კახა კალაძის და თბილისის მერიის ახალი გეგმები

24 ივლისი 2014 წელი
დედაქალაქის მერის დაპირებები:

🔹 მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოებს ვიწყებთ. აღნიშნული გზაგამტარი არსებითად განტვირთავს მოძრაობას ვაშლიჯვრის დასახლებაში და გაზრდის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას საბურთალოსა და დიღომს შორის. ყველამ იცით, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ მონაკვეთზე გადაადგილება, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ პროექტის განხორციელებით, ეს მონაკვეთი სრულად განიტვირთება. გარდა ამისა, თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და ექვსი თვე გაგრძელდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

🔹 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საბოლოო შეთანხმება შედგა და თბილისისთვის პირველად, ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება იწყება. დოკუმენტი ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს დაეფუძნება და საფუძველს ჩაუყრის ნარჩენების სეპარირებისა და აღდგენის სისტემის ჩამოყალიბებას.

ევროპამ და განვითარებულმა მსოფლიომ კარგად გაიაზრა, რომ ნარჩენი არ არის ისეთი რამ, რასაც თავიდან ვიშორებთ. იგი შეიძლება გადავამუშაოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებით. ეს მიდგომა არამარტო დაიცავს ზოგადად გარემოს, არამედ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უნარჩენო წარმოების განვითარებას, რაც მგონია, რომ ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ის სტრატეგია, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუნიციპალიტეტთან ერთად შეიმუშავებს, იქნება საწინდარი იმისა, რომ თბილისი ძალიან მალე, ეტაპობრივად გადავა ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუჩებში სეპარირებული ურნები ეტაპობრივად განთავსდება.

გარკვეული ხელშეკრულება იყო გაფორმებული, თუმცა ძალაში არ შესულა, რადგან სისტემა, რომელსაც ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებდა, მოძველებული იყო, აღარ შეესაბამებოდა ნარჩენების მართვის კოდექსს, ნარჩენების მართვის სამთავრობო სტრატეგიას და ასოცირების ხელშეკრულებას. ასევე, ეწინააღმდეგებოდა ნარჩენების ადგილზე სეპარირების იდეას, რომელზეც საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს. სწორედ სეპარირებისა და მწარმოებლის ვალდებულებების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა ხელშეკრულების პროექტი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა დაწუნებული და მერიას მიეცა რეკომენდაცია, რომ კომპანიასთან ერთად შეეცვალა ხელშეკრულების პირობები, თუმცა ამაზე მოლაპარაკება ვერ შედგა. მეტიც, მათ უარი განაცხადეს 25 წლის ვადით გადაცემული მიწის დაბრუნებაზე, რის შემდეგაც, სასამართლოს მივმართეთ, რათა საკუთრებაზე მუნიციპალიტეტის უფლება აღდგეს.

🔹 დღეს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა წარმოვადგინეთ, რომელიც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. დღეს წარმოდგენილი პრეზენტაციით კი, საზოგადოებას დავანახეთ, თუ როგორ გეგმავს დედაქალაქის მერია იმ პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრას, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის აქტუალურია. ვისაუბრეთ იმაზე, რომ 2018-2019 წლებში ყვითელი ავტობუსები ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის ავტობუსებით მთლიანად იქნება ჩანაცვლებული. ასევე, საუბარი იყო მეტროს განახლებაზე, მოდერნიზაციასა და რეაბილიტაციაზე, როგორც ვაგონების, ასევე მეტროსადგურების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოხდება სამგზავრო ვაგონების სრული რეაბილიტაცია, რათა გადაადგილება უფრო კომფორტული გავხადოთ და მოცდის რეჟიმი დაახლოებით, ორ წუთამდე შევამციროთ. მგონია, რომ ამ მიმართულებით მომდევნო წლების განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული. საუბარი იყო ქალაქში პარკირების მოწესრიგებაზე. ვისაუბრეთ ასევე, ტაქსების რეგულაციების შემოღებაზე, რაც ძალიან მნოშვნელოვანია.

🔹 ტაქსის ნებართვის მაძიებლები ძალიან მარტივად, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გაივლიან რეგისტრაციას, რისთვისაც მიუთითებენ პირად მონაცემებს, მართვის მოწმობისა და ავტომანქანის ტექპასპორტის ნომრებს და ელექტრონულად გადაიხდიან ნებართვის საფასურს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში მიიღებენ შესაბამის საბუთს. გარდა ამისა, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ გამგეობებს, სადაც ნებართვებს მიიღებენ.

ნებართვის ერთი წლით აღების საფასური ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდებისთვის 50 ლარს, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასო იქნება. აღნიშნული მოსაკრებლის გარდა, რაიმე დამატებითი გადასახადის გადახდა ნებართვის მფლობელს არ მოუწევს. ტაქსის ნებართვის მფლობელი მუშაობისას ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი სალონში გამოაკრას და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება.

ტაქსების სანებართვო რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყება და ყურადღება მიექცევა ტაქსის ვიზუალს – ფერს, რომელიც წინასწარ იქნება განსაზღვრული. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები შემუშავდება მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ტაქსებისთვის.

🔹 რამდენიმე დღის წინ, ორ ადამიანს, რომლებიც ყველასთვის დასაფასებელი და საყვარელი ადამიანები არიან – ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს და ბატონ ბუბა კიკაბიძეს, იუბილე ჰქონდათ. მინდა, მათ დიდი სიყვარულით მივულოცო, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვო. ასევე, ორივე მათგანს ქაართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელები გადავცე.

Kakha Kaladze კახა კალაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *