ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ განცხადებას ავრცელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმართებით და კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს:
“ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე, 2026 წლის 14 მაისს მიღებული განჩინება მხარეს ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ გადასცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში კომპანია სასამართლოსთან თითქმის ყოველდღიურ კომუნიკაციას აწარმოებდა და გადაწყვეტილების გადაცემას ითხოვდა.
კომპანიის ინფორმაციით, 2026 წლის 21 ივლისს მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი ინკასოს შეჩერების შესახებ. თუმცა, როგორც „თრიალეთი“ აღნიშნავს, განჩინება დათარიღებულია 2026 წლის 14 მაისით, რაც ნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება მხარეს ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ეცნობა.
„თრიალეთის“ განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში კომპანია თითქმის ყოველდღიურად უკავშირდებოდა სასამართლოს, ითხოვდა ინფორმაციას საქმის მიმდინარეობისა და განჩინების გადაცემის შესახებ და ამ საკითხზე არაერთი საჯარო განცხადებაც გაავრცელა. მიუხედავად ამისა, კომპანიის განცხადებით, საქმის განმხილველი მოსამართლის, ნანა ჭიჭილეიშვილის, მხრიდან არც განმარტება გაკეთებულა და არც სასამართლოს გადაწყვეტილება გადაეცა. განჩინება კი მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლოს მხრიდან საქმის გაჭიანურებისა და ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო საჩივრით მიმართა.
კომპანია აღნიშნავს, რომ საქმე არ წარმოადგენს ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ დავას, რადგან იგი დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის საქმიანობას და არსებობას უკავშირდება. „თრიალეთის“ განცხადებით, სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ მაუწყებელი მძიმე ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდა, თანამშრომლები თვეების განმავლობაში ხელფასის გარეშე მუშაობდნენ, შეჩერებული იყო სატელიტური მაუწყებლობა, კომპანია შემცირებულ სამუშაო რეჟიმზე იყო გადასული, ხოლო სასამართლოში მიმდინარე დავა უშუალოდ მის ფუნქციონირებას ეხებოდა.
კომპანიის შეფასებით, ასეთ ვითარებაში სასამართლოს გადაწყვეტილების ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მხარისთვის შეუტყობინებლობა ვერ ჩაითვლება ჩვეულებრივ პროცედურულ შეფერხებად და აჩენს სერიოზულ კითხვებს ეფექტიანი სასამართლო დაცვის, მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ.
„თრიალეთი“ აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლა.
კომპანია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, შეისწავლონ აღნიშნული გარემოებები და შეაფასონ, შეესაბამება თუ არა ისინი სამართლიანი სასამართლოსა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალური განცხადების ლინკი: https://trialeti.ge/akhali-ambebi/thbilisis-saapelatsio-sasamarthlom-ori-thvis-ganmavlobashi-thrialeths

