spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების...

“სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა” – ირაკლი ღარიბაშვილი

მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში ვრცელ წერილს აქვეყნებს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ქვეყანაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით:

მეგობრებო, ალბათ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს, რა ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც საქართველოში თავისი ავანტურისტული ჩამოსვლა დაგეგმა.

ვერსია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ ძალაუფლების დაბრუნების წყურვილმა, ეგოიზმმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე ეჭვიანობამ სძლია და ყურადღების ცენტრში მოსაქცევად, შეგნებულად ჩაჯდა ციხეში.

ზოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადატრიალების განზრახვით დაბრუნდა, რის წარმატებაშიც ღრმად იყო დარწმუნებული. საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა.

მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ.
რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიებს.

ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ. ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა.

ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი.

შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა.

აქვე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს.

ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ რა აძლევდა სააკაშვილს წარმატების იმედს. რჩება უკმარისობის განცდა სააკაშვილის ჩამოსვლის ლოგიკური მიზეზის ძიებისას.

ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს უახლოეს ისტორიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მათივე წარსულ გამოცდილებაში უნდა ვეძიოთ.
ყველას კარგად გვახსოვს, რომ საქართველო იყო პირველი მერცხალი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში. იყო დიდი ენთუზიაზმი, მაგრამ არ გვეყო გამოცდილება და დამოუკიდებლობის მიღებიდან მალევე პირველი პრეზიდენტი მოვკალით. ამის შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა უკვე ასაკში შესული შევარდნაძე, რომლის პრეზიდენტობის დროსაც, მათ შორის მხედრიონის აღვირახსნილობისა და ზღვარგადასული კორუფციის გამო, სახელმწიფო სრულიად დაკნინებული იყო. ამ ფონზე, 2003 წელს, იმუნიტეტდაქვეითებულ ქვეყანაში სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალაუფლება ხელისუფლების გადატრიალების გზით, ქვების სროლით იოლად მოიპოვა. სახელმწიფო და ინსტიტუტები იმდენად იყო დაკნინებული, რომ შევარდნაძე უკვე პირადი უსაფრთხოების სამსახურსაც კი ვეღარ აკონტროლებდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის მანძილზე ქვეყანას ყველანაირი უბედურება დააწია. ისინი ყველაფრის უფლებას აძლევდნენ თავს, ჩაიდინეს უამრავი დანაშაული, მათ შორის მიიტაცეს თითქმის ყველა მედიასაშუალება, რაც მათ ყველა წარუმატებლობის წარმატებად წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევდა. სააკაშვილი საკუთარ თავს უმღეროდა „მიშა მაგარიას“ და თავისი სიცრუე თავადვე დაიჯერა. სინამდვილეში კი, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ხელმოცარული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც არაფრის სწორად დაგეგმვა და მართვა არ შეუძლია. სწორედ ამაშია ძაღლის თავი დამარხული. სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა და ხელისუფლების გადატრიალება ზუსტად ისეთივე „წარმატებით“ დაგეგმა, როგორი „წარმატებითაც“ თავის დროზე ქვეყანას მართავდა. ასეთია მისი გუნდიც, „ნაციონალური მოძრაობაც“ და სწორედ ამიტომ იქცა მათი 9-წლიანი სახელისუფლო და 9-წლიანი ოპოზიციური საქმიანობა წარუმატებლობის 18-წლიან ისტორიად.

ამასთან, მათ ვერც ის გაითვალისწინეს, რომ 2003 წლის დაკნინებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად, დღეს მათ კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ინსტიტუტები დახვდათ. ეგონათ, რომ მარტივად შეძლებდნენ გეგმის განხორციელებას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ისინი თავისივე სიცრუის მსხვერპლი გახდნენ. უკვე წლებია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პროპაგანდისტული პარტიული ტელევიზიები ცდილობენ დაამკვიდრონ ყალბი აღქმა „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ შესახებ და ეს ტყუილი, აშკარაა, რომ თავადვე დაიჯერეს. სინამდვილეში, „ჩამოშლილი სახელმწიფოს“ ნაცვლად, სააკაშვილს საქართველოში კარგად ორგანიზებული სახელმწიფო სისტემა დახვდა.

სწორედ ამ ყველაფრით აიხსნება სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის რადიკალური ცვლილებაც ციხეში შესვლამდე და ციხეში შესვლის შემდეგ – გაღიმებული შევიდა ციხეში და ახლა არაფერი ადარდებს გარდა იმისა, რომ როგორმე ციხიდან გამოვიდეს,” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უნდა პოლიტიკას მიაბას ამ საწყალი ხალხის პრობლემა” – ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კონკრეტულ...

“კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი”...

მიტროპოლიტ იობისთვის თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით...

მიხეილ სააკაშვილი: “საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა”

მმართველი გუნდის მიერ ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“ჩასარეცხად გამზადებული კობახიძე თავისი მოკლე ჭკუით, ალიბს იქმნის მოხსნის წინ…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი, სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური...

“ასეთი ამჩემფეხება და თავკერძა თანამოქალაქეების ეპოქაში რატომ მომიწია ცხოვრება, სულ ამას ვფიქრობ” – გოჩა...

თავისი გადასახედიდან, ქართულ რეალობას აღწერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში,...

“უძლეველი პუტინის” მეხოტბეები როგორ არიან ?!😃😃😃” – თაკო ჩარკვიანი

9 მაისის მოსკოვში აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით გაჩენილი საყურადღებო რისკებისა...