შსს მომსახურების სააგენტოს ერთდღიანი შეზღუდვა და სიახლეები მომსახურების სერვისის მხრივ

3

შსს მომსახურების სააგენტო მოსახლეობას აცნობებს, რომ იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების პროგრამის მონაცემთა ბაზების ახალ სერვერებზე გადატანის გამო შეუძლებელი იქნება სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან წვდომა და სერვისის განხორციელება, შესაბამისად კვირას, 17 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს. ოპტიმიზაციის პროცესი ერთ დღეში დასრულდება და სააგენტოს ყველა ფილიალში სამუშაო პროცესი 18 თებერვალს ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

რამდენიმე დღის წინ, ასევე, ცნობილი გახდა, რომ მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სააგენტოს სერვისცენტრები 8 თებერვლიდან 1 მარტამდე მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადიან.

კერძოდ, მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაზრდილია სამუშაო საათების რაოდენობა და მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეცვლა შეუძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, D და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა კანონით 2018 წლის 1 სექტემბრამდე განისაზღვრა, თუმცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე, მომსახურების სააგენტომ 6 თვით გაახანგრძლივა.

აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობების შეცვლის ვადებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოახდინა მოქალაქეთა ინფორმირება და არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. მათ შორის, ყველა ფიზიკურ პირს, რომლის სახელზეც ირიცხება აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობა, კუთვნილი მობილურის ნომერზე გაეგზავნა პირადი შეტყობინება. ასევე, ყველა იურიდიულ პირს, რომლის მფლობელობაშიც იყო აღნიშნული კატეგორიების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები, გაეგზავნა ოფიციალური წერილი.

მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში ზემო აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობები ყოველდღიურ რეჟიმში იცვლებოდა, მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა ბოლო დღეებში, რის გამოც სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის.

აქვე გვსურს შეგახსენოთ, რომ ცვლილება არ ეხება B კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს ვისაც BC, BD, BCD კატეგორიები და ქვეკატეგორიები აქვთ და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნული მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცვლას 1 მარტის შემდეგაც უგამოცდოდ შეძლებენ.

აქვე გაგაცნობთ სხვა კატეგორიების მართვის მოწმობებისთვის განსაზღვრულ ვადებს:

2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2019 წლის 1 მარტამდე.

2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე.

კომენტარები