“მე ვიცი რას ნიშნავს სამეგრელოს მხარდაჭერა და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს გაერთიანებისთვის, ეს ენერგეტიკა მინდა გადაედოს მთელ საქართველოს” – გიორგი ვაშაძე

1028

პოლიტიკური მოძრაობა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, თავის გუნდთან ერთად, აგრძელებს რეგიონულ შეხვედრებს სამეგრელოში. დღეს შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან ჰქონდა. ოპოზიციონერი ლიდერი გაეცნო მათ პრობლემებს, თავის მხრივ კი, ადგილობრივებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა:

ზუგდიდის რაიონის სოფლები შემოვიარე და დღეს, უფრო მეტი გაჭირვება და კრიმინალი დამხვდა, ვიდრე ერთი თვის წინ. გაიზარდა კრიმინალი და საკამოდ, მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობაა. დღეს კიდევ მეტი მოხუცი თუ ახალგაზრდა დამხვდა, რომელიც ამბობს, რომ ამ ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავს.

ეს არის ის, რაც მოიტანა „დამსხვრეული ოცნებების“, ივანიშვილის მთავრობამ ბოლო რვა წლის განმავლობაში.

ისინი გვპირდებოდნენ, რომ ქალაქი და სოფელი აყვავდებოდა, რომ სამართლიანობა იზეიმებდა ქვეყანაში. სწორედ, აქ იდგნენ ზუგდიდში, თქვენთან ერთად, თქვენს წინაშე და გასცემდნენ უპირობო დაპირებებს, რომ საქართველოში არ იქნებოდა არცერთი დაჩაგრული ადამიანი.

მათგან განსხვავებით, მე ვიცი რას ნიშნავს სამეგრელოს მხარდაჭერა და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს გაერთიანებისთვის, ეს ენერგეტიკა მინდა გადაედოს მთელ საქართველოს,“ – ასე მიმართა გიორგი ვაშაძემ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში შეკრებილ მხარდამჭერებს.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიის დაპირებებს შეეხო, რომელმაც 8 წლის განმავლობაში არცერთი არ შეასრულა. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ ოცნებების მთავრობისთვის სამეგრელო არის დავიწყებული რეგიონი – მათ არ აინტერესებთ, რომ მოქალაქეები მარტო დარჩებიან სიღარიბესა და დანაშაულთან, მათ არ ადარდებთ, რომ ხალხი ცხოვრობს შიშსა და უიმედობაში და ამ ფონზე, ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ.

კითხვა მაქვს თქვენთან: ცხოვრობთ ახლა ბევრად უფრო კარგად, ვიდრე რვა წლის წინ ცხოვრობდით? გაუმჯობესდა საქართველოში სოციალური ან ეკონომიკური მდგომარეობა, ვიდრე რვა წლის წინ იყო? იქმნება სამუშაო ადგილები ქვეყანაში? სამწუხაროდ, პოზიტიურს ვერაფერს მეტყვით. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც დღეს საქართველოშია, ეს არის ის უმძიმესი რეალობა, რვა წლიანმა „დამსხვრეული ოცნებების“ მთავრობამ დაამსხვრია საქართველოს პერსპექტივა, თვითონ გამდიდრდნენ – ხალხი გაღარიბდა, ამ ფონზე კი, კრიმინალი გამძინვარდა.

სამი უმძიმესი პრობლემა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს: პირველი – ეს არის შიმშილი, სიღარიბე და გაუსაძლისი გაჭირვება, რაც ქვეყანაში მოიტანა ამ მმართველობამ; მეორე – გამეფებული კრიმინალი; მესამე – სრული მორღვევა ჩვენი საგარეო ვექტორის.
აი, ეს მოიტანა „ქართული ოცნების“ მმართველობამ. ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, სანქციებს გვიწესებს ჩვენ, საქართველოს, მაშინ როცა ნომერ პირველი პარტნიორები ვიყავით რეგიონში. არ ვაპირებ შევეგუო ამ უსამართლობას, ამას არ დავუშვებ,“ – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.

გიორგი ვაშაძე ოცნების მთავრობის მხრიდან დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიასაც შეეხო და ხელისუფლებას კონკრეტული შეკითხვებით მიმართავს:

ამ დღეებში, არაერთი პრეზენტაცია ჰქონდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ისევ და ისევ უამრავ დაპირებებს გასცემენ და გუშინ მოვისმინე, რომ ყველა სოფელში გზა უნდა გავიყვანოთ! კითხვას ვსვამ, სად იყავით რვა წელი? რატომ არ გაიყვანეთ ეს გზა? თეთრიწყაროში ჩავიდნენ და მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ. სად იყავით რვა წელი და რატომ არ მოაგვარეთ ეს წყლის პრობლემა? მითხარით სად არის ქვეყნის განვითარების ხედვა, რომელსაც პირდებოდით? რატომ არ არის საქართველოს არცერთი მოქალაქე, თქვენი ნათესავ-მეგობრების გარდა, ვინც საკუთარ თავზე იგრძნო ამ ქვეყნის განვითარება?

როდემდე უნდა მოატყუოთ ხალხი?! როდემდე უნდა დაჩაგროთ საქართველოს მოსახლეობა?! როდემდე უნდა გაუქროთ მომავლის რწმენა ქართველ ახალგაზრდებს?! როდემდე უნდა ძარცვოთ პენსიონრები, რომლებიც 36%-იან სესხს იხდიან „ლიბერთი ბანკში“?! როდემდე უნდა ამყოფოთ უმძიმეს მდგომარეობაში დევნილები, რომლებსაც კაპიკებს აძლევთ და საცხოვრებლითაც კი ვერ უზრუნველყავით ამ რვა წლის მანძილზე?!“ – მიმართავს ხელისუფლებას გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციონერი ლიდერი მისასალმებელ სიტყვაში საკუთარ სამშობლოში, საკუთარ მიწაზე იძულებით გადადგილებულ თანამოქალაქეების პრობლემებსაც შეეხო:

ჩემი მთავრობის პრიორიტეტი იქნება ამ უსამართლოდ დევნილი ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა და თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონში მშვიდობიანი ღირსეული დაბრუნება. ჩემი პოლიტიკაში ყოფნის უპირველესი მიზანიც სწორედ ეს არის. ეს არაა საარჩევნო დაპირება, ეს ჩემი ცხოვრების არსია, რისთვისაც დღეს მე აქ თქვენს წინაშე ვდგევარ. ესაა, სწორედ, “სტრატეგია აღმაშენებლის” უმთავრესი და უპირველესი ამოცანა – ერთიანი ძლიერი საქართველო“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა ადგილობრივებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამოქმედო გეგმებიც გააცნო:

„ყველა იმ შეუსრულებელ დაპირებაზე პასუხი ჩვენ ერთად უნდა გავცეთ 31 ოქტომბერს. ჩვენ უნდა ვუთხრათ „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას, რომ დამთავრდა ტყუილები, დამთავრდა ეს უბედურება და ვიწყებთ აღმშენებლობის პროცესს. აღმშენებლობაა „დამსხვრეული ოცნებების პარტიის“ ერთადერთი ალტერნატივა. 31 ოქტომბერს მარტივი არჩევანი გვაქვს აღმშენებლობა ან „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია, საქმის კეთება ან ეს გაუსაძლისი გაჭირვება, რომელიც უფრო და უფრო მძიმდება! რეგონის ლიდერის ფუნქციის დაბრუნება საქართველოსთვის ან ჩაკარგვა მთელს რეგიონში, აშშ-ს მძლავრი სტრატეგიული პარტნიორობა ან სანქციები, რაც ნიშნავს ნაკლებ ინვესტიციებს. “სტრატეგია აღმაშენებელი” არის იმის რწმენა, რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ავაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო, რომლითაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენი შვილები და თაობები იამაყებენ. ეს აღმშენებლობის ახალი ერა 31 ოქტომბრიდან დაიწყება,“ – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები