დემოკრატიასა და საზოგადოების როლზე საუბრობს პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში:
“დემოკრატია – ეს არის არა ზოგადად კარგი ხელისუფლება (რადგან ასეთი არც არსებობს), არამედ საზოგადოების უნარი, აიძულოს ხელისუფალი რაიმე საზოგადოებრივი სიკეთე შექმნას იმ ბოროტების ფონზე, რასაც ხელისუფლებები ზოგადად აკეთებენ.
“დიუშენის ბავშვების” თემაზე ხელისუფლების “შემობრუნებაც” სწორედ ამ ტიპის აქტია, ერთგვარი მცირე დემოკრატიული ეპიზოდი დამკვიდრებადი ტოტალიტარიზმის ფონზე.
ასეთი ეპიზოდებით საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს და ასეთი ეპიზოდები საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა შექმნას.
ამიტომ ენიჭება თანამედროვე პოლიტიკურ თეორიაში კომუნიკაციას უპირატესი ფუნქცია, რადგან არათანამშრომლობის სტრატეგია წარსულის მეთოდოლოგიაა, თანამედროვე პოლიტიკური თეორია კი ხელისუფლებებთან (მათ შორის ავტორიტარული) კომუნიკაციასა და მათზე ზეგავლენის უნარზეა დაფუძნებული.
თანამშრომლობა, კომპრომისი და ა.შ. ხელისუფლებაზე ზეგავლენის პერსპექტივის ხერხებია, როდესაც მოწინააღმდეგე საკმარის მხარდაჭერას არ ფლობს, დისკომუნიკაციაში როგორც წესი, მეტი ძალაუფლების მქონე იგებს.
ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლების რესურსი თითქმის წართმეული აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, პოლიტიკურ ჯგუფებს, რაც დისკომუნიკაციურ კონტექსტში მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს უნარს თავნებობა გამოხატოს.
ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ამჟამინდელი პოლიტიკური თეორია უნდა დაეფუძნოს ხელისუფლებაზე ზეგავლენის პერსპექტივაზე, რომ არსებული დიქტატის პარალელურად “დემოკრატიული ეპიზოდების” სიმრავლე შეიქმნას, რისი მფორმირებელიც არის სწორი საინფორმაციო და საზოგადოებრივი კამპანიების შექმნა (როგორც “დიუშენის ბავშვების” მიმართ მოხერხდა) და ხელისუფლებასთან ურთიერთმომგებიანი კომუნიკაციის წარმოება“, – წერს არჩილ გამზარდია.

