პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” განცხადებას ავრცელებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობასა და 28 ნოემბერს დაგეგმილი პროდასავლური პარტიების ერთობლივ აქციასთან დაკავშირებით:
“ქართველი ხალხის ერთწლიანმა მტკიცე და გაბედულმა ბრძოლამ აჩვენა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სამართლიან, უსაფრთხო, თავისუფალ და ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას.
ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს საქართველოს ევროინტეგრციის გზა ჩახერგოს, მოგვაქციოს სრულ იზოლაციაში და ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით ზურგი აქციოს დასავლეთს.
“სტრატეგია აღმაშენებელი”, ისევე როგორც მთელი საქართველო, დგას ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის სადარაჯოზე.
ჩვენი თანმიმდევრული ბრძოლა ვერ შეაჩერა ვერც ლიდერების უსამართლოდ დატყვევებამ, ვერც შეთითხნილი ბრალდებით ხანგრძლივი ციხის მუქარამ.
ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, აბსურდული ბრალდებით მრავალწლიანი პატიმრობის მუხლით ცდილობს ივანიშვილი პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ნეიტრალიზებას. ასევე რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრობაშია ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე, მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე და საქართველოს გამარჯვებამდე.
პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” აგრძელებს ბრძოლას ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისა და ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებისთვის.
ამ მიზნის მისაღწევად, “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი უერთდება 28 ნოემბერს დაგეგმილ პროდასავლური პარტიების ერთობლივ აქციას და აქტიურად ჩაერთვება ყველა ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი ხალხის ნების აღსრულებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

