ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

მთავრობის მაგივრად ლობისტი მიმართავდეს წერილით პარტნიორებს, ეს ითვლება სამარცხვინოდ და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ამბად – გიგა ბოკერია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოების ანგარიში წარადგინა, შემდეგ კი პარლამენტის წევრებს ჰქონდათ საშუალება კითხვები დაესვათ პრემიერისათვის. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, პირველი კითხვა შეეხებოდა დამოუკიდებლობის დღეს რატომ არ იყო ეროვნული დროშები ჩამოკიდებული; შემდეგ ისაუბრა ოპონენტებს შორის არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, პოლიტპატიმრებზე:

მინდა შევუერთდე ბატონ პრემიერს იმ დღის აღნიშვნაში, მილოცვაში, რომელიც გუშინ იყო 26 მაისს, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე, რომელიც უმნიშვნელოვანესი თარიღია. მაგრამ აქვე ერთი პატარა კითხვა მაქვს, არა ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ეროვნული დროშების ჩამოკიდება რატომ იყო ბატონო პრემიერო პრობლემა ქალაქში ამ დღის აღსანიშნავად? რა პრობლემასთან გვქონდა საქმე, რა შუაშია აქ პანდემია?!

ახლა არსებით საკითხებზე. ბატონმა პრემიერმა ბევრ ისეთ თვითქებასთან და ოპოზიციის კრიტიკასთან ერთად, რომელსაც არანაირად არ ვეთანხმები, თქვა ისიც, რასაც ვეთანხმები. საერთო ჯამში ქვეყანას მთლიანად შეგვაფასებენ ყველგან და საზოგადოებრივ თანხმობას აქვს მნიშვნელობა ოპონენტებს შორის ვეთანხმები ამას.

ამაზე მაქვს სწორედ კითხვა: თქვენ იცით, რომ პანდემიის გარდა, ერთ-ერთი დიდი პრობლემა პოლიტიკური კრიზისია, რომელიც ჩვენს შორის არის. ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ, ვთვლით, რომ ერთი პოლიტპატიმარი ისევ ციხეშია, თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ, იძახით, რომ შეთანხმება არ ყოფილა. მინდა უბრალოდ გვითხრათ, რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს?!

ცოტა ხნის წინ ვნახე, თქვენი ლობისტების მიერ მიწერილი წერილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჯერ ერთი, მინდა გკითხოთ, ვინ გირჩიათ მთავრობის მაგივრად ლობისტი მიმართავდეს წერილით პარტნიორებს? ეს ითვლება სამარცხვინოდ და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ამბად.

ლობისტმა შეიძლება, გირჩიოს როგორ ილაპარაკო, რა სტრატეგია გქონდეს, მაგრამ წერილებს წერს მთავრობა. მაგრამ ამ წერილში, რომელსაც ქვემოთ „ქართული ოცნების“ ლოგო აქვს იწყება ასე: „რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური შეთანხმების შესრულების მიმართულებით და შეიწყალა ორი პატიმარი“.

ანუ აღიარებითი ჩვენება გაქვთ აქ პირდაპირ, თან ამას აღიარებთ და თან ბოლო პოლიტპატიმარს, რომელსაც თქვენ პოლიტპატიმრად არ თვლით და ნუ თვლით კი ბატონო! – გამოშვება არ გინდათ და გინდათ კრიზისი შეინარჩუნოთ. ამიხსენით როდის იტყუებოდით? ამ წერილის დროს?! ახლა?! გუშინწინ?! ერთი პოლიტპატიმრის შემთხვევაში თუ მეორესი?! რურუას შემთხვევაში თუ სხვების შემთხვევაში?!

თუ გაირკვევა, ბატონო პრემიერო, რომ თქვენს მინისტრებს შორის არის მინისტრი, რომელიც ჩვენი პარტნიორების, დასავლეთის კრიტიკას დემოკრატიასთან დაკავშირებით, თუნდაც თქვენი აზრით არასწორს ადარებს რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის ან პუტინის რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ და დამოუკიდებლობის დამხობას, აი ასეთ პარალელს მიიჩნევთ თუ არა სამარცხვინოდ და ეგეთი მინისტრი გასაშვები გყავთ თუ არა?“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული