შაბათი, აპრილი 20, 2024

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს – “ვებსკოლას” იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრო აბიტურიენტებისათვის ახალ პროექტს, „ვებსკოლას“ იწყებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვებინარების ჩატარება, რომელსაც პრაქტიკოსი მასწავლებლები ყველა საგანში ჩაატარებენ. სამინისტროს განცხადებით ეს პროექტი ხელს შეუწყობს აბიტურიენტებს ახალი ცოდნის შეძენასა და ცოდნის განმტკიცებას. ასევე დაეხმარებათ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების მომზადებაში:

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს „ვებსკოლას“ იწყებს, რომელიც მათ მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს.
პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა https://el.ge/-ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.

ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის 4 მაისიდან იწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს 2 მაისიდან შეეძლება.

რეგისტრაციის მარტივი ფორმა ვებგვერდზე https://el.ge/, ვებინარების ბლოკში უკვე განთავსებულია. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ვებინარის აუდიო ჩანაწერი შეინახება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
გარდა ამისა, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც განიხილება და გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას.

პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისა და„ტელესკოლის“ დანერგვის შემდეგ ახალი პროექტი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში გაუწევს დახმარებას.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდა დაევალა. სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები.

ვებინარები იხილეთ ბმულზე: https://el.ge/webinars,“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული