდგომოდ ჩავიდა, მაშინ გადაკეტა აზერბაიჯანულმა მხარემ მონასტერი.
- რას იტყვით ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებისა და მათი დაკავების თაობაზე?
– ბევრი კითხვაა იმასთან დაკავშირებით რატომ დასჭირდა ქვეყანას დღეს, არჩევნების წინ ამ თემის წამოწევა. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ის დაკავება, რომელიც განხორციელდა, ემსახურება წინასაარჩევნო კამპანიას. ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა გამოხატონ პოზიცია, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულს და ეს დანაშაული აღკვეთეს, რადგანაც ეს იქნება უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა. მსგავსი დადგენილება შეიძლება გამოიტანოს სასამართლომ და მეორე, ასეთი გაცხადება არ უნდა კეთდებოდეს. რატომ არჩევნების წინ? თუ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2007 წელს აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, რატომ წამოიჭრა ეს საკითხი დღეს და გაჩნდა ახალი რუკები. ბევრი რუკა არსებობს, 1937-38 წლის რუკა, 70-80-იან წლებში გამოშვებული, არსებობს რამდენიმე სხვადასხვა რუკა და იქ კოორდინატები განსხვავდება.
ავტორი
ნინი შავლაძე
ინტერვიუ ჩაიწერა 2020 წლის 8 ოქტომბერს