შაბათი, აპრილი 20, 2024

ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის გაერთიანება მოხდეს იდეისა და პროექტების გარშემო – თენგიზ ფხალაძე

პოლიტიკური პროცესი აქტიურ ფაზაში შედის, პარტიები წინასაარჩევნო მზადების რეჟიმში გადავიდნენ. მიდის მსჯელობები მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატებსა თუ ამ მხრივ კონსულტაციებზე. მედიაში ოპოზიციონერი ლიდერის, “ახალი საქართველოს” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის სახელიც გაჟღერდა პრემიერ-მინისტრის სავარაუდო კანდიდატურადაც. აღნიშნულ საკითხზე, ასევე წინასააარჩევნო პერიოდზე, პარტიების შანსებსა და სხვა საკითხებზე სააგენტო „პარალელთან“ ინტერვიუში ისაუბრა ექსპერტმა თენგიზ ფხალაძემ:

  • ბოლო პერიოდში წამოიწია საკითხი მომავალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ამ მხრივ გამოიკვეთა ოპოზიციონერი ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელსაც მოიაზრებენ კანდიდატად. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით და მის შანსებზე?

– პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ საუბარი ამ თემაზე ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციური პარტიები გადავიდნენ  წინასაარჩევნო რეჟიმში და მიმდინარეობს ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტება, რომელმაც გამარჯვების შემთხვევაში უნდა აიღოს ხელში მართვა, სავარაუდოდ ამას უკავშირდება ეს დისკუსია.

კონკრეტულად გიორგი ვაშაძეზე ვიტყვი, რომ უდავოდ საინტერესო პოლიტიკოსია. მისი ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ გიორგი ვაშაძის სახელი უკავშირდება ინოვაციებს, რეფორმებს და მისი სახელი არ არის დაკავშირებული რეპრესიებთან, რისი, ასე ვთქვათ, ერთგვარი დამღაც აქვს ოპოზიციის არაერთ ლიდერს. ამიტომ, ეს უდავოდ მას აძლევს ძალიან საინტერესო პოზიციასა და უპირატესობას.

ამავდროულად  პროექტ „სტრატეგია აღმაშენებლის’’ინიციატივა, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა გაჟღერდა, უდავოდ იმსახურებს ყურადღებას და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება.

ზოგადად, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია იქნება კონსოლიდირებული თავისთავად ცხადია ეს გაზრდის ვაშაძის შანსებსაც. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს გაზრდის თავად ოპოზიციის შანსებსაც, იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს არ მგონია,  ცალკე აღებულ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას გამარჯვების სერიოზული შანსი ჰქონდეს, აქედან გამომდინარე, კონსოლიდირება მათთვის აუცილებელია და კონსოლიდირება მათ შორის გულისხმობს იმას, რომ შეთანხმებული იყვნენ ძირითად თანამდებობებზე და მათ შორის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაში უდავოდ საკვანძო ფიგურაა.

  • როგორ ფიქრობთ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი?

– ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, თავისთავად ცხადია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კანდიდატის პოლიტიკურ გამოცდილებას, მის ხედვას, ინოვაციებს, ახალ იდეებს, ინიციატივებს, იმიტომ, რომ ის დღევანდელი გამოწვევები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის – რა იქნება ახალი შეთავაზება? რა იქნება მაკონსოლიდირებელი იდეა? რა იქნება სიახლე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით? ახალი სიახლეები, ახალი პროექტები… ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რისი შეთავაზება შეუძლია იმ ადამიანს თუ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პრეტენზია აქვს ხელისუფლებაში მოვიდეს.

ცალკე აღებულმა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ  არ მგონია დამოუკიდებლად გაიმარჯვოს ნამდვილად ვერ ვხედავ დღევანდელ დღეს იმ ტიპის ოპოზიციურ  პოლიტიკურ ძალას საქართველოში, რომელიც ცალკე აღებული სერიოზულ კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებას“ და გაიმარჯვებს, თუმცა თავისთავად ცხადია კოალიციურ, კონსოლიდირებულ და გაერთიანებულ ძალას ამის დიდი შანსი აქვს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გიორგი ვაშაძის სახელი ასოცირდება რეფორმებთან, ასოცირდება ინოვაციებთან, „სტრატეგია აღმაშენებელი“ საინტერესო პროექტია, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო იდეას გულისხმობს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანება მოხდეს იდეისა და პროექტების გარშემო. არა ის, რომ გვჭირდება ლიდერი, რომელიც გადაგვარჩენს, არამედ იდეა, რომელიც უკეთესს გახდის საქართველოს. ამის პოტენციალი „სტრატეგია აღმაშენებელში“ შეიძლება რომ ნამდვილად არსებობდეს და მოიძიოს. ამიტომ აქცენტი ინოვაციებსა და სიახლეებზე ძალიან მნიშვნელოვანია.

  • თქვენ გააკეთეთ აქცენტი შანსებთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში ასევე საუბრობენ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შანსები საარჩევნოდ პანდემიის ფონზე კიდევ უფრო შემცირდა, რაც გუშინდელმა განცხადებებმაც ცხადყო, რომელიც ბატონი გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში ანგარიშის წარდგენას მოჰყვა. ამიტომ, როგორი შანსები შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებზე?

– ჯერ წინ არის წინასაარჩევნო რამდენიმე თვიანი პერიოდი. რეალურად, ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც პოლიტიკური ძალები ახლა ემზადებიან ცხარე და ცხელი პოლიტიკური  სეზონის გახსნისათვის, იმიტომ რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში პოლიტიკური პროცესი შენელდა. ახლა არის ის პერიოდი, როდესაც პოლიტიკური ძალები ემზადებიან „ავანსცენაზე“  გამოსვლისათვის, ამ ცხელი პოლიტიკური ბრძოლისათვის. წინასწარ რთულია განსაზღვა შანსების, თუმცა მმართველ გუნდს დიდი უპირატესობა და შანსები აქვს და „ქართული ოცნება“ სერიოზული მოწინააღმდეგე იქნება ოპოზიციისათვის. ამიტომ ვამბობ ოპოზიციაში ცალკე აღებული, არ არის იმ ტიპის რომელიმე პარტია, რომელსაც შეუძლია მმართველ გუნდს გაუწიოს სერიოზული კონკურენცია, ამიტომ კონსოლიდირებულ ოპოზიციას ბევრად დიდი შანსები აქვს.

ექსკლუზიური ინტერვიუს ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული