ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი საინტერესო მასალა, ამჯერად გაიცანით უბადლო მონადირე – ბარი:
ბარი, იგივე გავაზი (Falco cherrug), შავარდნისნაირთა რიგის გამორჩეული მტაცებელი ფრინველია, რომელიც საქართველოს ველურ ბუნებას სეზონურად ამდიდრებს.
სახეობისთვის დამახასიათებელია მკაფიო სქესობრივი დიმორფიზმი – დედალი საგრძნობლად აღემატება მამალს. ფრინველის სხეულის სიგრძე 60 სმ-მდეა, ფრთების განშლა კი.130 სმ-ს აღწევს. ზურგის ნაწილი მორუხო-მურაა, ხოლო მუცელი თეთრი, მურა ან შავი ლაქებით დაფარული.
გავაზის ძირითადი მობუდარი არეალი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის სტეპებია.
ზამთარში, მკაცრი კლიმატისა და თოვლის საფარის გამო, იქ საკვების მოპოვება შეუძლებელი ხდება, რაც მის სამხრეთით მიგრაციას განაპირობებს.
სწორედ ამ პროცესში საქართველო უმნიშვნელოვანესი სამიგრაციო და საზამთრო დერეფანია.
ჩვენი ველების შედარებით რბილი კლიმატი მტაცებელს გამოზამთრებისა და სტაბილური ნადირობის საუკეთესო პირობებს უქმნის.

