შაბათი, ივლისი 19, 2025
31.8 C
Tbilisi
Home Blog Page 1634

დარღვევებს ეთანხმება ამერიკის საელჩო, სახელმწიფო დეპარტამენტი და ყველა ჩვენი პარტნიორი – დავით ბაქრაძე

დღეს, 18 ნოემბერს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოადგილე, ფილიპ რიკერი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ამერიკელმა დიპლომატმა შეხვედრაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ქვეყანა დატოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ:

ჩვენი პოზიციის იმ ნაწილში, რომელიც ეხება არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს, არანაირი განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგვჭირვებია, რომ ამაში დაგვერწმუნებინა სახელმწიფო მდივნის მოადგილე. დარღვევებს ეთანხმება, როგორც ამერიკის საელჩო, სახელმწიფო დეპარტამენტი და ყველა ჩვენი პარტნიორი. ამიტომ, დარღვევებთან და ამ დარღვევების სიმძიმესთან დაკავშირებით, პოზიციები არის ერთმანეთთან ძალიან ახლოს. რაც შეეხება იმას, ამ ტიპის დარღვევები უნდა მივიღოთ თუ არა და უნდა დავეთანხმოთ თუ არა იმ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას, რომელიც გამომდინარეობს ასეთი სიმძიმის დარღვევებისგან, რა თქმა უნდა, აქ შეიძლება იყოს განსხვავებული პოზიციები. ამ თემასთან დაკავშირებით ვაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან.

საერთო ჯამში, ეს არის ქართული პოლიტიკური სპექტრის და ქართველი მოსახლეობის გადასაწყვეტი თუ რამდენად მისაღებია გაყალბების გზით არჩეულ პარლამენტში მონაწილეობა.

ჩვენი ამოცანა არ არის ქუჩაში გასვლა და ამ ქვეყანაში დესტაბილიზირება, პირიქით, ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. თუმცა, ჩვენი შეფასებით, იმ ხარისხის დარღვევებმა, რომელიც დაფიქსირდა არჩევნებზე, შეუძლებელი გახადა ეს ყველაფერი ახალი არჩევნების გარეშე,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და მისი წარმომადგენელი ფილიპ რიკერი, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუტოვებია საქართველო და შეხვედრები გამართა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.

ავტორი
ნინი შავლაძე

ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის – მაიკ პომპეო

საქართველოს მთავრობის მეთაური, გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გლობალური პანდემიის პერიოდში საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა:

უპირველეს ყოვლისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად ვაფასებთ შეერთებული შტატების ხალხისა და მთავრობის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. კარგად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, რადგან საოკუპაციო ძალები კვლავ არიან განთავსებული ჩვენს მიწაზე.

ჩვენ ვიცით, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება ფასეულობებს – თავისუფლებას, დემოკრატიას და რა თქმა უნდა, საერთო გეოსტრატეგიულ ინტერესებს. რეგიონისთვის ამ ძალიან ცვალებად დროში ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხებია განსახილველი. ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას გიხდით საქართველოში ვიზიტისთვის“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მტლიანობისადმი, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

„ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.

მაიკ პომპეოს ვიზიტის დასრულების შემდეგ, მისმა სამდივნომ სოციალურ ქსელ ტვიტერში, საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კონკრეტული პოსტი გაავრცელა: “გავფრინდით საქართველოდან, ნაყოფიერი საუბარი მქონდა ჩემს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მტკიცე, დინამიური, ორმხრივი ურთიერთობა არის მყარი საფუძველი საერთო ფასეულობებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულების“.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

ჩვენს უკან დგას უამრავი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ითხოვს სამართლიანობის აღდგენას – გრიგოლ ვაშაძე

საქართველოდან მაიკ პომპეუს გაცილების შემდეგ გაიმართა შეხვედრა ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპული და ევრაზიულ საკითხთა ბიუროს თავმჯდომარეს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ფილიპ რიკერს შორის. შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ:

„მათ ყურადღებით მოისმინეს ის, რაც ჩვენ ვუთხარით. ვესაუბრეთ ფაქტებით დარღვევებზე, გაყალბებებსა და საოლქო და საუბნო კომისიების უმსგავსო ქცევებზე, როდესაც მათ პირდაპირ ხელით დაიწყეს ოქმების გადაწერა.

ვესაუბრეთ ჩვენ მოსაზრებებზე თუ რა უნდა იყოს შესაძლებელი გამოსავალი ამ კრიზისიდან.

