პარასკევი, აპრილი 19, 2024

ანა გოგოლაძე: “კომერციულმა ბანკებმა უნდა გადახედონ ბიზნეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთს და დამატებითი რეგულაციების შემოღების ნაცვლად წაახალისონ ბიზნესის წამოწყება”

ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოების მხრიდან ბანკების მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო ამ საკითხებზე სასაუბროდ მივმართეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორს, ეკონომისტ ანა გოგოლაძეს

დიდი მადლობა ანა, რომ დათანხმდით სააგენტო “პარალელის” (ინტერნეტ მედია ჰოლდინგი) ინტერვიუზე.

პირველ რიგში მინდა გკითხოთ ის, რაც თითოეულ ჩვენგანს ყველაზე მეტად აწუხებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებაში მკვეთრად ეცემა. რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?

თუ დავაკვირდებით ბოლო სამი წლის ტენდენციას ვნახავთ, რომ ზაფხულის ბოლოსკენ ლარი იწყებს გაუფასურებას და პიკს აღწევს შემოდგომაზე, გაუფასურების მთავარ მიზეზად კი საგარეო ფაქტორები და მეზობელი ქვეყნების ფინანსური კრიზისები სახელდება. წელსაც  მთავრობა მიიჩნევს, რომ ლარის დევალვაციის მთავარ მიზეზი თურქული ლირის გაუფასურებაა, რაც  არის არაზუსტი შეფასება. იმის მიუხედავად, რომ თურქეთი ჩვენი ქვეყნისთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, ასეთ მოკლე დროში, ლირის გაუფასურება ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოახდენდა ზეგავლენას ლარზე. ლირის გაუფასურებით გამოწვეულ იმპორტის ზრდას თურქეთიდან და შესაბამისად ქვეყნიდან მეტი ვალუტის გადინებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. მაგრამ წინა წლებშიც, როდესაც ლარის დევალვაციას ლირას უკავშირებდნენ, არ მომხდარა თურქეთიდან იმპორტის იმ ოდენობით ზრდა, რომ ლარის გაუფასურებაზე მოეხდინა ზეგავლენა.

ლირის გაუფასურებას ლარზე მხოლოდ ერთადერთი ზეგავლენა შეეძლო მოეხდინა და ეს არის მოლოდინების ეფექტი, რომელიც ვალუტის გაუფასურებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.  ასევე მთავრობა წლების განმავლობაში ვერ ახერხებს  სწორი პრევენციული პოლიტიკის გატარებას, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც შიდა ასევე გარე მოსალოდნელი საფრთხეების ზემოქმედების შესუსტებას და სტაბილური გაცვლითი კურსის შეინარჩუნებას.

რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას თქვენი აზრით მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის გასამყარებლად?

იმისთვის, რომ კურსი დასტაბილურდეს და თავიდან ავიცილოთ ლარის უფრო მეტად გაუფასურება, საჭიროა ინტერვენცია, როგორც ეროვნული ბანკის, ასევე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან. ეროვნულ ბანკმა უნდა გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი, რათა შეამციროს ფულის მასა და ასევე  შეუძლია გამოიყენოს რეზერვები გაუფასურების შესაჩერებლად. რაც შეეხება მთავრობას, იმისათვის, რომ წინა წლების მსგავსად, არათანმიმდევრული ხარჯვის გამო, წლის ბოლოს არ მოხდეს ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურება, საჭიროა ფინანსთა სამინისტრომ გადახედოს და დააკორექტიროს საბიუჯეტო ხარჯები.

ბოლო პერიოდის  განმავლობაში ხშირად გვესმის პრესით და ტელევიზიით მოსაზრება, რომ ბანკები და მხოლოდ ბანკები არიან დამნაშავენი საქართველოში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

აღნიშნულ მოსაზრებას არ აქვს არავითარი საერთო რეალობასთან. დღეს არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, თავისი გამომწვევი ეკონომიკური ფაქტორები გააჩნია – ისეთი როგორიცაა, დაბალი ეკონომიკური ზრდა, გაუფასურებული ლარი, გაძვირებული პროდუქცია, არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა კლება  და ასე შემდეგ.

როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ფინანსურ-საკრედიტო ბაზარზე  კომერციული ბანკების მიერ შეთავაზებულ პროდუქტებზე ქართველი მომხმარებლის მხრიდან ასეთ მაღალ მოთხოვნას. რა ფაქტორებით არის იგი განპირობებული?

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მრავალმა ეკონომიკურმა ფაქტორმა განაპირობა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება. დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე , გამოხატული მყარ ვალუტაში,  არის იმაზე ნაკლები ვიდრე იყო 2014 წელს. UNICEF-ის ბოლო კვლევაც ადასტურებს ქვეყანაში სოცალური მდგომარეობის გაუარესებას. კერძოდ,  2015 წელთან შედარებით ქვეყანაში გარზდილია, როგორც ზოგადი, ასევე უკიდურესი სიღარიბე. კვლევის მიხედვით, ჩვენი ქვეყნის ყოველი მეხუთე მოქალაქე დღეს ღარიბია.  შესაბამისად მოქალაქეები, გაუარესებული ეკონომიკური პირობების გამო  ყოველდღიური საჭიროებების უზუნველსაყოფად და ხშირ შემთხვევაში, არსებობისათვის საჭირო სახსრების მოსაპოვებლად მიმართავენ ბანკებს.

რამდენად მწვავეა ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა და როგორ ახსნიდით მას? და თუ მწვავედ დგას ეს პრობლემა, მაშინ რაში ხედავთ გამოსავალს?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს აქვს ბანკის ვალი. ის ფაქტი, რომ ადამიანი სესხულობს ბანკიდან თანხას, იმისათვის, რომ გარკვეული მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს დღეს და გადაიხადოს ხვალ, ეს ფაქტი და პრაქტიკა ცუდი არ არის. მაგრამ პრობლემა ჩვენს შემთხვევაში სხვაა. თუ რამდენად ახერხებენ მოქალაქეები ბანკის ვალის გასტუმრებას. იმ ფაქტს, რომ მოსახლეობა ვერ ახერხებს აღებული ვალდებულებების გასტუმრებას, ადასტურებს ბანკების მიერ ჯარიმებიდან მიღებული მზარდი შემოსავალი. 2017 წელს  7 მილიონი ლარით გაიზარდა და 77 მილიონს მიაღწია კლიენტებზე დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რაც თავისთავად მეტყველებს ძალიან დაბალ გადახდისუნარიანობაზე. სიტუაციიდან გამოსავალის ძიებას ისევ მივყავართ მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყანაში ზოგადი ეკონომიკური მდგომარების გაჯანსაღებასთან.

ხშირად გვესმის ბანკის კლიენტებისგან, რომ კრედიტზე პროცენტი ძალიან მაღალია. როგორ ფიქრობთ რით არის ეს განპირობებული. შეიძლება საქართველოს ფინანსურ-საკრედიტო ბაზარი ოლიგოპოლიურია და კარტელურ გარიგებებს აქვს ადგილი და შესაბამისად სესხზე ფასი მონოპოლიურია, თუ თქვენი აზრით არის კიდევ სხვა მოქმედი ფაქტორები?

ევროპის ქვეყნებთან შედარებით,  საქართველოში საბანკო სესხი  „ძვირია“.  ის თუ რამდენი უნდა იყოს სესხის განაკვეთი, ამას არეგულირებს კაპიტალის ბაზარი, სადაც ერთ მხარეს ისინი დგანან ვინც ზოგავს, ხოლო მეორე მხარეს ის ვინც სესხულობს. საქართველოში , სესხის პროცენტის გარდა, ასევე მაღალია დანაზოგზე დარიცხული საპროცენტო სარგებელიც. შესაბამისად, ბანკი, რომელიც შუამავალია ამ გარიგებაში, თუ ძვირად სესხულობს თანხას (ანაბრები) , ასევე ძვირად გადაასესხებს მას (სესხები) და მისი იაფად გასესხება შეუძლებელი ხდება. ეს განსაზღვრავს სესხის „სიძვირესაც“. ამის გარდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, საპროცენტო განაკევთზე გავლენას ახდენს ბაზარზე ბანკებს შორის კონკურენციის დონე. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს ბაზარზე 16 კომერციული ბანკი ოპერირებდა, მაგრამ მთლიანი სექტორის  მოგების 87%  მხოლოდ 4 ბანკზე მოდის. შესაბამისად, ეს ოთხი ბანკი თავისებურად ახდენს ზეგავლენას და განსაზღვრას საბანკო სექტორის  მთავარ ტენდენციებსაც. საპროცენტო განაკვეთზე ასევე მოქმედებს ინფლაციის დონე და პოლიტიკური რისკები (როგორც საშინაო ასევე საგარეო).

ცალკე განხილვის საგანია ასევე ის ფაქტი, რომ გაცხადებული და ეფექტური საპროცენტო განაკვეთები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან და საკმაოდ მაღალი ბანკის მომსახურების საკომისიოები.

სწორად მიგაჩნიათ თუ არა მოსაზრება, რომ კომერციულმა ბანკებმა­ კრედიტი უნდა გასცენ არა გირაოს უზრუნველყოფით, არამედ  კლიენტების შემოსავლების მიხედვით?

აღნიშნული პოლიტიკა გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება უარყოფითი ეკონომიკური შედეგების მომტანი. ჩვენ მოქალაქეებს ვუზღუდავთ თავისუფალ ნებას, საკუთარი უძრავი ქონების სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდით მიიღონ ფულადი სახსრები/სასტარტო კაპიტალი და შემდგომ მოახდინონ მათი ბიზნესში/წარმოებაში ინვესტირება და შექმნან დამატებითი დოვლათი. შემოსავლების მიხედვით გაცემული სესხების მოცულობა,  ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდას, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს საქართველოში საშუალო ხელფასი 1000 ლარის ფარგლებშია.

აღნიშნული რეგულაცია რეალურად არ იმუშავებს, ვინაიდან ბანკები თუ აღარ გასცემენ სესხს  უძრავი ქონების უზრუნველყოფით, ბაზარზე გამოჩნდებიან კერძო სუბიექტები, რომლებიც დიდი ალბათობით უფრო მაღალ პროცენტად გაწევენ იმავე მომსახურებას, რაც რეალურად უფრო სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.

დღეს მომხმარებელთა მხოლოდ 44% მიმართავს ბანკებს ბიზნესსესხის გამოსატანად. კლიენტების 56% სამომხმარებლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აკითხავს ბანკს. თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოს ა) სახელმწიფომ,  რომ ბიზნესსესხებზე მოთხოვნა გაიზარდოს, ბ) კომერციულმა ბანკმა და გ) ეროვნულმა ბანკმა?

2017 წლის მონაცემებით, საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ლარში გაცემულ სესხზე ხოლო იურიდიული პირებისათვის 11,4% იყო, რაც დამეთანხმებით,  არც ისე დაბალი პროცენტია ბიზნესისათვის. ამავდროულად, რაც ყველაზე საგანგაშოა, ბანკები აფინანსებენ ეკონომიკაში მოხმარებას და არა წარმოებას. შესაბამისად, იმისათვის, რომ მეტ ადამიანს გაუჩნდეს საკუთარი საქმის წამოწყების სურვილი, ხოლო უკვე არსებულმა ბიზნესებმა გააფართოონ წარმოება,  მთავრობამ, უნდა გადახედოს საგადასახადო განაკვეთებს. მაგალითისთვის მთავრობას შეუძლია იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური ზედა ზღვარი გაზარდოს, რაც საშუალებას მისცემს პირებს ისარგებლონ შეღავათიანი საგადასახდო პირობებით. კომერციულმა ბანკებმა უნდა გადახედონ ბიზნეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთს და დამატებითი რეგულაციების შემოღების ნაცვლად (რაზეც წინა ნაწილში ვისაუბრეთ) წაახალისონ ბიზნესის წამოწყება და იფიქრონ, რომ თითოეული მათ მიერ დაკრედიტებული ბიზნესი მათი პარტნიორია და არა კლიენტი, იფიქრონ მათ განვითარებაზე, რაც  გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიურად აისახება, როგორც ბიზნესებზე ასევე ბანკებზე.

თქვენი აზრით არის ისეთი ფუნქცია, რომელსაც თქვენი აზრით კომერციული ბანკები უნდა ასრულებდნენ ქვეყნის განვითარების საქმეში და დღეს ვერ  ან არ ასრულებენ?

თუ გადავხედავთ მონაცემებს ვნახავთ, რომ დღეს ბანკები აფინანსებენ ძირითადად იმპორტს და არა ადგილობრივ წარმოებას, აფინანსებენ ეკონომიკაში მოხმარებას და არა წარმოებას.  ქვეყნის სწრაფ და სტაბილურ განვითარებას კი სჭირდება წარმოების დაფინანსება და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა.

ანა დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის!

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული