ალექსანდრე ელისაშვილი: “ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ და, რაც მთავარია, კეთილსინდისიერ ადამიანებს”

დედაქალაქის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, ქ. თბილისის მერობის კანდიდატმა, ალექსანდრე (ალეკო) ელისაშვილმა დღეს “სამოქალაქო მოძრაობა” დააფუძნა. სიტყვით გამოსვლისას მან მიმოიხილა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და შეფასება მისცა არსებულ რეალობას:

მე ძალიან რთულ რამეს გთავაზობთ ყველას. გთავაზობთ იმას, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ავიღოთ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ ჩვენ ველოდებით ვიღაც მესიებს, დევგმირებს, თეთრ ცხენზე ამხედრებულ რაინდებს ან ძალიან მდიდარ და ძალიან კეთილ ბიძიებს, რომლებიც მოგვიგვარებენ აბსოლიტურად ყველაფერს.

ეს ასე არ ხდება, არანაირი მესია არ არსებობ!

მე გთავაზობთ, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ენერგია, ყველამ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა და ეს უზარმაზარი ძალა, უზარმაზარი ენერგია მივმართოდ არა ვიღაცის დამხობისკენ ან რაღაცის დანგრევისკენ, არამედ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ამ ქვეყნის წინსვლისკენ და ამ ქვეყნის წარმატებისკენ” – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერობის ყოფილ კანდიდატს აუცილებლად მიაჩნია ახალი ძალის შექმნა, რომელიც დაკომპლექტდება პროფესიონალი, კვალიფიციური, პატიოსანი, კეთილსინდისიერი ადამიანებით, რომლებსაც უყვართ სამშობლო, სურთ გააძლიერონ ერთმანეთი და ქვეყანა უკეთესი მომავლისკენ წაიყვანონ:

დღეს ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო მოძრაობას, წარმოგიდგენთ ჩემს რამდენიმე თანამოაზრეს, თანაგუნდელს და მივმართავ მთელ საქართველოს, რომ ნებისმიერი შეიძლება გახდეს ჩვენი გუნდის წევრი.

ჩვენ ვიწყებთ გუნდის, “სამოქალაქო მოძრაობის” წევრების შეგროვებას, ძებნას მთელ საქართველოში. ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ და, რაც მთავარია, კეთილსინდისიერ ადამიანებს. ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც არიან პროფესიონალები და პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც უყვართ ეს ქვეყანა, რომლებსაც უნდა, რომ თავიანთი მცირე თუ დიდი ენერგია შეუერთონ სხვის ენერგიას, მცირე თუ დიდი ცოდნა შეუერთონ სხვისას, ასე გავაძლიეროთ ერთმანეთი და ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა წავიყვანოთ ქვეყანა უკეთესი მომავლისკენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *