შაბათი, აპრილი 19, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!" - შორენა ლობჟანიძე...

“როცა მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს ივიწყებს!” – შორენა ლობჟანიძე სკოლებში ჩინური ენის სწავლებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ეთნიკურ-რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელი, შორენა ლობჟანიძე ეხმიანება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, მეორე უცხოური ენის სტატუსით, საქართველოს სკოლებში ჩინური ენის სწავლების საკითხს და ქვეყანაში უცხო ენის სწავლების მხრივ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე საუბრობს:

“სახელმწიფო სკოლებში ჩინური ენის სწავლება როგორც მეორე უცხოური ენის – ერთი შეხედვით, პროგრესისკენ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ თუ ამ საკითხს ჩავუღრმავდებით, მასში გაცილებით შემაშფოთებელი კონტექსტი იკვეთება:

მთავრობა აქტიურად ახორციელებს უცხოური ძალის ენობრივი კულტურის მხარდაჭერას მაშინ, როცა საქართველოში მცხოვრები, საქართველოში დაბადებული და საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების უფლებები პირწმინდად უგულვებელყოფილია და ისინი ფაქტობრივად მიტოვებული არიან საკუთარ ქვეყანაში.

საქართველოში ათწლეულებია სერიოზულ პრობლემად რჩება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია. სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვან რეგიონებში ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი სახელმწიფო ენის (ქართული) ხარისხიანი სწავლება. ადამიანებს, რომელთაც სურთ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა, სერიოზულ ბარიერებს აწყდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო ენაზე არ აქვთ წვდომა.

ათასობით საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ სომეხს, აზერბაიჯანელს, ასირიელს, იეზიდს, ქურთს და სხვა ეთნოსის წარმომადგენლებს და მათ შვილებს ხშირად არც საკუთარი ენის სიღრმისეული ცოდნა აქვთ, და არც — სახელმწიფო ენის. არ არსებობს ორენოვანი სახელმძღვანელოები, სპეციალურად მომზადებული მასწავლებლები, სისტემური პროგრამები.

საქართველოში მცხოვრები ათასობით ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი წლებია ცდილობს ერთსა და იმავე ორ პრობლემასთან გამკლავებას: სახელმწიფო ენის დაუფლებასა და საკუთარი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას. მაგრამ ორივე გზაზე — სახელმწიფოსგან მხოლოდ ბარიერებია, არა — მხარდაჭერა!

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა ენების მიმართ  ერთფეროვანია, ცენტრალიზებული და გამოკვეთილად ასიმილაციური.

ეთნიკურ უმცირესობებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, ასირიელებს, ქურთებს, იეზიდებს და სხვა ეთნიკურ წარმომადგენლებს არ ეძლევათ საშუალება განათლება მიიღონ ისე, რომ მათ ენაზე ისწავლონ, განივითარონ უნარ-ჩვევები, შეისწავლონ საკუთარი ისტორიული წარმომავლო და გადაარჩინონ საკუთარი კულტურა.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უმცირესობების ენების სწავლება ან არ არსებობს, ან მინიმალურ დონეზეა. სახელმწიფო ხშირად უარყოფს თავისივე კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც მრავალფეროვნების დაცვისა და კულტურულ თვითმყოფადობის შენარჩუნების გარანტიას უნდა იძლეოდეს.

მაგალითად, ბოლნისში მცხოვრები აზერბაიჯანულენოვანი ბავშვები სკოლაში მხოლოდ პირველ კლასში სწავლობენ აზერბაიჯანურს, შემდეგ კი მთლიანად ქართულენოვან და ხშირად მათთვის გაუგებარ გარემოში განაგრძობენ სწავლას — რაც მათ გარიყულ მდგომარეობაში ტოვებს და ხშირად განიცდიან ასოციალიზაციას..

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიხედვით, საკუთარი დედაენის სწავლება აუცილებელია ბავშვების პიროვნული განვითარებისთვის, თვითიდენტობისა და თვითშეფასების ფორმირებისთვის. როცა სახელმწიფო ამას არ უზრუნველყოფს, ის პირდაპირ არღვევს ბავშვის ფუნდამენტურ უფლებებს.

უმცირესობების ახალგაზრდები ხშირად ვერ ეუფლებიან ქართულს საკმარის დონეზე, რადგან მათ არავინ ასწავლის ისე, როგორც მეორე ენა უნდა ისწავლებოდეს სისტემურად, კულტურულად მგრძნობიარე და ორბილინგვური მიდგომით.

ამავდროულად, ისინი თანდათან კარგავენ საკუთარ ენასაც — რადგან სკოლა, სახელმძღვანელოები, ტესტები, მასწავლებლები მათ ენაზე არ მუშაობენ. შედეგად, ახალგაზრდები ვერ საუბრობენ თავისუფლად ვერც ქართულად და არც თავიანთ მშობლიურ ენაზე — ენას ჰკარგავენ, იდენტობასთან ერთად.

საქართველოში ცხოვრობს:

  • სომხური ეთნიკური წარმომავლობის 168,000-ზე მეტი ადამიანი
  • აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის 230,000-ზე მეტი
  • ასირიელები, ქურთები, იეზიდები და ბერძნები საერთო ჯამში ათასობით
    და მაინც — მათი  ენების შესწავლისთვის სახელმწიფო პრაქტიკულად არაფერს აკეთებს.

ეთნიკური უმცირესობების ენის სწავლების უზრუნველყოფა არ არის ,,ქველმოქმედება” სახელმწიფოსგან — ეს მისი პირდაპირი ვალდებულებაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, გაეროს ბავშვთა კონვენციისა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე.

საქართველოში ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა:

  • ისწავლონ თავიანთი (აბორიგენული) ენა სრულფასოვნად (არამარტო ფოლკლორის დონეზე);
  • მიიღონ განათლება ორ ენაზე — მშობლიურ და ქართულ ენაზე;
  • განივითარონ ორბილინგვური განათლებით კრიტიკული აზროვნება და სოციალური ინტეგრაციის უნარი

საქართველოში  2005 წლიდან განხორციელდა რამდენიმე პროგრამა, მათ შორის ,,1+4″, რომელიც მიზნად ისახავდა უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, თუმცა უშედეგოდ და ენობრივი ბარიერები კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.

2016 წელს, აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეების 56% და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეების 44% ვერ ჩააბარეს დამამთავრებელი კლასის გამოცდები, მაშინ როცა ქართულენოვან სკოლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 25% იყო.

ასევე, 2018 წელს, უმცირესობების 25% ვერ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაშინ როცა ქართულენოვან აბიტურიენტებში ეს მაჩვენებელი 13% იყო.

ამ პრობლემების ფონზე, სახელმწიფოს მიერ ჩინური ენის სწავლების პრიორიტეტად გამოცხადება. მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის რუსული ვექტორი და ჩინეთთან თანამშრომლობა ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, არ უნდა ხდებოდეს და მოხდეს  საკუთარი მოქალაქეების დისკრიმინაციის და მათი საჭიროებების უგულვებელყოფის ხარჯზე.​

დღეისათვის სამწუხაროდ განათლების რეფორმების თითქმის ყველა ციკლმა ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო საჭიროებები და გამოწვევები გამოტოვა.

თითოეული ეთნიკური წარმომადგენლის ,,დედაენა” არ არის არჩევითი ,,კულტურული ელემენტი” — ის არის პიროვნების ბირთვი, იდენტობის საყრდენი და ადამიანის ფუნდამენტური უფლება.

თუ სახელმწიფო უარს ამბობს ეთნიკური უმცირესობებისთვის  ენის სწავლების მხარდაჭერაზე, ის უბრალოდ ამბობს: „შენ არ ხარ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი“  და ასეთი სახელმწიფო — წარუმატებლობისთვის არის განწირული.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის თანაბარი წვდომა განათლებაზე და ენობრივ რესურსებზე. ჩინური ენის სწავლების პრიორიტეტად გამოცხადება, მაშინ როცა ეთნიკური უმცირესობები კვლავ ენობრივ ბარიერებს აწყდებიან, მიუთითებს სახელმწიფოს პრიორიტეტების სერიოზულ დისბალანსზე.

შესაბამისად, სანამ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, არ გვაქვს მორალური უფლება სხვა ენა, თუნდაც ჩინური ენა გამოვაცხადოთ პრიორიტეტულად სკოლებში — მით უმეტეს, როცა ეს სხვა ენა არა შიდა ინკლუზიის, არამედ გარე გავლენის, უცხოური ძალების შედეგია”, – აცხადებს შორენა ლობჟანიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა უჯიშო სახეობაა ეს ქოცი, მართლა! ორი საათია ვერ არკვევენ, მშვიდობიანობის დროს ვისი ბრძანებით...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“დღეს გია ხარჩილავას დაბადების დღეა, ადამიანის ვისი გულიც ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის იმედით ძგერდა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ემოციური შეფასებები გარდაცვლილ, წალენჯიხის...

“ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც – ჩვენია!”...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ქვეყანაში შექმნილ რეალობას ემოციური...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...