გამომდინარე იქიდან თუ რაოდენ რთულია ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რაოდენ რთულია მდგომარეობა რეგიონებში და სრულიად საქართველოში, მთელი მსოფლიო არის გაყინული და ებრძვის კორონავირუსს, სასწრაფოდ არის საჭირო საქართველოში კომპრომისის მონახვა. ჩვენს უკან დგას უამრავი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ითხოვს სამართლიანობის აღდგენას,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. ისინი პოზიციას არ ცვლიან და კვლავ ითხოვენ ხელახალ არჩევნებს.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში და შევიდნენ პარლამენტში – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდი სოციალური ქსელში, თვითერზე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებს:

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში და პარლამენტარის მანდატები გამოიყენონ, რათა პატივი სცენ დემოკრატიული გზით გამოხატულ მოქალაქეთა ნებას“,წერს “ტვიტერის” გვერდზე მარინა კალიურანდი.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

20 ნოემბრიდან ვაკის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

როგორც დედაქალაქის მერია გვამცნობს, ვაკის რაიონში, 20 ნოემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სიტემა ამოქმედდება. ზონალური პარკირებისთვის აღნიშნულ რაიონში 1 629 ადგილია განსაზღვრული.

მსუბუქი ავტომობილების პარკირებისთვის 1 577 ადგილია გამოყოფილი, შშმ პირთათვის 47 ადგილი, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის ხუთი ადგილია განსაზღვრული.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაკის რაიონში შემდეგნაირად გადანაწილდა: ილია ჭავჭავაძის გამზირი – 41 ადგილი; ატენის ქუჩა – 12 ადგილი; ნინო რამიშვილის ქუჩა – 8 ადგილი; ნუგზარ საჯაიას ქუჩა – 56 ადგილი; ლევან მიქელაძის ქუჩა – 62 ადგილი; თენგიზ აბულაძის ქუჩა – 27 ადგილი; ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა – 53 ადგილი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა – 29 ადგილი; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი – 31 ადგილი; არჩილ მიშველაძის ქუჩა – 81 ადგილი; ირაკლი აბაშიძის ქუჩა – 316 ადგილი;

მცხეთის ქუჩა – 79 ადგილი; შროშის ქუჩა – 22 ადგილი; იოველ ქუთათელაძის ქუჩა – 8 ადგილი; ვასილ ბარნოვის ქუჩა – 50 ადგილი; ტარას შევჩენკოს სკვერის მიმდებარედ – 39 ადგილი; კორნელი კეკელიძის ქუჩა – 101 ადგილი; ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა – 299 ადგილი; ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა – 15 ადგილი; ნაფარეულის ქუჩა – 21 ადგილი;  რაფიელ ერისთავის ქუჩა – 11 ადგილი; ბაზალეთის ქუჩა – 10 ადგილი; დიდიმ მირცხულავას ქუჩა – 26 ადგილი; დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა – 42 ადგილი; ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩა – 21 ადგილი; ლადო კავსაძის ქუჩა – 17 ადგილი; ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩა – 28 ადგილი; ილო მოსაშვილის ქუჩა – 111 ადგილი.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე უძრავი ქონება გააჩნიათ, უფლება აქვთ, მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე უფასო პარკირებით ისარგებლონ. ამასთანავე, ზონალური პარკირებით სარგებლობა უფასოდ, შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ.

ზონალური პარკირებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ჯიხურები განთავსებული იქნება  შემდეგ ლოკაციებზე: თამარაშვილის ქუჩა N11; ყიფშიძის ქუჩა N9; მიშველაძის ქუჩა N2; ბერძენიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთა N62; აბაშიძის ქუჩა N40; მრგვალი ბაღი; ფალიაშვილის ქუჩა/გეგეშიძის ბაღი; კეკელიძის ქუჩა N14. მუნიციპალურ პავილიონებში მოქალაქეები პარკირების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე – www.tp.ge, სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკადასტრო კოდი აღინიშნება.

ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით, მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით, ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით, ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.

ნებისმიერი პირისთვის 24 საათის განმავლობაში, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა.

“იმედი გვაქვს, ოპოზიცია ყურად იღებს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას პარლამენტში შესვლაზე” – ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში ბრიფინგი გამართა პარტიის აღმასრულებელმა მდივნმა, ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება და შევიდეს პარლამენტში. მან ასევე მოუწოდა ოპოზიციას დებატებში მონაწილეობისკენ:

პირველ რიგში, გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში. ეს ვიზიტი არის ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს და საქართველოს პროამერიკული ხელისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება. ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი ახალ სტიმულს შესძენს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და გაღრმავებას.

ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების გუშინდელ განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია ასამბლეის წარმომადგენელთა მოწოდება ოპოზიციის მიმართ, შევიდნენ პარლამენტში და თავიანთი საქმიანობა დემოკრატიულ ინსტიტუციებში განაგრძონ. იმედი გვაქვს, ოპოზიცია ყურად იღებს საერთაშორისო პარტნიორების ამ მოწოდებას.

აქვე, გვსურს, კიდევ ერთხელ მოვიწვიოთ ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებში, რათა არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა დეტალს საჯაროდ მოვფინოთ ნათელი. სამწუხაროა, რომ ისინი უკვე სისტემატურად ამბობენ უარს ყველა იმ შეთავაზებაზე, რომელიც არჩევნების შეფასებასთან არის დაკავშირებული. მათ თავდაპირველად გაუგებარი მიზეზით თქვეს უარი საარჩევნო უბნების გადათვლაზე და საარჩევნო უბნებში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენებაზე. გუშინ კი, მათ თქვეს უარი არჩევნებთან დაკავშირებულ დებატებში მონაწილეობაზე. აშკარაა, რომ აქვთ შიში ყველა იმ შეთავაზების მიმართ, რომელიც ნათელს მოფენს საარჩევნო პროცესს. თუმცა, უნდა ეყოთ სითამამე, გაბედონ და ჩაერთონ დებატებში, რათა საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით.

ჩვენს სითამამეს ზურგს უმაგრებს სიმართლე, ხოლო მათ თავშეკავებას საფუძვლად უდევს სიყალბე, რომლითაც ისინი არჩევნების შეფასებისას გამოირჩევიან. დებატებში მონაწილეობაზე უარი ჩაითვლება ოპოზიციის კაპიტულაციად და შესაბამისად, მათი ყოველგვარი საუბარი არჩევნებთან დაკავშირებით უხეშ სპეკულაციად შეფასდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

National Geographic-მა სვანეთი 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic-მა საქართველო, სვანეთი 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს.

🔵 National Geographic საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს. 25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში National Geographic-ის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები 5 კატეგორიად არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი.

 National Geographic-ის პორტალზე წარმოდგენილია სვანეთის ფოტოები და დეტალურად მოთხრობილია რეგიონის შესახებ – https://www.nationalgeographic.com/…/best-of-the-world-2021/

🔷 National Geographic-ი სვანეთის შესახებ:
შორეულ, მაგრამ სტუმართმოყვარე სვანეთს 15 ათასი ფუტი სიმაღლის მწვერვალები დაჰყურებს.

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონი შუასაუკუნოვანი ქვის კოშკებით გამოირჩევა, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელ, ასევე თავდაცვით ზღუდეს წარმოადგენდა. ეს ციხესიმაგრეები იმ ეპოქის დასტურია, როდესაც სვანური ოჯახები პატარა სოფლებში საკუთარი მიწის შესანარჩუნებლად მამაცურად იბრძოდნენ. ერთ-ერთი მათგანია უშგული, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. უშგული ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებაა.

ერთ დროს კანონის არარსებობით ცნობილი სვანეთი დღეს სტუმარ-მასპინძლობით გამოირჩევა. როგორც მოგზაური მწერალი და ფოტოგრაფი მიხალ გლომბოვსკი ამბობს სვანეთში ქეიფი, სადღეგრძელოები და სასმელები დღიურ წესთა ნაწილია. სვანეთი გამოირჩევა ტრანსკავკასიული სამთო ბილიკებით, ეს არის ამბიციური სალაშქრო ბილიკების ქსელი, რომელიც ერთმანეთთან საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს აკავშირებს.

მოლაშქრეებისთვის პოპულარულია 4-დღიანი ტურები მესტიიდან უშგულამდე, სადაც უმაღლეს მწვერვალებსაც ათვალიერებენ”.

“ბლეფია” იმის მტკიცება, თითქოს თუ ოპოზიცია იტყვის, რომ აღარ გვინდა მეორე ტური, იგი არ შედგება – თეა წულუკიანი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო, ბრიფინგზე ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და აღნიშნა, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური დაგეგმილია და იგი აუცილებლად ჩატარდება:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით რეგიონში დღეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარების მხედველობაში მიღებით. ბატონ მაიკ პომპეოს ორდღიანი ვიზიტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, კიდევ ერთხელ მკაფიოდ უსვამს ხაზს საქართველოს მნიშვნელობას თავისუფალი სამყაროსათვის.

30 წელზე მეტია ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი თავისუფლების, სისხლით მოპოვებული დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის უმთავრესი მხარდამჭერი.

ამ ფონზე, მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი და მის მიერ მართული ზოგიერთი ძალები, სამწუხაროდ რჩებიან მთავარ ანტიდასავლურ ძალად, საქართველოში. ამის ნათელი დადასტურებაა მიხეილ სააკაშვილის ტრადიციულად ქცეული ანტიდასავლური, არა მხოლოდ პოლიტიკური ქცევა და კულტურა, არამედ ანტიდასავლური რიტორიკა. კერძოდ, სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბატონი კოქსი არის რუსეთის აგენტი, ის არის რუსეთის კმაყოფაზე მყოფი.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მეორე ტურთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულ ამომრჩეველს, ვის მხარდამჭერადაც არ უნდა მოიაზრებოდეს, ავუხსნათ, რომ ოპოზიციის განცხადება, თითქოს ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, არის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი „ბლეფი“, რადგან ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში ვინმემ აღარ მიიღოს მონაწილეობა.

თქვენ როდესაც მიბრძანდებით საარჩევნო ურნასთან, რა თქმა უნდა, იქნება სხვადასხვა პარტიების კანდიდატები, ამიტომ არჩევანის საშუალებას, როგორც აქამდე, ხელისუფლება და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები უზრუნველყოფს, მეორე ტურზეც, რა თქმა უნდა, თქვენ გექნებათ არჩევანი და მას გააკეთებთ.

მე მინდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოვუწოდო უპრეცედენტო მობილიზებისკენ, რადგან მეორე ტური არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების დღე და კარგი იქნება თუ ოპოზიციის ამომრჩეველიც გამოვა და მათთვის სასურველ კანდიდატს მისცემს ხმას. შესაბამისად, მეორე ტური შედგება და „ბლეფია“ იმის მტკიცება, თითქოს თუ ისინი იტყვიან, რომ აღარ გვინდა მეორე ტური, იგი არ ან ვერ შედგება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

თბილისი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კამპანიას შეუერთდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საშვილოსნოს კიბოს ელიმინაციის კამპანიას იწყებს, რომელსაც მსოფლიოს 194 ქვეყანასთან ერთად, საქართველოც შეუერთდა.

ელიმინაციის კამპანიის ფარგლებში, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საშვილოსნოს კიბოს ფერში ნათდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აქციას საქართველოს დედაქალაქიც შეუერთდა და თბილისის სატელევიზიო ანძა განათდა.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული პირებისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა. პროგრამაში, დედაქალაქის მასშტაბით, 30 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული, მათ შორის, თბილისის მერიის ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“.

მიმდინარე წელს, თბილისის მერიამ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის 22 750 შემთხვევა დააფინანსა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

ყველა უმსგავსობა, რასაც სააკაშვილი ჩადის და თქვენ უყრუებთ, ამომრჩევლისთვის არის სიგნალი, რომ ასეთივე უმსგავსი იქნება მისი პარტია კოალიციურ მთავრობაში და ასევე წაუყრუებთ – თამარ ჩერგოლეიშვილი

ინტერნეტგამოცემა “ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს და საქართველოს მე-3 პრეზიდენტ,  მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში მწვავე პოზიციას აფიქსირებს:

„ენმ-ს მიღმა ოპოზიციის ლიდერებს და წევრებს მივმართავ, კონკრეტულად მათ, ვისაც ჰგონია, რომ სააკაშვილის უმსგავსობებზე წაყრუება ჭკუის ნიშანია:

ყველა უმსგავსობა, რასაც სააკაშვილი ჩადის და თქვენ უყრუებთ, ამომრჩევლისთვის არის სიგნალი, რომ ასეთივე უმსგავსი იქნება მისი პარტია კოალიციურ მთავრობაში და ასევე წაუყრუებთ.

არანაირ ნდობას არ აღძრავს ეგ ვითომ ტაქტიკური წაყრუება იმ ამომრჩეველში, რომელიც ბიძინასთვის მოსაგებად გჭირდებათ.

უფრო მეტიც – ჩემთვისაც კი სიგნალია, რომ ასეთ კოალიციაში სააკაშვილი იქნება უსაქციელო, ისპეკულირებს ზომით და სხვები წაუყრუებენ” – წერს თამარ ჩორგოლეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე