საპროტესტო აქციების ახალი ტალღა რუსთაველზე: ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა შიმშილობა დაიწყეს

3 თვის შემდეგ ისევ განაახლეს აქციები შვილმოკლულმა მამებმა და სრულიად საქართველოს, განურჩევლად რელიგიისა თუ პროფესიისა, მოუწოდეს მხარდაჭერისთვის.

მალხაზ მაჩალიკაშვილი: “როგორც ხედავთ, 3 თვის შემდეგ ისევ მოგვიწია ქუჩაში გამოსვლა, იქედან გამომდინარე, რომ არანაირი სამართალი არაა და გვექნება თხოვნა ყველა ქართველისადმი, საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანებისადმი, გამოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდში, იმისთვის რომ, ბოლოდაბოლოს დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მე, ჩემთან ერთად ზაზაც და დანარჩენებიც ჩაგვყარეს ამ შავ დღეში“.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას მხარში დგომისკენ, რომ არ გაგრძელდეს მსგავსი დანაშაულები და ამ დანაშაულების დაფარვა.

მე ქართველი ერის წინაშე თავს დავდებ, რომ არ იყო არც თემირლანი რამეში დამნაშავე და როგორც მე გამომაცხადეს ტერორისტად, მე არასოდეს არ მქონია ასეთი მიზნები. მე ვარ საქართველოს შვილი და ქართველების ძმა და ვიქნები ბოლომდე” – აცხადებს  მალხაზ მაჩალიკაშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილისა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით

აქციის მონაწილეებს მიმართა ზაზა სარალიძემაც:

დღეს, ისევ და ისევ, 9 თვის შემდეგ, გვიწევს ქუჩაში გამოსვლა და ქუჩაში გვიწევს სამართლის ძებნა. დღეს ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა, რომ ჩემი შვილის მკვლელები უნდა იყვნენ გარეთ, დღეს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც გააყალბა ეს საქმე, უნდა იყვნენ თანამდებობებზე, რომ არავის შეუშლია ხელი გამოძიებისთვის. თავად ხელისუფლება არის დღეს მკვლელი და მკვლელებზე ხელის დამფარებელი! მე დღეს აქედან ფეხს არ მოვიცლი, აქ ვიქნები მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება ჩვენს ქვეყანაში“.

ამ უმკაცრესი შეფასებების შემდეგ ზაზა სარალიძე აყენებს კონკრეტულ მოთხოვნებს. კერძოდ, დაიწყოს მსჯელობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე:

ჩემი კონკრეტული მოთხოვნა არის, რომ გადადგეს ეს ხელისუფლება! არავითარი წულუკიანი, არავითარი გახარია, ხელისუფლება გადადგეს, იმიტომ რომ ისინი დღეს მფარველობენ ამ მკვლელობებს, არა მარტო ჩემი შვილის მკვლელობას, არამედ ჩვენ ნათლად დავინახეთ რამდენი ადამიანი, რამდენი შვილი მოკლეს” – აცხადებს ზაზა სარალიძე.

თავისი გამოსვლის ბოლოს, ზაზა სარალიძემ გამოაცხადა შიმშილობის დაწყება და საქართველოს მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *