პარასკევი, აპრილი 19, 2024

დღევანდელობის მთავარი გამოწვევა – პროფესიონალი კადრების მოზიდვა

საქართველოს განვითარება უპირობოდ დაკავშირებულია პროფესიონალი და მოტივირებული კადრების მოზიდვაზე

ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში დიდ წილად დამოკიდებულია ადამიანურ რესურსებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე. მოძველდა შეხედულება თითქოს მხოლოდ ბუნებრივი რესურსები აძლევს სახელმწიფოს ეკონომიკური წინსვლის საფუძველს. თუ ავიღებთ მაგალითისთვის ბუნებრივი წიაღისეულით მდიდარ ქვეყანას რუსეთის ფედერაციას და შევადარებთ იაპონიას, რომელსაც საკუთარი წარმოებისათვის ნედლეული ქვეყნის საზღვრებს გარედან შემოაქვს დავინახავთ, რომ  რუსეთი ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყანაა, მაშინ, როცა იაპონია მსოფლიო მოწინავე ეკონომიკების მქონე ქვეყნების შვიდეულში შედის. იაპონიის ეკონომიკა ბუნებრივი სიმდიდრეების სიმცირეს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებისა და უახლოესი თანამედროვე ტექნოლოგიების ხარჯზე ეფექტურად აკომპენსირებს.

დრომ აჩვენა, რომ მუდმივად ცვალებად გარემოში ქვეყნის ეკონომიკის წარმატების საწინდარი რესურსების სწორი და ეფექური გამოყენება, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიიების შემუშავება და წარმოებაში დანერგვაა. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა  არამარტო კვალიფიციური არამედ მოტივირებული კადრების მოზიდვის საკითხსაც ენიჭება. მატერიალურ დოვლათს, ისევე როგორც ინოვაციებს ქმნის ადამიანი და დიდწილად მასზეა დამოკიდებული შრომის საბოლოო შედეგი. ამაზე მეტყველებს კაცობრიობის ისტორიული გამოცდილებაც. სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურმა ფორმაციებმა (მონათფლობელური, ფეოდალური) მას შემდეგ ამოწურეს საკუთარი თავი, როცა რაღაც ეტაპზე სამუშაო ძალა შრომის მოტივაციასა და განვითარების პერსპექტივას ჰკარგავდა. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შრომის ორგანიზების პრობლემების შესწავლისას ყურადღება გავამახვილოთ დასაქმებულის მოტივაციაზე და მის მნიშვნელობაზე.

განსაკუთრებით ეს პრობლემა აქტუალურია თანამედროვე საქართველოში. პრესით, ტელევიზიით, პირად საუბრებში ხშირად გვესმის, რომ კერძო თუ საჯარო სექტორში დამსაქმებლების მხრიდან ხშირად უხეშად ირღვევა დასაქმებულთა უფლებები. კერძოდ,  ორგანიზაციის მენეჯმენტი ფირმის თანამშრომლებს არ აძლევს კანონით გათვალისწინებულ შვებულებას, სამუშაო დრო კვირის განმავლობაში ბევრად აღემატება ნორმირებულს. ასევე საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში დასაქმებულებს ხშირ შემთხვევაში არ უნაზღურდებათ ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეები. რაც მთავარია ყოველდღიურად ათავისუფლებენ ათეულობით ადამიანს სამსახურიდან კანონის უხეში დარღვევით და ხშირ შემთხვევაში ან არ ეუბნებიან სამსახურიდან დათხოვნის მიზეზს ან გათავისუფლების მიზეზი მეტისმეტად ბანალური და კომიკურია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს და კიდევ სხვა მსგავსი სახის შემთხვევები შრომის ყოველგვარ მოტივაციას კლავს დასაქმებულებს შორის. შედეგად ვღებულობთ იმას, რომ თანამშრომლები დაინტერესებულნი არ არიან იმ ორგანიზაციის   წარმატებებით და წინსვლით, რომელიც მათ ასაქმებს. სამუშაოს კი ისინი ასრულებენ ვალდებულების მოხდის მიზნით და არა იმიტომ, რომ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა გაიმჯობესონ ან კარიერულ საფეხურზე დაწინაურდნენ. ყველაფერი ამის მიზეზი ის კაბალური შრომის კოდექსია, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს და განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებს დამსაქმებელს და საკუთარი უფლებების დაცვის კუთხით არავითარს დასაქმებულს.

გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველომ, რომელიც  ახალი გამოწვევების წინაშე იდგა და რეფორმების გატარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნდა მისთვის, მიიღო გადაწყვეტილება „შოკური თერაპიის“ პრინციპით აღედგინა დანგრეული ეკონომიკა. სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობის გარეშე ბაზარს ეკონომიკურ სუბიექტებს შორის თავად უნდა დაელაგებინა ურთიერთობები. ამ შემთხვევაში რათქმაუნდა გადამწყვეტი როლი ბიზნესს და ინვესტორებს ენიჭებოდათ, როგორც მეწარმეებს და დამსაქმებლებს. ამიტომ სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართული იყო მათი ინტერესების დასაცავად და ნაკლები ყურადღება ეთმობოდა სამუშაო ძალის როლს და მნიშვნელობას ეკონომიკაში. დღევანდელი გადმოსახედიდან, თუ ვიმსჯელებთ ჩვენმა ქვეყანამ უხეში შეცდომები დაუშვა. კვალიფიციურ სამუშაო ძალასთან მიმართებაში ერთიანი სტრატეგიისა და პოლიტიკის არ არსებობის გამო სახელმწიფოში წარმოიშვა დეფიციტი შრომის ბაზარზე. იმ კვალიფიციურ სპეციალისტთა დიდმა ნაწილმა კი, რომელიც საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო უცხოეთში დასაქმების მიზნით ქვეყნის ტერიტორია დატოვა. ხოლო განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო დღემდე ვერ ხერხდება ამ დანაკლისის შევსება.

საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ის ეტაპები, რომელსაც საქართველო ბოლო 25 წლის განმავლობაში ჯერ კიდევ გადის, ცივილიზებულმა მსოფლიომ თავის დროზე განვლო. რადგან ისტორიული პრეცენდენტი არ არსებობდა დასავლეთის ქვეყნებს საუკუნეები დასჭირდათ თანამედროვე კაპიტალისტური საზოგადოების შესაქმნელად. სამწუხაროდ საქართველომ ვერ გამოიყენა შანსი, უცხო ქვეყნების ისტორიული გამოცდილება გაეზიარებინა. განვითარებას საკუთარი  შეცდომების ხარჯზე ცდილობს დღესაც ჩვენი ქვეყანა.

თუ გადავხედავთ დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკის ისტორიას კაპიტალიზმის ჩანასახში პირველი კაპიტალის დაგროვება ველური, არაცივილიზებული ფორმებით ხდებოდა. გამდიდრების სურვილით წახალისებული დამსაქმებელი იგნორირებას უკეთებდა დასაქმებულის სურვილებსა და მის მოთხოვნებს. ხშირად არღვევდა მის უფლებებს. მანუფაქტურებში დასაქმებული მუშები თავდაპირველად იგივე შინაყმები იყვნენ, ოღონდ ახალი ფორმაციის. მოგვიანებით ისტორიაში განვითარებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება და მიდგომები სამუშაო ძალის მიმართ.

მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთში მიმდინარე რევოლუციურმა ტალღამ და ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი დეპრესიის  შედეგებმა მთელ ცივილიზებულ საზოგადოებას და ბიზნესს პრობლემა სხვა რაკურსით დაანახა. დღის წესრიგში დადგა არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის მართვის პრობლემებისადმი ახლებური ხედვის აუცილებლობა (ცენტრალიზება-დეცენტრალიზების საკითხი), არამედ შეიცვალა სამუშაო ძალის როლი და მნიშვნელობა საბაზრო ეკონომიკის განვითარების საქმეში. ახალმა ეკონომიკურმა თეორიამ მისი ფუძემდებლის გამოჩენილი ეკონომისტის ჯონ მეინარდ კეინზის სახელით დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში. კეინზიანიზმის დამსახურება სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებში არამარტო მწარმოებელს როგორც მეწარმეს და ბიზმესმენს ენიჭება წამყვანი როლი, არამედ დასაქმებულსაც, როგორც პროდუქციის მწარმოებელს და ამავდროულად სასაქონლო ბაზარზე მომხმარებელს. მსგავსი დასკვნები მართებული და დროული იყო. სწორედ აქედან იწყება ველურიდან სოციალურ კაპიტალიზმზე გადასვლის პირველი ეტაპი. ეკონომიკური ურთიერთობების წინა პლანზე გამოდის საზოგადოების საშუალო ფენა.

ქვემოთ კიდე უფრო დეტალურად ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საშუალო ფენის არსებობა სახელმწიფოში. ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია საქონლისა და მომსახურების წარმოების უნარზე ანუ სახელმწიფოს ეკონომიკის სიძლიერე მის საწარმოო სიმძლავრეებში გამოიხატება. იმისათვის, რომ წარმოებამ, როგორც საათის მექანიზმმა გამართულად იმუშავოს საჭიროა, არამარტო პროდუქციის შექმნა არამედ მისი მოხმარებაც. მოხმარებასა და წარმოებას შორის ბალანსის დაუცველობის შემთხვევაში მივიღებთ ან ჭარბწარმოებას ან სასაქონლო დეფიციტს. ერთიც და მეორეც უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკაზე. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში სწორედ საშუალო ფენაა ის ძალა, რომლის მეშვეობითაც ეკონომიკა ინარჩუნებს ბალანსს. იგი გვევლინება, როგორც საწარმოებისათვის სამუშაო ძალის მიმწოდებელი, ისე წარმოებული საქონლისა და მომსახურების დიდი ნაწილის მომხმარებელიც.

ამის გარდა საშუალო ფენა სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ბირთვიცაა. საშუალო ფენას მატერიალურად საკმაოდ უზრუნველყოფილი ოჯახები შეადგენენ, რომლებიც ფინანსური და სამართლებრივი მდგომარეობის  შენარჩუნების პერსპექტივას იმ სახელმწიფოს სტაბილურ განვითარებაში ხედავენ სადაც ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. ამიტომ ისინი როგორც პოლიტიკურად ისე ეკონომიკური თვალსაზრისით აქტიური მოქალაქეებს წარმოადგენენ. მათ მშვენივრად აქვთ საკუთარი როლი და ფუნქციები, როგორც ქვეყნის, ისე საზოგადოების წინაშე გააზრებული.

სამოქალაქო საზოგადოების შექმნაში სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია:

1) სახელმწიფო მოქალაქებს თანასწორ და საკმაოდ კონკურენტულ გარემოში კარიერული ზრდის პირობებს უქმნის, რათა მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

2) სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთარი შრომით საშუალებას აძლევს მატერიალურად სათანადო დონეზე უზრუნველყონ საკუთარი თავისა და ოჯახის მოთხოვნილებები.

3) სახელმწიფო და საზოგადოება საკუთარი წევრების შრომას აფასებს მორალური თვალსაზრისით დადებითად.

ანუ სახელმწიფო სთავაზობს თავის მოქალაქეებს თამაშის იმგვარ წესებს, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური და მორალური მდგენელი ერთმანეთთან თანხვედრაშია და არაა წინააღმდეგომაში. სწორედ ასეთ სახელმწიფოში სადაც მოქალაქე ხვდება, რომ იგი საზოგადოების მნიშვნელოვანი და დაფასებული წევრია, დაცულია მისი მოქალაქეობრივი, პროფესიული თუ ბიზნეს ინტერესები ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, აქტიურად არის ჩართული ამ სახელმწიფოს მშენებლობაში.

სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალილებების საქმეში სახელმწიფოს შემდეგ ძალიან დიდი როლი ბიზნესს ენიჭება. კორპორატიული კულტურისა და ზნეობრივი ტრადიციების დამკვიდრება ხელს უწყობს მაღალი სტანდარტების შემოღებას ფირმის თანამშრომლებს შორის. ბიზნესის ეთიკური ნორმატივები წარმოადგენენ ზოგად ფასეულობათა სისტემას და ეთიკის წესებს,  რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს მაგალითად, როგორიცაა ქრთამი, გამოძალვა, საჩუქრები, კონფლიქტი ინტერესთა შეჯახების ნიადაგზე, კანონის დარღვევა, ფირმის საიდუმლოებათა გაცემა და სხვა.

მსხვილი საერთაშორისო კომპანიების კორპორატიული ეთიკა ითვალისწინებს სოციალურ პასუხისმგებლობას, მაგალითად, თითქმის ყველა ამერიკელის შეხედულებით არაეთიკურია ქრთამის მიცემა უცხოელი მოხელისათვის ხელსაყრელი კონტრაქტის მისაღებად. მიუღებელია სამუშაო საათებში პირად საკითხებზე დროის მოცდენა, რასობრივი დისკრიმინაცია, კომპანიის სახსრების მითვისება. იაპონელები გვიანობამდე რჩებიან სამსახურში. მიაჩნიათ, რომ სხვა თანამშრომლებზე უფრო ადრე სამუშაოს მიტოვება და სახლში წასვლა მეგობრებისა და საქმის ღალატის ტოლფასია და სხვა.

სამწუხაროდ დღეისთვის არც ქართული სახელმწიფო და არც ბიზნესი არ ვითარდება იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ჩვენი საზოგადოების საშუალო, მოქალაქეობრივად აქტიური ფენა. მოტივაცია იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ საკუთარი სახელმწიფოს მიმართ მესაკუთრეობის განცდა ნულის ტოლია და ახლო მომავალში ამ მხრივ პერსპექტივას ვერ ვხედავ. პირველ რიგში საჭიროა შეიცვალოს შრომის კოდექსი. სახელმწიფომ აქტიური როლი უნდა ითამაშოს საკუთარი მოქალაქეების შრომითი უფლებების დასაცავად. კადრების შერჩევა სამსახურში ასაყვანად პარტიული ან ნეპოტიზმის ნიშნით მავნე პრაქტიკაა. თუ მსგავს ფაქტებს ჩვენი ცხოვრებიდან  ერთხელ და სამუდამოდ ვერ ამოვფხვრით, მისი მასშტაბები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ. ასევე მნიშვნელოვანია პროფკავშირების როლის ზრდა მოხდეს შრომითი კოლექტივების საქმიანობაში. სახელმწიფომ  ბიზნესთან ერთობლიობაში უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების სათანადო დაფასება მათი შრომისა და დამსახურების მიხედვით. უნდა გვახსოვდეს, რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი და საზოგადოების მხრიდან აღიარებული მოქალაქე არის ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობის ქვაკუთხედი და თუ ეს საძირკველი უხარისხო გამოდგა მთლიანი შენობაც, რომელსაც ჯერ კიდევ ვაშენებთ უხარისხო და უფუნქციო იქნება.

სტატიაში გამოყენებული ლიტერატურა:

  • რ. ასათიანი, საით მიდის საქართველო, გამც. „სიახლე“, თბ., 2014წ., გვ. 367.
  • https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567?publication=9
  • http://www.academia.edu
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული