spot_img
მთავარიანალიტიკა"სამხრეთ კავკასიის ახალი წესრიგი: საქართველოს როლი და ანაკლიის...

“სამხრეთ კავკასიის ახალი წესრიგი: საქართველოს როლი და ანაკლიის ფაქტორი” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

სამხრეთ კავკასიაში ძალთა განლაგება სწრაფად იცვლება. თუ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში რეგიონში დასავლეთის მთავარი პარტნიორის სტატუსი საქართველოს ეკავა, დღეს ვითარება მნიშვნელოვნად განსხვავებულია. სომხეთი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ საყრდენად მიიჩნეოდა, დასავლეთისკენ თანმიმდევრულად გადაადგილდება. აზერბაიჯანი ენერგეტიკული და სამხედრო წარმატებების ფონზე რეგიონული მოთამაშის პოზიციებს აძლიერებს, ხოლო თურქეთი ფაქტობრივად ყველა მსხვილი ეკონომიკური და სატრანსპორტო პროექტის აუცილებელ მონაწილედ ჩამოყალიბდა.

ამ ცვლილებების სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტი ერევანში და ვაშინგტონის მიერ სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ღია პოლიტიკური მხარდაჭერა ნიკოლ ფაშინიანის მიმართ.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ დასავლეთმა საქართველო „დათმო“, თუმცა აშკარად მიუთითებს, რომ საქართველო რეგიონში დასავლეთისთვის უკვე აღარ არის ერთადერთი სტრატეგიული არჩევანი.

სინამდვილეში, ვაშინგტონი ცდილობს ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური არქიტექტურა, რომელიც სამხრეთ კავკასიას ცენტრალურ აზიასთან, თურქეთთან და დასავლურ ბაზრებთან დააკავშირებს. ამ კონტექსტში განიხილება ე.წ. „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტიც“, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციასა და რეგიონული კომუნიკაციების გახსნას ეფუძნება.

ამ პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება ჩინეთთან გლობალური კონკურენციაა. ვაშინგტონი ცდილობს სამხრეთ კავკასიაში საკუთარი გავლენის შენარჩუნებით შეაკავოს პეკინის მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსია. ჩინეთი „შუა დერეფანს“ განიხილავს როგორც ევრაზიულ სივრცეში საკუთარი გეოეკონომიკური გავლენის გაფართოების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. შესაბამისად, სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტად იქცევა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ აშშ-ჩინეთის გლობალური კონკურენციის არეალად.

ამ ლოგიკის გასაგებად ხშირად გამოიყენება მარტივი პრინციპი: „არ არის აუცილებელი მთელ მაგისტრალს აკონტროლებდე, თუ მის ბოლოს არსებული საკვანძო წერტილი შენს კონტროლქვეშაა.“ სწორედ ამ მიდგომით უყურებს ვაშინგტონი რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ პროექტებს, როდესაც საქმე ჩინეთის მზარდ გავლენას ეხება.

 

  • რა პოზიციაში აღმოჩნდა საქართველო?

პარადოქსულია, მაგრამ მაშინ, როდესაც სომხეთი დასავლეთთან ურთიერთობების უპრეცედენტო გაღრმავებას ახერხებს, საქართველო-დასავლეთის ურთიერთობები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეტაპს გადის.

საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი აღარ აქვს. ევროკავშირთან ურთიერთობები გართულებულია, ხოლო ნატოში ინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაყინულია.

ამ ფონზე ხელისუფლება ცდილობს საგარეო პოლიტიკა რუსეთთან „არ გაღიზიანების“ პრინციპით წარმართოს. უკრაინის ომის პირობებში ამ მიდგომამ საქართველოს გარკვეული ეკონომიკური სარგებელი მართლაც მოუტანა. გაიზარდა ფინანსური ნაკადები და ეკონომიკური განვითარების ტემპები, თუმცა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეს პროგრესი ცხოვრების დონის არსებით გაუმჯობესებად არ უგრძნია.

მთავარი კითხვა გრძელვადიან პერსპექტივას უკავშირდება. ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს ქვეყნის საერთაშორისო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას.

  • აწყობს თუ არა ეს რეალობა „ქართულ ოცნებას“ და რა გამოწვევების წინაშე დგას?

დღევანდელი მდგომარეობა ხელისუფლებისთვის ერთდროულად კომფორტულიც არის და პრობლემურიც. კომფორტულია იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლებას ჯერჯერობით  შიდა პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. ამავდროულად, იგი ცდილობს მანევრირება მოახდინოს სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ცენტრს შორის და თავიდან აიცილოს რომელიმე მათგანთან ღია კონფრონტაცია.

თუმცა ვითარება პრობლემურიც ხდება. რეგიონში დასავლეთის ყურადღების ცენტრი თანდათან სომხეთისკენ ინაცვლებს. თუ რამდენიმე წლის წინ საქართველო დასავლეთის მთავარი პარტნიორი იყო, დღეს ვაშინგტონი სულ უფრო მეტ პოლიტიკურ და ფინანსურ რესურსს ერევანში დებს, ხოლო საქართველოს მიმართულებით თუ რამე იზრდება, ეს სანქციებია.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა უკვე აღარ აღიქმება როგორც თვითმცხადი მოცემულობა. მისი დამტკიცება ყოველდღიურად ხდება საჭირო, მაშინ როდესაც საერთაშორისო პოლიტიკური ვაჭრობის სივრცე თანდათან ვიწროვდება.

ამ ფონზე მმართველი პოლიტიკური ელიტისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბალანსის დაცვა მოსკოვს, ვაშინგტონსა და პეკინს შორის. თუმცა სამი გეოპოლიტიკური ცენტრის ინტერესების ერთდროულად გათვალისწინება გაცილებით რთული ამოცანაა, ვიდრე ორ ძალას შორის მანევრირება.

სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხიც. რეალურად, ანაკლია მხოლოდ ეკონომიკური ან ინფრასტრუქტურული პროექტი აღარ არის. ის გადაიქცა გეოპოლიტიკური კონკურენციის მნიშვნელოვან ელემენტად, სადაც ერთმანეთს სამი მსხვილი ძალის ინტერესები კვეთს.

აშშ-ისა და ჩინეთისთვის ანაკლიის პორტი, პირველ რიგში, შავი ზღვის სივრცეზე გავლენისა და „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო მარშრუტებზე წვდომის საკითხს უკავშირდება. პეკინი მას განიხილავს როგორც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთების გადაადგილებას გაამარტივებს. ვაშინგტონისთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს სტრატეგიული კვანძი სრულად ჩინეთის გავლენის ქვეშ არ მოექცეს და დასავლეთმა შეინარჩუნოს კონტროლი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებულ მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე.

რუსეთის პოზიცია განსხვავებულია. კრემლის ინტერესებში არ შედის საქართველოში ისეთი ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას გააძლიერებს, დასავლეთის ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს უფრო მყარ საფუძველს შეუქმნის და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შედარებით ექსკლუზიურ გავლენას შეასუსტებს.

შესაძლოა სწორედ ამიტომ გაჭიანურდა პროექტი მრავალი წლის განმავლობაში. საკითხი მხოლოდ ფინანსური რესურსების მოძიებას არ უკავშირდებოდა. მთავარი კითხვა იყო და კვლავ რჩება — ვინ განახორციელებს გავლენას შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ამ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე.

ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მცდელობა ნაწილობრივ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც დამატებითი ბერკეტის შექმნის მცდელობა დასავლეთთან მოლაპარაკებებში. თუმცა ამან, განსაკუთრებით აშშ-ჩინეთის გლობალური კონკურენციის პირობებში, ვაშინგტონში დამატებითი კითხვებიც გააჩინა.

შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი უფრო რთულ გეოპოლიტიკურ თამაშში აღმოაჩინა. თუ თავდაპირველად ბალანსის დაცვა მხოლოდ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის იყო საჭირო, დღეს ამ განტოლებაში პეკინიც სრულფასოვან მოთამაშედ იქცა. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი გამოწვევა უკვე არა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვაა, არამედ იმის დამტკიცებაც, რომ ქვეყანას კვლავ გააჩნია დამოუკიდებელი სტრატეგიული მნიშვნელობა რეგიონში. მმართველ პოლიტიკურ ძალას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის საერთაშორისო მნიშვნელობის შემცირება პირდაპირ აისახება მისივე პოლიტიკურ გავლენასა და მანევრირების შესაძლებლობებზე საერთაშორისო აქტორებთან ურთიერთობებში. შესაბამისად, საქართველოს გეოპოლიტიკური წონის დაკლება ავტომატურად ამცირებს მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკურ მნიშვნელობასაც საგარეო პარტნიორების თვალში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტიდან თანდათან გეოპოლიტიკური კონკურენციის ობიექტად გადაიქცეს.

სამხრეთ კავკასიაში დღეს აღარ წყდება მხოლოდ ის, ვინ იქნება სატრანზიტო დერეფნის მფლობელი. წყდება ისიც, დარჩება თუ არა საქართველო რეგიონული პროცესების ერთ-ერთ განმსაზღვრელ მოთამაშედ, თუ მისი როლი გეოგრაფიული მდებარეობის პასიურ უპირატესობამდე შემცირდება.

*შენიშვნა – აღსანიშნავია, რომ თავად ტერმინი „სამხრეთ კავკასია“ ისტორიულად იმ სივრცის აღწერას ემსახურებს, რომელიც რუსეთის იმპერიულმა და საბჭოთა ადმინისტრაციულმა სისტემებმა ერთ რეგიონად ჩამოაყალიბეს. თუმცა დღეს ეს ცნება გაცილებით ფართო შინაარსს ატარებს და საერთაშორისო პოლიტიკაში დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ რეგიონს აღნიშნავს, სადაც უკვე არა მხოლოდ რუსეთი, არამედ აშშ, ევროკავშირი, თურქეთი და ჩინეთიც აქტიურად იბრძვიან გავლენებისთვის.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავადმყოფი ბავშვების დახმარებაზე არაპოლიტიკური რა უნდა იყოს, მაგრამ “ოცნება” თვითონვე ისტერიულად აპოლიტიზირებს ამ ამბავს”...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

“თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – მიხეილ სააკაშვილი

26 მაისის აქციას პოზიტიურ შეფასებას აძლევს და საერთო წინააღმდეგობის...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...