ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი საინტერესო მასალა, აჟამად გადამფრენი ფრინველის შესახებ, რომელიც ზამთარს საქართველოში ატარებს. გაიცანით ჩიბუხა – Gallinago Gallinago:
❓ იცოდით, რომ ჩიბუხა ველური ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ოსტატური „მონადირეა“?
ეს გადამფრენი ფრინველი ზამთარს საქართველოში ატარებს, ხოლო ადრეულ გაზაფხულზე ჩრდილოეთით, თავის სამშობლოში ბრუნდება. დასახლებისთვის ჭაობიან ჩირგვნარებს, ლერწმნარებსა და ტბისპირა ნესტიან გარემოს ირჩევს.
ჩიბუხას საკვების მოპოვების სრულიად უნიკალური ხერხი აქვს. იგი თავის გრძელ ნისკარტს მთლიანად არჭობს ნიადაგში. ნისკარტის წვერზე არსებული მეტად მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების დახმარებით, იგი მარტივად გრძნობს მიწისქვეშა მოძრაობას და ოსტატურად ამოაქვს ჭიაყელები, მწერები თუ მათი მატლები.
წყვილების შექმნისა და სატრფიალო ფრენების პერიოდში მამლები განსაკუთრებით გააქტიურდებიან ხოლმე და მათი ნახვა მთელი დღის განმავლობაშია შესაძლებელი. გამრავლებისას ჩიბუხა 4 კვერცხს დებს. შეწყვილების შემდეგ მამალი შორდება დედალს და ბარტყების გამოზრდაში მონაწილეობას არ იღებს.
ფრინველი ასევე ცნობილია თავისი ოსტატური ფრენით – აფრენისას იგი აკეთებს სწრაფ, მკვეთრ ზიგზაგებს, რაც მას განსაკუთრებულად მოქნილს ხდის.

