პარასკევი, აპრილი 26, 2024

სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა, ასევე ისაუბრა სატრანსპორტო პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ თბილისში საბაგიროს ორი – სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვისუბნის პროექტები განხორციელდება:

მინდა, მივმართო ყველა აბიტურიენტს, რა პროფესიაც უნდა აირჩიოთ, იცოდეთ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. მჯერა, თქვენი არჩევანი იქნება წარმატებული არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, რასაც ვშრომობთ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, შვილებისთვის კეთდება. ზოგადად, ახალგაზრდების როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ძალიან დიდია. მინდა, ჩვენი გუნდის სახელით, ყველა აბიტურიენტს გულით ვუსურვო წარმატებები.

სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, იმისთვის, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკი მოწესრიგებული და განახლებული იყოს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ძალიან მალე მთლიანად ჩანაცვლებული გვექნება ყვითელი ავტობუსები.

ასევე, მეტროს მიმართულებით გვაქვს დაწყებული მთელი რიგი პროექტები – მეტროს ვაგონების განახლება, ახალი შემადგენლობების შესყიდვა. ზოგადად, როდესაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი და მიმართულება, ესაა საბაგიროს პროექტების განხორციელება. 2016 წელს, მერიის დაკვეთით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით, საკონსულტაციო კომპანია „სისტრამ“ საბაგირო ტრანსპორტის შესახებ მთელი ქალაქის მასშტაბით კვლევა ჩაატარა. მისი მიზანი იყო, პოტენციური საბაგირო დერეფნების იდენტიფიცირება მომხდარიყო, რომელიც თბილისში საბაგირო ხაზების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

ჩვენ როდესაც მუშაობა დავიწყეთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე, გამოვიყენეთ ეს კვლევა და ადგილობრივ კომპანია „გეოგრაფიკს“ დავუკვეთეთ კონკრეტული დერეფნების გამოყოფა, სადაც შესაძლებელია, საბაგიროს პროექტების განხორციელება. 2016 წლის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ახმეტელი-თემქის, სამგორი-ვაზისუბნისა და სამება-მახათას მთის ტერიტორიულ არეალებში 12 პოტენციური საბაგირო დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდა.

ამ 12 დერეფნიდან გამოიკვეთა ორი კონკრეტული არეალი, სადაც ყველანაირად მიზანშეწონილია ახალი საბაგირო პროექტების განხორციელება. ეს არის სამგორი-ვაზისუბნისა და სარაჯიშვილი-ზღვის უბნის პროექტები, რომლის პროექტირებისა და მშენებლობის ხარჯები, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული