მაღალმთიან სოფლებში მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდება.

მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის 87 სოფლის 178 ოჯახში სპეციალური სისტემების მონტაჟი სექტემბრიდან დაიწყება და იანვრის ბოლომდე დასრულდება.

მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებულია მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან.

მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარებისა სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) უწევს. დახმარების ფარგლებში  ხდება საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლების ინვენტარიზაცია და პროგრამის მენეჯერის დაქირავება, რომელიც ადგილზე უზრუნველყოფს პანელების დამონტაჟების ზედამხედველობას, ოჯახების ინფორმირებას პანელების ტექნიკური შესაძლებლობების და გამოყენების შესახებ.

პროცესში ჩართული არიან მუნიციპალიტეტების მერები და სახელმწიფო რწმუნებულები.

მზის პანელების მიწოდება-მონტაჟსა და თანმდევ საგარანტიო მომსახურებას კომპანია „იუჯითი“ განახორციელებს. ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია.

ეს არის საქართველოს მთავრობის მეორე ინიციატივა, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

ფონდი ასევე აფინანსებს ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობების ინტერნეტიზაციას, რომელიც დღეის მდგომარეობით აქტიურად მიმდინარეობს.

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხიდან, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობებში ინტერნეტქსელის აგებისა და ოპერირებისათვის 15 მარტს „მთის სათემო ქსელთან“ გაფორმდა ხელშეკრულება.

„მთის სათემო ქსელს“ პროექტის რეალიზაციასა და მართვაში საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA) ეხმარება.

გასულ წელს ინტერნეტიზაციისათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოიყო 246 805 ლარი.

პროექტის შემუშავებაში ასევე მონაწილეობდნენ ICOS და ჩეხეთის საელჩო საქართველოში.

საქართველოს მთავრობა მომავალშიც აპირებს ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას, რაც ინტერნეტს ხელმისაწვდომს სხვა რეგიონებშიც გახდის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *