არავინ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი, ბრძოლა იქნება ბოლომდე – ზაზა სარალიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა სააპელაციო საჩივრების განხილვა ქ.თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე.

სააპელაციო სასამართლომ ცვლილება შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 ივნისის განაჩენში:

სასამართლომ არ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის განაჩენი იმ ნაწილში, რომ გ.ჯ.-მ ჩაიდინა დ.ს.-ის მხოლოდ მკვლელობის მცდელობა. სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს, ქ.თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვან დ.ს.-ის განზრახ მკვლელობა ჩადენილ იქნა ჯგუფურად გ.ჯ.-ს და ასევე სხვა დაუდგენელი პირის მიერ.

შესაბამისად სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დ.ს.-ის მკვლელობა ჩადენილ იქნა ჯგუფურად გ.ჯ.-ს მიერ, თუმცა არა გ.ბ.-სთან ერთად.

რაც შეეხება არასრულწლოვან გ.ბ.-ს, განაჩენი მის მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ გ.ჯ.-ს და გ.ბ.-ს დაუმძიმა სასჯელები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად თითოეულს სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გაკეთდა შესაბამისი შეფასება-განცხადებები, როგორც შვილმოკლული მამის, ასევე მისი უფლებადამცველისა და სხვათა მხრიდან:

წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლის შესახებ კარგად იცის საზოგადოებამ, პირველად გამოჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა.

ბრძოლა გრძელდება ისევ, ბოლომდე, არავინ არ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი.

ბრძოლა იქნება ბოლომდე!

მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ აქვთ ძალიან ცოტა დრო დარჩენილი.

ეს ბრძოლა არ გაჩერდება! ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს!

არავის არაფერს არ შევარჩენ!” – განაცხადა ზაზა სარალიძემ, სასამართლო სხდომის დამთავრების შემდეგ.

შვილმოკლული მამის უფლებადამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დღემდე უცნობია ვინაა დავით სარალიძის მკვლელი და რომ პროკურატურას ქმედითი ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, ამ მხრივ.

მივესალმებით სასამართლოს გადაწყვედილებას და ვთვლით, რომ სასამართლომ თავის თავზე აიღო ძალიან დიდი როლი, ამ შემთხვევაში. 

სასამართლომ სრულად მიუთითა პროკურატურას, რომ გამოუძიებელია საქმე, მას დაუდგენელი პირები ჰყავს საქმეში, არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა იქეთკენ, რომ ეს დაუდგენელი პირები დადგენილად ექცია.

არაერთი დარღვევა ფიქსირდება საქმეში და მე შემიძლია თამამად ვთქვა – ეს არ არის შეცდომები, ეს არის მიზანმიმართული დარღვევები ამ საქმეში, რომ დღეს აქამდე მოვსულიყავით, არასრულწლოვანი, რომელიც 12 ჭრილობით არის გარდაცვლილი, დღეს უცნობია მისი მკვლელი ვინ არის და პროკურატურას დღეს ქმედითი ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს” – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ “რუსთავი 2”-ს ჟურნალისტთან ინტერვიუში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავის მხრივ, მზადყოფნას გამოხატავს გამოცხადებული განაჩენის შესაბამისად ჩაატაროს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები.

მოგეხსენებათ, ძირითადი საქმიდან გამოყოლილ საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას და გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მას შემდგომ, რაც საგამოძიებო ორგანო  გაეცნობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების სამოტივაციო და აღწერილობით ნაწილს, ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ და ჩავატარებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, უმოკლეს ვადებში, ამ განაჩენში გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით, რის შემდგომაც აუცილებლად, უმოკლეს ვადებში, ვიმსჯელებთ ამ დანაშაულში სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე” – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ ბორცვაძემ.

კომენტარი გააკეთა საქართველოს შს მინისტრმაც:

ის განაჩენი, რომელიც დღეს აპელაციაში დადგა, ჩვენ გამოყოფილი საქმის ფარგლებში გვაძლევს საშუალებას თავიდან წავიკითხოთ ყველა გარემოებები ამ საქმის იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ მოსამართლეების ის პოზიცია, რომელიც იქნება ამ გადაწყვეტილების განმარტებით ნაწილში.

ჩვენ დაველოდებით, ყურადღებით წავიკითხავთ და რა თქმა უნდა ვიმოქმედებთ ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ ყველას გვესმის, რომ მართლმსაჯულების სისტემამ, ამ საკითხზე, სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს რაც შეიძლება მალე” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

P.S. 2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია მიხეილ კალანდია.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *