ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

გამოფენა “საქართველო – ღვინის სამშობლო” იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში

ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენას – “საქართველო – ღვინის სამშობლო” მასპინძლობს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო. ექსპოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, 15 მარტს ოფიციალურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა.

გამოფენა, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის მრავალათასწლოვანი კულტურის წარმოჩენაზე, უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს. პროექტში იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა უახლესი ტექნოლოგიის – Warpqsuare-ის გამოყენებით ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლება, რაც დამთვალიერებელს ინტერაქციის დახმარებით უძველესი ღვინის სამშობლოში მოგზაურობის საშუალებას აძლევს.

მთავრობის მეთაურმა, სტუმრებთან ერთად, გამოფენა დაათვალიერა და მის შესახებ დეტალური ინფორმაცია პროექტის ხელმძღვანელ დავით ტყემალაძისგან მიიღო. პროექტი – “საქართველო – ღვინის სამშობლო”, გამოფენასთან ერთად, ქართული ღვინის წარმოშობისა და უნიკალურობის შესახებ მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტების სემინარებს, დეგუსტაციას, “ქართული სუფრის” მასტერკლასებსა და კულტურულ პროგრამას მოიცავს.

ქართული ღვინის ისტორიით დაინტერესებულ იაპონური მედიის წარმომადგენლებს დღეს ინტერვიუ მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გამოფენის სტუმარი ჟურნალისტებისთვის კი პრესკონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამართა.

ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია ტოკიოში, საგამოფენო ცენტრ Terrada Warehouse-ში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია “ქართული ღვინის” ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, “საქპატენტის” და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication-ისა და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით იმართება და 7 მაისამდე გაგრძელდება.

ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

გამოფენის სტუმრებს საშუალება ეძლევათ, ინტერაქციის დახმარებით უძველესი ღვინის სამშობლოში იმოგზაურონ.

საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და პოპულარიზაციისთვის, რაც საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს.

პროექტის – “საქართველო – ღვინის სამშობლო” განხორციელება 2017 წელს, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრიდან დაიწყო და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგად, სამეცნიერო საზოგადოებამ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა.

ამავე წელს, საქართველო ღვინის სამშობლოდ, ქართველი და უცხოელი მეცნიერების ერთობლივი ოთხწლიანი საერთაშრისო კვლევის შედეგად აღიარეს, რასაც უდიდესი ინტერესი მოყვა საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ.

ფოტოები გამოფენიდან

ფოტოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფეისბუკ-გვერდიდან.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული