ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

7 წლის შემდეგ პარლამენტის სესია თბილისში გაიხსნა

IX მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია, რეგლამენტით დადგენილი წესით (შეტანილი ცვლილებების შესაბამისად), ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ პირველად ჩატარდა (გაიხსნა) თბილისში მდებარე სასახლეში.

“პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე წარვდგები პარლამენტის 2018 წლის ანგარიშით და ვისაუბრებ 2019 წლის გეგმებზე. ამ ტრადიციით, რომელსაც ჩავუყარეთ საფუძველი, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა უკეთ გაეცნოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას” – პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელებული კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ამ მიმართულებით, 2018 წელი ნაყოფიერი იყო.

“ამ პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 705 კანონი, მათ შორის, 294 ინიცირებული იყო პარლამენტის შესაბამისი სუბიექტების მიერ. თუმცა, დღეს ამ დარბაზში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვინ იყო ამა თუ იმ კანონპროექტის წარმდგენი, მთავარია, რომ თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანის სულისკვეთებით” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების კვალდაკვალ, უწინდებურად რჩება ქართული სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტად“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ

ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ გამოწვევის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის საქართველოს სახელმწიფო სერვისებისა და განათლების პროგრამების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ასევე, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ საზოგადოებასთან მათ ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას ემსახურება.

საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა განათლების სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, პარლამენტი, ტრადიციულად, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ კი ისაუბრა სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმებასა და ზოგადი უნარების გამოცდის არჩევითობაზე.

მისი განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯით დარტყმა მიადგა განათლების რეფორმის, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმის მნიშვნელოვან ფუნდამენტს, რომელსაც თავისი ხარვეზები ჰქონდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ემსახურება არსებული ხარვეზების გამოსწორებას. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში იგი აპირებს საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებას, რომლითაც ზოგადი უნარების ტესტი სავალდებულო გახდება კანონის დონეზე.

ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრი, პარლამენტი თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი, თავის განცხადებაში, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების ფაქტს შეეხო და აღნიშნა, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებაზე იმუშავებს.

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოვიდა ინიციატივით, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. ფრაქციამ აღნიშნული მოთხოვნა უკვე დაარეგისტრირა პარლამენტში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული