პარასკევი, მარტი 29, 2024

კობახიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არ უნდა იყოს უკრაინაში გატარებულ რეფორმაზე დაბალი სტანდარტის – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა -“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, სასამართლოს ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, არ უნდა იყოს იმაზე დაბალი სტანდარტის, რაც უკრაინაში განხორციელდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერს, უკრაინის შემთხვევა მოჰყავს მაგალითად და აცხადებს, რომ ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მექანიზმი, იყო უპრეცედენტო მსოფლიოში და მან უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.

“მინდა გამოვეხმაურო ირაკლი კობახიძის განცხადებას, სასამართლოს ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული პრაქტიკისა და მექანიზმის შესახებ არ გვსმენია, თუმცა, იმედია, ის გულისხმობს იმ პრაქტიკას, რაც ახლა უკრაინაშია. მოსამართლეების შერჩევის ეს მოდელი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პროცესში ჩართულები იყვნენ უცხოელი, მაღალავტორიტეტული მოსამართლეები და მათ ჰქონდათ ვეტოს გამოყენების უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ თქვან, – რომელი კანდიდატი არ უნდა იყოს მოსამართლე და არ შეესაბამება მოსამართლის პოზიციას. შესაბამისად ეს კანდიდატები ვეღარ აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. საერთო ჯამში, 113 მოსამართლეობის კანდიდატიდან, რომლებმაც დააკმყოფილეს კონკურსის მოთხოვნები 49-ს, უცხოელმა მოსამართლეებმა, დაადეს ვეტო. ხოლო იუსტიციის საბჭომ დარჩენილი, საუკეთესო კანდიდატებისგან, შეადგინა საბოლოო სია. პირველად დაფიქსირდა პრეცედენტი, როდესაც არცერთ მხარეს არ ჰქონია უკმაყოფილება პროცესის მიმართ და საფუძველი, გაეკრიტიკებინა შერჩევის მექანიზმი.

ჩვენი გუნდის მიერ შემუშვებულმა პროექტმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. რეფორმას უნიკალური უწოდა საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ბრიტანელმა მოსამართლემ სერ ენტონი ჰუპერმა, რომელმაც თქვა, რომ ეს არის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის და უკრაინაში შექმნილი პრინციპულად ახალი მოდელი, უნდა გამოიყენოს ევროკავშირმაც, რადგან ეს არის პრაქტიკა, როდესაც ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, მოსამართლეების შერჩევის პროცესში – უცხოელი მოსამართლეების სახით, შემოდის მესამე მხარე.

პროექტის მიხედვით, რომელიც ერთი წლის წინ შევიმუშვეთ, საბჭოს წევრებს წარადგენენ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიაციები. ისეთი, როგორიცაა ეუთო, ევროსაბჭო, მსოფლიო ბანკი და სხვა. საბჭოში იყვნენ მოსამართლეები კანადიდან, ინგლისიდან, დანიიდან, შოტლანდიიდან და ლიეტუვადან. პრაქტიკა მოწონებულია ვენეციის კომისიის მიერ და სწორედ ამიტომ, მიმაჩნია რომ, კობახიძის გუნდის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, არ უნდა იყოს იმაზე დაბალი სტანდარტის, რაც უკვე განხორციელდა უკრაინაში. რადგან ეს არის სტანდატი, რომელიც აკმაყოფლებს ყველა თანამედროვე მოთხოვნას. ამასთანავე არის სრულიად გამჭირვალე, ღია და მიუკერძოებელი“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული