თეონა ჭალიძე კონკრეტული მოთხოვნებით მიმართავს ოთარ დანელიას

“ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას მიერ  გამოთქმულ მოსაზრებას, საბავშვო ბაგა-ბაღებსა თუ მიუსაფართა თავშესაფარებში კვების ნაწილში კონტროლის გამკაცრების აუცილებლობის გამო, შესაბამისი კანოპროექტის მომზადებასთან დაკავშირებით და მიმართავს კონკრეტული მოთხოვნებით:

“ბატონი ოთარ დანელიას საყურადღებოდ: მოვითხოვთ კონკრეტული ბიზნეს ოპერატორების, სახელებისა და გვარების დასახელებას, რათა საზოგადოებამ გაიგოს თუ საბავშვო ბაგა-ბაღებში ვინ შეტანა ცხენის ხორცი (დიდი ალბათობით უხარისხო), სად და როდის? დღეისათვის დადასტურებულად ცნობილია მხოლოდ სამტრედიაში მომხდარი ფაქტი და ველოდებით სხვა ფაქტების გასაჯაროვებას.

ბატონო ოთარ, თქვენი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნისას მომხდარ მსგავს ფაქტებზე თქვენვე გეკისრებათ პასუხისმგებლობა და ხელს კი არ უნდა აფარებდეთ და მალავდეთ, პირიქით უნდა ასაჯაროვებდეთ. არ გამოვრიცხავთ, რომ ეგ ბიზნეს ოპერატორები ახლაც ოპერირებენ ბაზარზე და ტენდერებშიც მონაწილეობენ. ასე რომ ბატონო დეპუტატო, მეტი ანგარიშვალდებულება იქონიეთ საკუთარი მოქალაქეების მიმართ! კონკრეტიკისგან თავს იკავებთ და მთელი საქართველოს მასშტაბით მშობლები რა დღეში არიან, არ გადარდებთ?

აქვე ცნობისთვის: 2018 წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კერძო და საჯარო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განხორციელდა 1290 სახელმწიფო კონტროლი. შემოწმების შედეგად გამოვლინდა  15 კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორებს შეუჩერდა საწარმოო პროცესი. ინსპექტირების პარალელურად წლის განმავლობაში განხორციელდა 2350 დოკუმენტური შემოწმება და გამოვლენილი დარღვევების გამო 120 ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა. ვფიქრობ საგანგაშო სტატისტიკაა, რაც დროულ და ეფექტურ რეაგირებას მოითხოვს.

ყველაზე მეტი მძიმე დარღვევა თბილისსა და კახეთის რეგიონში არსებულ ბაღებში დაფიქსირდა.  დიახ გეთანხმებით, ნამდვილად აუცილებელია კანონმდებლობის გამკაცრება, რომ არ შერჩეთ მსგავსი გამიზნული ქმედებები თუ დაუდევრობები უპასუხისმგებლო კომპანიებს, მით უფრო როცა საქმე ბავშვებს ეხებათ. ასევე მიგვაჩნია, რომ კანონი უნდა შეეხოს ასევე საქართველოს მასშტაბით ე.წ. უფასო სასადილოებსაც, სადაც ასევე ბევრი დარღვევა ფიქსირდება. აქვე აუცილებლად მიგვაჩნია,  კანომდებლობით განისაზღვროს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს ნიმუშების აღების უფლება საკვები პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმებისთვის“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *