ვენეციის კომისიის დასკვნას სოციალური ქსელიდან ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი:
“16 აპრილს ცნობილი გახდა ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის წესის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.
დასკვნაში ასახული რეკომენდაციების ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის შემცირება; მოსამართლეთა ეტაპობრივი დანიშვნა), ამიტომ ისინი ორგანულ კანონში ვერ აისახება; რეკომენდაციების ნაწილი გვთავაზობს იმავე ვენეციის კომისიის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემული რეკომენდაციისაგან განსხვავებულ მოწესრიგებას (2013 წელს კომისიამ ჩათვალა, რომ ღია კენჭისყრის შეცვლა ფარული კენჭისყრით პროგრესული და მისასალმებელი ცვლილება იყო; დღეს კი, რატომღაც, კომისია ფიქრობს, რომ ფარული კენჭისყრა ცუდია).
განსაკუთრებით უცნაურია რეკომენდაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი აირჩიოს მოქმედმა პარლამენტმა, დანარჩენი კი აირჩიოს 2020-2024 წლების მოწვევის პარლამენტმა. განა ეს პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებს?
აქამდე ვიცოდი, რომ ვენეციის კომისია მხოლოდ სამართლებრივი ექსპერტიზისათვის შექმნილი ინსტიტუტი იყო და დროის ცვლილება არ აისახებოდა მისი დასკვნების შინაარსზე ![]()
თუ ფარული კენჭისყრა უნდა შენარჩუნდეს, მაშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა დასაბუთება შეუძლებელია: რანაირად უნდა აიძულო საბჭოს წევრი – ღიად გამოთქვას აზრი, თუ რატომ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი კანდიდატს, ეს ხომ ფარულობას დაარღვევს?
ასევე ალოგიკურია, გასაჩივრდეს საბჭოს გადაწყვეტილება კანდიდატის ნომინირების შესახებ, ის ხომ შუალედურია; მაშინ პარლამენტის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება რატომ არ საჩივრდება?
და ბოლოს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა კატეგორიული მოთხოვნაა – კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 1-ლი და მე-2 ინსტანციების მოსამართლეობისათვის კანონით ეს აუცილებელი მოთხოვნაა, მითუფრო ის აუცილებელი უნდა იყოს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლისათვის, როგორც კვალიფიციურობის დამადასტურებელი ობიექტური განმსაზღვრელი!”

