პარასკევი, აპრილი 26, 2024

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება თუ მოხდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება – არჩილ თალაკვაძე

ევროპარლამენტარის წერილის პასუხად პრემიერის განცხადებას მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი, რა დროსაც განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიები სარგებლობენ იმით, რომ 8 მარტის მოლაპარაკებები არ იყო საჯარო და დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შინაარსის შეთანხმების გასაჯაროებისაგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს, სწორედ ამ ფაქტორს იყენებენ სპეკულირებისათვის. ფასილიტატორ ელჩებს პარლამენტის თავმჯდომარემ სთხოვა ნათელი მოეფინა შეთანხმების შინაარსისათვის, კერძოდ, კი საჯაროდ დადასტურება სთხოვა, რომ მმართველ გუნდს არ აუღია პასუხისმგებლობა, რომ პრეზიდენტს მიეცა სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებები უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების შესახებ. ასევე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება ეს მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება:

„ორ თვეზე მეტი გავიდა რაც 8 მარტის შეთანხმებით თითოეულმა მხარემ ავიღეთ ვალდებულება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემოგვეღო ახალი საარჩევნო სისტემა და უზურნველგვეყო მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდება.

„ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას. სამწუხაროდ, შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით.

„ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები, შეთანხმებაზე მითითებით საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ ინსტიტუტს: პრეზიდენტს, სასამართლოსა და პროკურატურას მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამი პირი, რომელთა მძიმე პოლიტიკური და კრიმინალური წარსულის შესახებ საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა.

მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გაჟღერდა, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი “ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი.

შეთანხმების ხელმოწერამდე სამი დღით ადრე ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბატონებმა უგულავამ და რურუამ გააკეთეს ერთიდაიგივე შინაარსის განცხადებები. კერძოდ, ორივე მათგანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათი გათავისუფლების საკითხს არ უნდა შეექმნა დაბრკოლება მაქსიმალურად პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებისთვის.

უგულავას და და რურუას განცხადებებს 5, 6 და 7 მარტს მოჰყვა მათი თანაგუნდელების განცხადებები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს მათ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების შესაძლებლობის შექმნისთვის. მეტიც, ბატონებმა ბოკერიამ და კაპანაძემ მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჯერ გაფორმდებოდა შეთანხმება საარჩევნო სისტემის შესახებ და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გათავისუფლლდებოდნენ მათი წარმოდგენით ე.წ. პოლიტპატიმრები. მეტიც, ბოკერიამ ისიც კი განაცხადა, რომ პატიმრების საკითხის მოლაპარაკების ნაწილად განხილვა მისთვის მიუღებელიც კი იყო.

მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს დავით ბაქრაძემ, გიორგი ვაშაძემ და ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, ასევე სხვა პოლიტიკოსებმაც ოპოზიციიდან. ასევე ყველა ფაქტი და დოკუმენტი მათ შორის, თავად შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით, არავის წინაშე არ დაუდია.

ამის მიუხედავად ოპოზიცია უტიფრად სპეკულირებს და აცხადებს, რომ თითქოს მმართველმა პარტიამ პატიმრების გათავისუფლების ვალდებულება აიღო და საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით ემუქრება. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება თუ ასეთი რამ მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება ვინაიდან „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და მხარი დაუჭიროს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

აშკარაა, რომ ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა, აშინებს მოახლოებული არჩევნები და კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს. რისთვისაც საგარეო მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს, რაც წარუმატებელი მცდელობა იქნება. შემაშფოთებელია, რომ ელჩების ძალისხმევით მიღებული ეს შედეგი რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობის გამო საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს,’’ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული