ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ვლადიმერ პუტინისადმი მიწერილ ღია წერილთან დაკავშირებით:
“პუტინი ფიქრობდა, რომ დროს იყენებდა. სინამდვილეში კი დრო იყენებს მას.
ზელენსკის ღია წერილი პუტინისადმი, ერთი შეხედვით, მოლაპარაკებებზეა. სინამდვილეში კი ეს წერილი დროზეა.
დიქტატორებს ყველაზე მეტად დროის ეშინიათ, თუმცა ყოველთვის ჰგონიათ, რომ სწორედ დრო მუშაობს მათ სასარგებლოდ. ყველა ვადითაა, თავად კი უვადოა. ყველა იცვლება, თავად კი რჩება. და ბოლოს, გამარჯვებასაც დრო მიიტანს და მის ფეხებთან დადებს.
პუტინიც ასე ფიქრობდა. რომ უკრაინა დაიღლებოდა, დასავლეთი გაიყოფოდა, ამერიკა სხვა საქმით დაკავდებოდა და ისტორია საბოლოოდ მის მხარეს აღმოჩნდებოდა.
ზელენსკის წერილის მთავარი აზრი კი სწორედ ესაა:
პუტინი დღემდე დროს ეთამაშება. სინამდვილეში კი ახლა დრო ეთამაშება მას.
ყოველი ახალი წელი ამ ომში უკრაინას უფრო გამოცდილს, ძლიერს და ტექნოლოგიურს ხდის, ხოლო რუსეთს – უფრო გამოფიტულს – ძვირადღირებული ომის ტყვედ ქცეულს.
ამ წერილს, ალბათ, კიდევ ბევრი შრე აქვს, რომელსაც დრო და ისტორია გამოაჩენს.
დღეს კი მთავარი სხვა რამეა – შეჩერდეს სიკვდილისა და ნგრევის მანქანა და დასრულდეს. ომი რუსეთმა ვერ მოიგო, შესაბამისად ის აგებს. უკრაინამ არ წააგო, შესაბამისად, ის იგებს!” – წერს გიგი უგულავა.
ინფორმაციისთვის: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღია წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სადაც 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის გამო რუსეთისთვის შექმნილი მძიმე რეალობის თაობაზე გაკეთებულ განმარტებების პარალელურად იყო პირდაპირი მინიშნებაც – “ომიდან გასვლისა არ შეგეშინდეთ – ესაა მთავარი, რაც ახლა საჭიროა თქვენგან“.

