ორშაბათი, აპრილი 7, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"სატარიფო ომები" - ტრამპის "ეკონომიკური რევოლუცია" თუ მონროს...

“სატარიფო ომები” – ტრამპის “ეკონომიკური რევოლუცია” თუ მონროს მე-19 საუკუნის იზოლაციონისტური პოლიტიკის საფუძვლებთან დაბრუნება – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

ტრამპის პოლიტიკა სხვა არაფერი არ არის თუ არა ვუდრო ვილსონის ერების სახელმწიფოებრივი თვითგამორკვევის კონცეფციის დასასრულის დასაწყისი და „რეალპოლიტიკის” უკან დაბრუნება.

ვუდრო ვილსონის პრეზიდენტობის ორივე ვადას უკავშირდება ფედერალური სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბება და საბანკო რეფორმა, ფედერალური ვაჭრობის კომისიის შექმნა და ანტიმონოპოლიური რეფორმა, ერთა ლიგის დაარსება, ასევე ამერიკის პირველი ფედერალური პროგრესული საშემოსავლო გადასახადის დაწესება. ინტელექტუალი ვილსონი სრულად ხევდა თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ რუქას და ამიტომ ახალ მსოფლიო წესრიგს ჩაუყარა საძირკველი.

ვუდრო ვილსონის ერების სახელმწიფოებრივი თვითგამორკვევის კონცეფციას მხოლოდ მაღალი ჰუმანური მიზნები არ ჰქონია, მას გრანდიოზული პრაქტიკული და მერკანტული ამოცანების შესულება ევალებოდა. ვილსონის კონცეფციის უკან მსხვილი მეწარმეების ინტერესები იდგა. მნიშვნელოვანი მიგნება ის იყო, რომ დიდი სახელმწიფოების მხრიდან საჭირო აღარ ხდებოდა რესურსებით მდიდარი ტერიტორიების მიტაცება-ანექსია და მათი საკუთარ იურისდიქციაში მოქცევა, შემდგომ აბორიგენ მოსახლეობაზე ფიქრი და მათთვის ცხოვრების ისეთივე პირობების შექმნა, როგორც ეს საკუთარ ქვეყნებში ჰქონდათ. უფრო მარტივი იყო ამ ხალხის თავის ძველ სახელმწიფოებრივ საზღვრებში დატოვება, სადაც სამუშაო ძალა იქნებოდა იაფი და შესაბამისად მათ მიერ ექსპორტირებული ნედლეულის ფასიც დაბალი.

ვილსონის ახალმა წესრიგმა მოგვცა ის, რომ სახელმწიფოები გაიყვნენ ორ ბანაკად განვითარებული ქვეყნები, რომელთაც მაღალი ტექნოლოგიური ცოდნის გამოყენებით შექმნეს მასშტაბური საწარმოო სიმძლავრეები და ნედლეულის მომპოვებელი ქვეყნები, დაბალი განვითარების ტემპებით. ბრძოლა დაიწყო არა ნედლეულით მდიდარი ტერიტორიების დაპყრობაზე, არამედ მათზე გავლენის მოსაპოვებლად.

მოგვიანებით, პოსტინდუსტრიულ ეპოქაში ამერიკის შეერთებული შტატების რესურსების მხოლოდ 18-20% დარჩა ქვეყნის შიგნით წარმოების სფეროში. საწარმოო სიმძლავრეების დიდი ნაწილი, იაფი მუშა ხელის გამო, ასევე გატანილი იქნა მის ფარგლებს გარეთ. დღეს აშშ-ს მშპს-ს 80% მომსახურების სფეროში იქმნება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საყოფაცხოვრებო სექტორში პროდუქტის დიდი ნაწილი, რომელსაც ამერიკის მოქალაქე მოიხმარს იმპორტირებულია და შტატები ასევე არ წარმოადგენს მსოფლიოში ნედლეულის მსხვილ მომპოვებელ ქვეყანას, იგი ყველაზე მოწინავე და განვითარებული ეკონომიკაა პლანეტა დედამიწაზე. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აშშ დოლარის დომინანტური მდგომარეობაა მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე. მას შემდეგ რაც, 1972 წელს რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში, ფედერალურმა ბანკმა „ოქროს სტანდარტზე“ უარი თქვა, ამერიკელების მთავარი საექსპორტო პროდუქტი მთელ მსოფლიოში დოლარი გახდა, ხოლო აშშ-ში სწრაფი ტემპებით განვითარდა ნეოლიბერალური ეკონომიკისთვის დამახასიათებელი კაპიტალური ბაზრები, სასაქონლო და სანედლეულო ბირჟები, ასევე საინვესტიციო ფონდები.

აშშ დოლარი დღემდე რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ვალუტად მსოფლიოში. ხალხის ნდობა აშშ-ს ფინანსური სისტემის მიმართ დიდი იყო, ამიტომ ყველა ეკონომიკური კრიზისების მსვლელობის პროცესში დოლარზე მოთხოვნა ყოველთვის იზრდებოდა. ფინანსური სექტორის ექსპერტების განცხადებით, მდგომარეობა ორივე მიმართულებით რადიკალურად შეიცვალა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტ ტრამპმა იმპორტირებულ საქონელზე თეთრი სახლის ეზოში აშშ-ს ახალი სატარიფო პოლიტიკის დაწყების განკარგულებას ხელი მოაწერა. პრეზიდენტის განცხადებებს საფონდო ბირჟებმა არა მარტო დიდი ვარდნით (ამერიკული კომპანიების კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ დოლარზე მეტი თანხით შემცირდა) უპასუხეს, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდა აშშ დოლარზე მოთხოვნაც.

დონალდ ტრამპმა თავის გადაწყვეტილებას, მთელ მსოფლიოსთან „ტარიფების ომი“ დაეწყო, „ეკონომიკური რევოლუცია“ უწოდა, რომელიც მისი აზრით ამერიკის შეერთებულ შტატებს გამარჯვებას მოუტანს და მას კვლავ დიდებულს გახდის, მაგრამ როგორც ვხედავთ ჯერ-ჯერობით თუ ვინმე ზარალობს პირველ რიგში ეს ამერიკული კომპანიები და ამერიკის მოსახლეობაა. ჩინეთმა უკვე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტს და სარკისებრი სატარიფო პოლიტიკით, 34%-იანი ტარიფები შემოიღო ამერიკულ იმპორტირებულ საქონელზე. საპასუხო ქმედებებისთვის ემზადებიან ევროკავშირშიც. კანადის მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად, რომლებიც აშშ-ს ტურისტული ინდუსტრიის 70%-ზე მეტს შეადგენენ, უარი თქვეს შტატებში მოგზაურობაზე. ამერიკულ სასტუმროებში ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმებულია. კანადელები ასევე უარს ამბობენ ამერიკულ სპირტიანი სასმელებისა და ავტომობილების მოხმარებაზეც. რაც უარყოფითად იმოქმედებს შტატებში სამუშაო ადგილების რაოდენობაზე, შესაბამისად დასაქმებულების შემოსავლებზე, მსყიდველობითუნარიანობასა და ფასებზე. ასე მაგალითად Apple-ის ტელეფონის სხვადასხვა ნაწილები — ეკრანები, პროცესორები, კამერები და სხვა კომპონენტები — მოდის კორეიდან, იაპონიიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან. თუმცა, საბოლოო აწყობა და ტესტირება უმეტესად მაინც ჩინეთში ხდება, რაც ხდის მას ერთ-ერთ მთავარ ჰაბად აიფონის მასობრივ წარმოებაში. ჩინეთში აწყობილი Apple-ის ტელეფონი ამერიკის მოქალაქეს გაუძვიდება ორჯერ 34%-ით. პირველად, როცა აიფონის საწარმოებლად საჭირო ტექნოლოგიები და ნაწილები აშშ-დან ჩინეთის ტერიტორიაზე შევა და მეორედ, როცა მზა პროდუქცია ამერიკის მაღაზიების დახლებზე მოხვდება, როგორც იმპორტირებული პროდუქტი ჩინეთიდან.

საკმაოდ რთულია ერთი სტატიის ფორმატში სრულად განვიხილოთ დონალდ ტრამპის ქმედებები რა გავლენას მოახდენს აშშ-სა და მსოფლიო ეკონომიკის მომავალ ბედზე, მაგრამ დავუბრუნდებით იმ საკითხს რითიც დავიწყეთ ჩვენი პუბლიკაცია. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებები არის, არა მხოლოდ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO), არამედ მსოფლიოს იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის დასასრულის დასაწყისი, რა ფორმითაც სამყარო ბოლო თითქმის ერთი საუკუნეა არსებობდა. ეს შესაძლოა მოსალოდნელიც იყო. მუდმივი არაფერია. როგორც ჩინელები იტყვიან: „ორჯერ ერთი და იგივე მდინარეში შესვლა შეუძლებელია”. იცვლება სამყარო, განსაკუთრებით ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ციფრულ ეპოქაში. შესაბამისად ახალი მოცემულობა ახალ მიდგომებს მოითხოვს, ამიტომ კითხვები ბევრია. შესაძლოა ეს დოლარის უპირატესობის ეპოქის და მასთან ერთად დღეს არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციის დასასრულიც იყოს? შედეგად საერთაშორისო ურთიერთობებში „რეალპოლიტიკის” უკან დაბრუნება ეს პასუხია ახალ გამოწვევებზე (პოლიტიკურ დღის წესრიგში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე საუბარი შემთხვევით არ ხდება) და შესაძლოა ეკონომიკური ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყების მოლოდინში უკვე ვიმყოფებით? შესაძლოა, პირიქით მიმდინარე პროცესების მიზეზი უფრო ბანალურ ხასიათს ატარებდეს და უბრალოდ გაურკვეველ გარემოში (კრიზისისა და პანიკის გამო) მსგავსი ქმედებები პოლიტიკური ელიტების საპასუხო რეაქციის შედეგი იყოს? ამას ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

მაგრამ შემთხვევითობას თუ გამოვრიცხავთ და დონალდ ტრამპის განცხადებებს გავიხსენებთ კრიპტოვალუტის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით, შეგვიძლია დაშვება გავაკეთოთ, რომ ვუდრო ვილსონის მსგავსად, მის ქმედებების უკანაც ახალი თაობის ამერიკელი ბიზნესმენების გარკვეული ჯგუფის ინტერესები იკვეთება. სულ გაურკვევლობაში ყოფნას, მსგავსი ჰიპოთეზის მხედველობაში მიღებით, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში რაღაც ლოგიკის დანახვას მაინც შევძლებთ.

ამ შემთხვევაში, რჩება მხოლოდ ორი ვარიანტი, რაც დონალდ ტრამპის ქმედებებს მოჰყვება, ან მართლაც შეძლებს „ეკონომიკური რევოლუცია“ მოახდინოს და ახალ სოციალურ-ეკონომიკურ ფორმაციას სათავე დაუდოს ან, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, იგი „მონროს დოქტრინის“ საფუძვლებს ვერ გაცდება და აშშ-ს უკან, მე-19 საუკუნეში დააბრუნებს.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რეჟიმის შიგნიდან ჩამოშლა დაწყებულია. მას ვერაფერი გააჩერებს” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, ხელისუფლების სხვადასხვა...

“ნუ იმალებით ერეკლეს პორტრეტის უკან! რა საერთო გაქვთ მასთან?! ერეკლე მტერს ებრძოდა – ქვეყანას...

პაატა მანჯგალაძე კონკრეტული ფაქტების გახსენებით და შეფასება-მინიშნებებით "ქართულ ოცნებას"...

“კაცი, რომელსაც ეგონა, რომ ცას ჩამოხსნიდა – მოხსნეს და შემდეგ დანიშნული არ იყო, რომ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე "ქართული ოცნების"...